„ახალგაზრდა ადვოკატების“ დახმარებით, პირს 1991-1996 წელს მიღებული განათლება დაუდასტურდა და დიპლომი აღუდგა

10 ოქტომბერი, 2026

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2025 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება პირის მიმართ ლიკვიდირებულ/საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი. სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ორგანიზაციამ არქივში დაცულ მასალებში ლიკვიდირებულ, საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში ყოფილი სტუდენტის სწავლის დამადასტურებელ ჩანაწერებს მიაგნო. განცხადებას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, 2025 წლის 6 აგვისტოს, მოქალაქე ეკატერინე ჩ.-მ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს და აღნიშნა, რომ 1991-1996 წლებში, სავაჭრო საქმიანობის მენეჯერის პოზიციაზე სწავლობდა თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში - „იბერია“.  შესაბამისად, მოქალაქემ მოითხოვა მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება და დაკარგული დიპლომის აღდგენა. ცენტრის მიმართ უნივერსიტეტის საარქივო დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელი პირის მხრიდნა გაცემული წერილობითი ინფორმაციით მიეთითა, რომ ეკატერინე ჩ.-ს შესახებ რაიმე დოკუმენტი არ იძებნებოდა. შესაბამისად, მას უარი ეთქვა მიღებული განათლების აღიარებაზე, რაც გასაჩივრებული იქნა სასამართლო წესით.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ჩართულობით, მოკვლეული და მოძიებული იქნა სხვადასხვა სახის მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდნენ ეკატერინე ჩ.-ს დასახელებულ სასწავლებელში სწავლების გარემოებებზე. ამასთან, მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა არქივში დაცული დოკუმენტაციის მოძიებისა და წარმოდგენის მიმართულებით, რომლის შედეგადაც, შესაძლებელი გახდა აღმოჩენილიყო 1996 წლის საგამოცდო კომისიის ოქმი. აღნიშნული ოქმით დადგინდა, რომ დიპლომი გაცემული იქნა, მათ შორის ეკატერინე ჩ.-ს მიმართაც, რითაც, ასევე მტკიცდებოდა მოქალაქის დასახელებულ სასწავლებელში სწავლებისა და 1991-1996 წლებში მიღებული განათლების არსებობის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2025 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება პირის მიმართ ლიკვიდირებულ/საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, ისე, რომ დასაბუთებული ეგზემპლარი პროცესის მონაწილე მხარეებს არ გადასცემიათ, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და ეკატერინე ჩ.-ს მიენიჭა ეკონომისტის კვალიფიკაცია, დაუდასტურდა მიღებული განათლება და გაიცა დიპლომი.

ცნობისთვის: მხარემ სარჩელით სასამართლოს 2025 წლის დეკემბერში მიმართა. თავდაპირველად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა, სარჩელი არ ცნო. ცენტრს, აგრეთვე დაეკისრა სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯები. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე: ირინა გოგოლაძემ მიიღო. მოსარჩელის ინტერესები საქმეზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა და უფროსმა იურისტმა ანი კესარელმა წარმოადგინეს, ხოლო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს მარიამ ქავთარაძე წარმოადგენდა.



კომენტარები