2026 წლის 23 სექტემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ბიზნესმენ მამუკა სხვიტარიძის კომპანია „ტრანსკავკასიის კრისტალის“ მოთხოვნა ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშსა და მის კომპანია „ბიზონს“ სოლიდარულად დაკისრებოდა 1 მლნ 780 ათასს 704 ლარი, ასევე უძრავი ქონებისა და მიწის გადასახადის სახით - 45 ათასს 677.72 ლარი, არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშის მოთხოვნა და კომპანია „ტრანკავკასიის კრისტალის“ დაეკისრა 187 ათასს 902 ლარის გადახდა. სასამართლომ უარი უთხრა კომპანია „ბიზონს“ ქონებისა და მიწის გადასახადის სახით მამუკა სხვიტარიძის კომპანიის მიმართ 39.492 ლარის დაკისრებაზე. განცხადებას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს, რომელიც ნიაზ ხალვაშის კანონიერი ინტერესების დაცვას ახორციელებს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშსა და ბიზნესმენ მამუკა სხვიტარიძეს შორის წარმოშობილი ბიზნეს-დავები კომპლექსური მნიშვნელობის შემთხვევაა, რომელიც უკავშირდება აჭარაში, ქ. ბათუმში, ხელვაჩაურის სამრეწველო ზონაში, ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშის მილიონიანი საკუთრებისა და ბიზნესის უკანონოდ ჩამოერთვის საქმეს, რომელიც ამჟამად მამუკა სხვიტარიძის მფლობელობაშია. კერძოდ, ნიაზ ხალვაში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე 30022.00 მიწის ფართობს და მასზედ განთავსებულ 6971 კვ.მ შენობა-ნაგებობებს საკუთრების უფლებით ფლობდა 2010 წლის მდგომარეობით, ვიდრე სახელმწიფოს მხრიდან არ განხორციელდა პოლიტიკურად მოტივირებული უკანონო დევნა. შემდეგ, ნიაზ ხალვაშის ქონება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან ნატურით გადადის ს.ს. თიბისი ბანკის საკუთრებაში (24 დეკემბერი, 2010 წელი). ამ ფაქტიდან, დაახლოებით 4 თვეში, ნიაზ ხალვაშის ქონების დასაკუთრების ინტერესს გამოთქვამს ბიზნესმენი მამუკა სხვიტარიძე და მისი კომპანია - ჯერ შპს „ტრანსკავკასიის კრისტალი“, შემდეგ ასევე შპს „ბაზალტ ტრანსი“ და შპს „ტრანსკავკასიის ენერჯი“. სადავო უძრავი ქონება გადადის შპს „ტრანსკავკასიის კრისტალის“ მფლობელობაში (28 სექტემბერი, 2011 წელი). მამუკა სხვიტარიძე, კრედიტორული დავალიანების გამო, ქონებას კარგავს და აუქციონის გზით, 2017 წელს, ქონების შემძენი ხდება ნიაზ ხალვაშის კომპანია, თუმც 2022 წლის 14 ივლისის საქართველოს უზენაესი სასამართლოს უაღრესად საკამათო გადაწყვეტილებით, სასამართლო მამუკა სხვიტარიძის კომპანიას უკმაყოფილებს მოთხოვნას და ნიაზ ხალვაშის კომპანია კარგავს აუქციონის გზით შეძენილ ქონებაზე - დაბრუნებულ ბიზნესზე საკუთრების უფლებას. აღნიშნული გადაწყვეტილება პირველია ქართულ სამართლებრივ და ეკონომიკური ბრუნვის სტაბილურობის სისტემაში, რომელიც მნიშვნელოვან დარტყმის ქვეშ აყენებს კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტს და სამართლის განვითარების ან ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების მოტივით, იურიდიულ საფუძველს აცლის სააღსრულებლო წარმოებათა სანდოობას, საკუთრების უფლების დაცულობას, სამართლიანობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს.
ორგანიზაციის განცხადებით, ნიაზ ხალვაშის კომპანია „ბიზონის" მიერ აუქციონის წესით ქონების შეძენის დროს, უძრავი ნივთი გასხვისებამდე დატვირთული იყო საგადასახადო იპოთეკა/გირავნობით. შესაბამისად, შპს „ბიზონის“ მიერ განხორციელდა შპს „ტრანსკავკასიის კრისტალის“ საგადასახადო დავალიანების გადახდა, სულ გადახილი იქნა 187,902 ლარი, რომლის შემდგომ ანაზღაურებაზეც შპს „ტრანსკავკასიის კრისტალმა“ უარი განაცხადა. ამასთან, დგინდება, რომ შპს „ბიზონის“ მიერ 2017-2022 წლებში, მიწის გადასახადის სახით, სულ გადახდილი იქნა 25,218.45 ლარი, ხოლო ქონების გადასახადის სახით - 14,274.31 ლარი. მთლიანობაში, შპს „ბიზონის“ მიერ მიწისა და ქონების გადასახადის სახით, გადახდილი იქნა 39,492.76 ლარი, რომლის დაკისრებაც კომპანიამ მოითხოვა შპს „ტრანსკავკასიის კრისტალის“ მიმართ, თუმც ამ ნაწილში უცნობია სასამართლოს მოტივაცია, თუ რატომ არ იქნა გაზიარებული მოთხოვნა.
რაც შეეხება მამუკა სხვიტარიძის კომპანიის მოთხოვნას, ნიაზ ხალვაშსა და მის კომპანია „ბიზონს“ სოლიდარულად დაკისრებოდა 1 მლნ 780 ათასს 704 ლარი, ასევე უძრავი ქონებისა და მიწის გადასახადის სახით - 45 ათასს 677.72 ლარი, დაეფუძნა მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნას და ზიანის საფუძვლებს, თუმც სასამართლომ არგუმენტაცია არ გაიზიარა. შპს „ტრანსკავკასიის კრისტალი“ აღნიშნავდა, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო 2017 წლის აპრილიდან უძრავი ნივთის მფლობელობის ხელშეშლის სრულ შეწყვეტამდე, ყოველთვიურად 16,488 ლარის ოდენობით, რაც მოთხოვნის სასამართლოში წარმოდგენის მომენტისთვის შეადგენდა 1 მლნ 780 ათასს 704 ლარს. მხარემ სასამართლოს წარუდგინა მოთხოვნის გამომრიცხველი მტკიცებულებები და არგუმენტაცია. შესაბამისად, მამუკა სხვიტარიძის კომპანიის დასაბუთება სასამართლოს მხრიდან არ იქნა გაზიარებული.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ მართალია, მამუკა სხვიტარიძე უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთზე მესაკუთრის უფლებას ინარჩუნებს, თუმც კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ ცნობაზე. აღნიშნულ ფართში შენობა-ნაგებობაზე მფლობელობა გააჩნია ნიაზ ხალვაშს და მის მიერ დაფუძნებულ კომპანია - შპს „ბიზონს“. შესაბამისად, შექმნილია სამართლებრივი მდგომარეობა, როდესაც საკუთრებასთან მიმართებით სახეზეა საზიარო უფლება. სწორედ ამ რეალობის ძალადობრივი მეთოდებით შეცვლის მიზანს წარმოადგენდა 2026 წლის 21 აპრილიდან - დღემდე მამუკა სხვიტარიძის მოქმედებები და მართლსაწინააღმდეგო ქმედებები ნიაზ ხალვაშის მიმართ, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან (ხელვაჩაურის რაიონული სამმართველო) კონკრეტული რეაგირების გარეშეა დარჩენილი.
ცნობისთვის: საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ზვიად ესებუამ განიხილა. ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშისა და მისი კომპანიის ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ავდოკატების“ ხელმძღვანელი, ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენდა, ხოლო მამუკა სხვიტარიძისა და მისი კომპანიის ინტერესებს ყოფილი მოსამართლე: თამარ მეტრეველი და ადვოკატი გია ფოლადაშვილი. საერთო სასამართლოებში, ამჟამად ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშსა და ბიზნესმენ მამუკა სხვიტარიძეს შორის არაერთი სხვა დავაც მიმდინარეობს, რომელიც ინიცირებულია მამუკა სხვიტარიძის მხრიდან. 2026 წლის თებერვალში, ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გამოქვეყნებული იქნა კვლევა და სამართლებრივი ანალიზი, რომელიც დეტალურად გადმოსცემს ნიაზ ხალვაშის საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს. დოკუმენტი მიეწოდა აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას, ჟურნალისტურ კორპუსს, უფლებადამცველ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს.





