საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ კამპანიამ ქვეყანა პრემიერის და მთავრობის გარეშე შეიძლება დატოვოს

18 ოქტომბერი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს, სამოქალაქო აქტიურობის მორიგი მაგალითი და არსებული გამოწვევები საფუძვლიანად შეაფასონ.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. მნიშვნელოვანია ის მყისიერი სამართლებრივი რეაგირებები, რომელიც ცალკეულ საარჩევნო ოლქებში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით გამოვლინდა. მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურიც, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების არსებობაზე მიუთითებს და პასუხისმგებლობას ხალხსა და ხელისუფლებას შორის წარმოშობს. ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნების მეორე ტურიც, რომელიც 30 ოქტომბერს ჩატარდება, ჩაივლის მშვიდ გარემოშო, ხოლო საარჩევნო ოლქები, სადაც შესაძლებელია პროცესები კვლავ დაძაბულ რეჟიმში ჩაიაროს, თავიდანვე მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, ვინაიდან მოქალაქეების საარჩევნო ხმის მიცემის უფლება იქნეს დაცული და გარანტირებული.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აქცენტს აკეთებს ფინანსურად ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციების და არჩევნებში წარუმატებელი პარტიების ზოგიერთი წარმომადგენლების განცხადებებზე, რომელიც მიმართულია მოსახლეობის მიმართ ირიბ თუ პირდაპირ მოწოდებასთან, არჩევნების მეორე ტურში, მოქალაქეებმა მხარდაჭერა არ გამოხატონ მმართველი პოლიტიკური პარტიის მიმართ კონსტიტუციური უმრავლესობის მიღების საშიშროებით. მიგვაჩნია, რომ ასეთი პროპაგანდა წარმოადგენს ამომრჩევლების თავისუფალ ნებაზე გავლენის მოხდენის ღია მცდელობას და ცალსახად ემსახურება არჩევნების მეორე ტურში გადასული საპარლამენტო ოპოზიციის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს. საკითხის ფართო გაგებით, მნიშვნელოვანია საზოგადოება ფლობდეს ინფორმაციას, თუ რა შედეგები შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო უმრავლესობის საშიშროებით მოქალაქეები მხარდაჭერას საპალამენტო ოპოზიციას გამოუცხადებს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, „საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის ვადაში წამოაყენებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას“. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმადაც, პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტად მიიჩნევა პარტია, რომელმაც პროპორციული სისტემით, ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ამჟამად, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე საარჩევნო სუბიექტია, თუმცა პირველი ტურის შედეგებით, მმართველ პარტიას არ აქვს საპარლამენტო უმრავლესობაც და არსებობს მოლოდინი საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნასთან მიმართებით, მაგრამ თუკი მეორე ტურში აღმოჩნდება, რომ მმართველი პოლიტიკური პარტიის კანდიდატებზე მეტი მხარდაჭერა მიიღო საპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა (ფაქტის დაშვება), საზოგადოება აღმოჩნდება რეალობის წინაშე, როდერსაც საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია წარადგენს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, თუმცა ვერ მიიღებს მხარდაჭერას, ხოლო ოპოზიციური საპარლამენტო უმრავლესობის (ფაქტის დაშვება) მხრიდან დასახელებული პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას მხარდაჭერის მიუხედავად, არ ექნება ლეგიტიმური ძალა, რაც ქვეყანაში გამოიწვევს პოლიტიკურ კრიზისს და შესაძლო ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობას.

ორგანიზაცია მოუწოდებს სამართლის სპეციალისტებს, კონსტიტუციონალისტებსა და ექსპერტებს, აღნიშნულთან დაკავშირებით, ფართო დისკუსია გაიმართოს. მხოლოდ მოქალაქეების ნებაზეა დამოკიდებული, ქვეყანას ეყოლება საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ რომელი პოლიტიკური პარტია იქნება აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების მმართველობაში. შესაბამისად, აუცილებელია, პატივი ვცეთ საზოგადოების არჩევანს და გადაწყვეტილებებს.



კომენტარები