ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ აჭარაში მოქმედ დეველოპერულ კომპანია „ორბი ჰოლდინგის“ სამართალწარმოების საქმეებზე საერთო სასამართლოებში წარმომადგენლობით უფლებამოსილებას განხორციელებს. საჯარო ადვოკატირებიდან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გადაწყვეტილება ეფუძნება საქმეზე გამოკვეთილ უმნიშვნელოვანეს გარემოებებს, რომლიც უტყუარად ადასტურებენ, რომ კომპანია „ორბი ჰოლდინგის“ ყოფილი პარტნიორების მხრიდან კომპანიისა და მისი ამჟამინდელი მფლობელების წინააღმდეგ, დაიგეგმა და განხორციელდა მართლსაწინააღმდეგო და კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები, შეიქმნა ყალბი სამართლებრივი დოკუმენტაცია და წინასაწრი შეთანხმებით მოხდა კომპანიის და მისი მოქმედი მესაკუთრეების გაკოტრება, რასაც საფუძვლად დაედო შურისძიების მოტივი. განცხადებას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საზოგადოება კომპანია „ორბი ჰოლდინგის“ გაკოტრების საქმეზე დეტალურ ინფორმაციას უახლოესს მომავალში მიიღებს. ორგანიზაციამ 2025 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა სამართლებრივი შეფასება, მოხდა სანდო, გადამოწმებული და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მოპოვება, რაც იურიდიულ საფუძვლებს ქმნის სამართალწარმოების პროცესში შედეგზე ორიენტირებული საპროცესო მოქმედებებისთვის. ამასთან, საქმზე გამოიკვეთა გავლენის ჯგუფები, რომლებსაც პირდაპირი კავშირი და ზემოქმედების შესაძლებლობა ჰქონდათ სასამართლო სისტემის შიგნით კომპანია „ორბი ჰოლდინგის“ ინტერესების საწინააღმდეგოდ. ორგანიზაცია განმარტავს, რომ საერთო სასამართლოებში აქამდე არსებული ძალისხმევა დამდგარიყო კანონიერი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებები, უშედეგო აღმოჩნდა, ორგანიზაციის ჩართულობით და მისი გუნდის მონაწილეობით კი, არსებული გამოწვევები სრულად იქნება იდენტიფიცირებული და ახალ ფაქტებზე დაფუძნებით, კომპანია „ორბი ჰოლდინგი“ უნდა აღდგეს ქონებრივ და არაქონებრივ უფლებებში.
საქმის მასალების მიხედვით, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა შემდეგი გარემოებების შესახებ, რომ შპს „ორბი ჰოლდინგი“ 2017 წლის 31 ივლისიდან ბიზნესმენების: ჯემალ ბათაძისა და ომარ სირაბიძის გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე არსებული მიწის ნაკვეთების შეძენისა და საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მიზნით შეიქმნა.
კომპანიის პარტნიორებს შორის, 2019 წლის პირველ ნახევარში ჩამოყალიბდა რთული ურთიერთობები. კერძოდ, ჯემალ ბათაძის მხრიდან კომპანიის ახალი პარტნიორის - რომან სირაბიძის მიმართ ადგილი ჰქონდა დიდი ოდენობით თანხის მიღების მცდელობას. ჯემალ ბათაძემ სცადა რომან სირაბიძის დარწმუნება, რომ მიწის ნაკევთის სამშენებლოდ გამოყენებისთვის ქ. ბათუმის მერიაში შესათანხმებლად თითქოსდა საჭირო იყო ფინანსური უზრუნველყოფა, რაც რომან სირაბიძის მხრიდან არ იქნა გადახდილი. რომან სირაბიძის განმარტებით, ჯემალ ბათაძე მას არწმუნებდა, რომ ე.წ. „ფინანსური საჩუქრის“ გარეშე სამშენებლო ნებართვები არ გაიცემოდა, რასაც რომან სირაბიძე არ დასთანხმდა.
2019 წლის 26 ივლისის ქ. ბათუმის მერის ბრძანებით, შპს „ორბი ჰოლდინგის“ მოთხოვნა კანონმდებლობის სრული დაცვით დაკმაყოფილდა - კომპანიამ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება და სპეციალური (ზონალური) შეთანხმება მიიღო. რომან სირაბიძის განმარტებით, აღნიშნულმა ფაქტმა ჯემალ ბათაძის არაკეთილსინდისიერება თვალსაჩინო გახადა და ზემოაღნიშნული ქცევა ბიზნეს-პარტნიორის მხრიდან დიდი ოდენობით თანხის უსაფუძვლოდ მიღების მცდელობად შეფასდა, რამაც პარტნიორებს შორის დამოკიდებულებები შეცვალა.
2019 წლის 27 აგვისტოს, ამჟამად კომპანიაში სამი თანაბარწილის მქონე პარტნიორის პირობებში, ორი პარტნიორის: ჯემალ ბათაძის და როლანდ ხალვაშის მიერ მოწვეული იქნა კრება, რომლებმაც აღნიშნეს, რომ სურდათ კომპანიის საწესდებო კაპიტალში შენატანის უკან დაბრუნება. კომპანიის მაშინდელი დირექტორი დავით სირაბიძე განმარტავდა, რომ შპს-ს არ გააჩნდა თანხები პარტნიორთათვის უკან დასაბრუნებელი თანხის ასანაზღაურებლად. ამიტომ, კრებამ გადაწყვიტა ე.წ. უპროცენტო სესხის - 96,580 აშშ დოლარის ე.წ. აღება თურქეთის მოქალაქე, ჯემალ ბათაძესთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის - შენოლ დერიასგან. ამავე თარიღში, გაფორმდა და სანოტარო წესით დამოწმდა ე.წ. სესხის ხელშეკრულებაც. ამავე თარიღში, 2019 წლის 27 აგვისტოს კომპანიის პარტნიორმა როლანდ ხალვაშმა კომპანიასთან გააფორმა ე.წ. ხელშეკრულება, რომლითაც არარსებული იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ, კომპანია მას თითოქსდა საკუთრებაში გადასცემდა 400 კვ.მ საცხოვრებელ ფართს. ამ მოქმედებებიდან 2 დღეში, ჯემალ ბათაძის ნდობით აღჭურვილი შპს-ს დირექტორი ახალი დირექტორით შეიცვალა, რომელიც ჯემალ ბათაძის ინტერესებს აღარ გამოხატავდა. 2019 წლის 22 ოქტომბერს გაფორმებული იქნა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, კომპანიაში განხორციელებული ინვესტიციების პროპორციულად, ჯემალ ბათაძემ წილის დათმობის სანაცვლოდ მიიღო 99,501 აშშ დოლარი, ხოლო როლანდ ხალვაშმა 48,430 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა ყოფილ პარტნიორებს პირადად გადაუხადა მათი წილის ახალმა შემძენმა და კომპანიის დღევანდელმა მფლობელმა - რომან სირაბიძემ.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დგინდება შემდეგი - 2019 წლის 30 დეკემბერს, სრულიად მოულოდნელად, აღმასრულებლის წერილის საფუძველზე, შპს ორბი ჰოლდინგის“ ახალი მენეჯმენტისთვის ცნობილი გახდა, როგორც 2019 წლის 27 აგვისტოს ყოფილი პარტნიორების მხრიდან განხორციელებული მოქმედებების თაობაზე, ასევე ე.წ. სასესხო ვალდებულების გამო ე.წ. კრედიტორ შენოლ დერიას მიერ სააღსრულებლო წარმოების თაობაზე. შედეგად, აღსასრულებლად მიექცა კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ხოლო ქონების შემძენი გახდა კომპანიის ყოფილი პარტნიორის - როლანდ ხალვაშის ოჯახის წევრი - ძმა. ამასთან, თავის მხრივ, როლანდ ხალვაშის მიერ აღძრული იქნა თანხის დაკისრების სარჩელი, რომლითაც კომპანიის მხრიდან გადასაცემი 400 კვ.მ ფართის ღირებულების ანაზღაურებას მოიცავს. ამ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის და დავა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გრძელდება.
2025 წლის 7 ნოემბრის ბრიფინგზე, რომელიც ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინიციატივით გაიმართა, შპს „ორბი ჰოლდინგის“ მფლობელმა რომან სირაბიძემ განაცხადა, რომ ჯემალ ბათაძემ მიზნად დაისახა კომპანიის ფინანსური განადგურება და პირადი შურისძიება. კომპანიამ საკუთარი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით მიმართა სასამართლოს, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომან სირაბიძის განმარტებით, მასთან ჯემალ ბათაძის ნდობით აღჭურვილი პირი გამოცხადდა და აცნობა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში აღარ გაესაჩივრებინა. სამართლებრივი ბრძოლა უშედეგო აღმოჩნდებოდა. ჯემალ ბათაძეს გააჩნდა პირდაპირი კონტაქტები სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სასამართლოს ინსტანციური გადაწყვეტილებები ჯემალ ბათაძის მხრიდან ფინანსურად უზრუნველყოფილი იყო.
კომპანია „ორბი ჰოლდინგის“ დარღველი უფლების სამართალწარმოების პროცესს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების სახით უშუალოდ „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი უხელმძღვანელებს. ამასთან, „ახალგაზრდა ადვოკატები“ საზოგადოების წინაშე, უახლოესს ხანში, ცნობილს გახდის საქმის უცნობ და ახალ მტკიცებულებებს.





