სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყინწვისის ოპერაციის დაზარალებულები მორალურ ზიანს მიიღებენ

7 ოქტომბერი, 2026

2026 წლის 7 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის სახით, სახელმწიფოს ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს უკანონოდ დაპატიმრებული და დაზარალებულად ცნობილი პირების სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება დაკისრათ. განცხადებას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს, რომელიც საერთო სასამართლოებში დაზარალებულ პირთა ინტერესებს წარმოადგენს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სასამართლომ გაიზიარა მომჩივანი მხარის მოთხოვნა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ მორალური ზიანის დაკისრების მოთხოვნით. კერძოდ, მოსარჩელეებს: მიხეილ მაისურაძეს, მამუკა ბესელიას, ბადრი ჩიგოგიძესა და ირაკლი ჩარბაძეს დაუკმაყოფილდათ მორალური ზიანის ნაწილში სახელმწიფოს მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნა. სასამართლომ არ გაიზიარა მატერიალური ზიანის ნაწილში, როგორც მიხეილ მაისურაძის, ასევე კიდევ ერთი მოსარჩელის - თეიმურაზი ცამბაიას უფლებამონაცვლე ნათია მიქაძის მოთხოვნა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდება. ამასთან, ვინაიდან თეიმურაზ ცამბაია გარდაიცვალა, მის უფლებამონაცვლეს იურიდიულად შეეზღუდა მორალური ზიანის მოთხოვნის უფლება.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ 2011 წლის მაისში, ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის შედეგად, პოლიტიკური ნიშნით უკანონოდ დაკავებულ და ბრალდებულ პირებს, რომელთა მიმართაც, სახელმწიფომ აგრეთვე განახორციელა წამება და არაადამიანური მოპყრობა. 2011 წლის 26 მაისს, თბილისში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების ფონზე, ყინწვისის მონასტერთან ჩატარებული ე.წ. სპეცოპერაცია იყო პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რომლის დროსაც სამართალდამცველებმა უკანონოდ დააკავეს 24 ადამიანი და მათ შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების მომზადება ბრალად დადეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაშინ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს დააკავეს შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას. რეალურად, დაკავების ოქმები და დოკუმენტები მეორე დღეს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში უკანონოდ გაფორმდა. დაკავებულებსა და ადგილზე მყოფ სასულიერო პირებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავებულებს სხვადასხვა ვადით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა.

2012 წლის 5 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის დადგენილებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირთა შესახებ. მოსარჩელეები საქართველოს პარლამენტმა ცნო პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირებად.

2021 წლის 24 თებერვალს, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის დადგენილებით, მოსარჩელეები: თეიმურაზი ცამბაია, მიხეილ მაისურაძე, მამუკა ბესელია, ბადრი ჩიგოგიძე და ირაკლი ჩარბაძე, მათ მიმართ დამდგარი მორალური და ფიზიკური ზიანის გამო, ცნობილი იქნა დაზარალებულად. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით („ნიკოლოზ გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი: N40009/12) ეროვნული ხელისუფლების მიერ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, რამაც გამოიწვია როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ასევე პროცედურული ნაწილის დარღვევები. საქმეზე სისხლის სამართლის ახალი გამოძიების შედეგად, გამოიკვეთა ახალი მტკიცებულებები, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელეების მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელეების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები ემყარებოდა კანონის დარღვევით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებს.

საქართველოს პროკურატურამ დაადგინა, რომ მოსარჩელეების უკანონო დევნით არსებითად შეილახა მათი რეპუტაცია, იმიჯი და მოხდა საზოგადოებაში დისკრედიტაცია, რამაც თითოეული მათგანის მიმართ, გამოიწვია პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლების არსებითი დარღვევა. ახალი გამოძიებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სრულ წინააღმდეგობაში მოვიდა მოსარჩელეების ბრალდების დადგენილებაში და განაჩენებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან. დადასტურდა, რომ სამართალდამცავი ორგანოების ცალკეულ თანამშრომლებს მოსარჩელეებთან მიმართებით ამოძრავებდათ არა სამართლებრივი, არამედ სხვა ტიპის ინტერესები. შესაბამისად, მოსარჩელეებს მიადგათ მორალური და ფიზიკური სახის ზიანი, რის გამოც, დასახელებული პირები, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ჯერ დაზარალებულებად ცნო, საქმის გადახედვის მოთხოვნით მიმართა სასამართლოს და შედეგად, 2021 წლის 2 თებერვლის, ასევე 2022 წლის 23 სექტემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენებით, მოსარჩელეები მიმართ უკანონო განაჩენები გაუქმდა და პირები უდანაშაულდო იქნენ ცნობილი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ უდანაშაულოდ ცნობილ პირებს წარმოეშვათ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. საერთო ჯამში, სახელმწიფოს მორალური ზიანის, სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების სახით მოსარჩელეების მიმართ 115,245 ლარის გადახდა დაეკისრა.

ცნობისთვის: მოსარჩელეებმა სასამართლოს 2023 წლის აგვისტოში მიმართეს. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე: დავით წერეთელმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ გამამართლებელი განაჩენებით მოსარჩელეების უფლებრივი მდგომარეობა სრულად იქნა აღდგენილი. მოსარჩელეების ინტერესები საქმეზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა წარმოადგინა, ხოლო საქართველოს გენერალური პროკურატურის პოზიციას სასამართლოში იურიდიული სამმართველოს პროკურორი ბაქარ შიოშვილი წარმოადგენდა.

საერთო სასამართლოების წარმოებაშია ორგანიზაციის კიდევ ერთი ანალოგიური საქმე, რომელიც  ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაზარალებული რვა პირის წინაშე მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას შეეხება.  



კომენტარები