საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და მმართველობითი ორგანოების არჩევნების პირველი დღე უხარვეზოდ ჩატარდა. ასოციაციის ადმინისტრაციამ საარჩევნო დღის სრულფასოვანი მენეჯმენტი უზრუნველყო, 600-ზე მეტმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრმა ადვოკატმა კი საერთო კრების ლეგიტიმაცია დაადასტურა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს, რომელიც პროფესიულ არჩევნებში სადამკვირვებლო უფლებამოსილებას ახორციელებს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ მაღალი გამჭვირვალობით შედგა დღის წესრიგითა და რეგლამენტით გათვალისწინებული ხმის დამთვლელი კომისიის წევრობის კანდიდატთა თვითნომინირება და ხმის დამთვლელი კომისიის წევრების არჩევა, რაც ღია კენჭისყრით, ელექტრონული პორტალის მეშვეობით განხორციელდა. ასოციაციის თავმჯდომარეობის არც ერთ ერთი კანდიდატის მხრიდან შედეგების მიმართ არ დაფიქსირებულა უნდობლობა. ამასთან, საერთო კრებაზე, ყოველგვარი ექსცესის გარეშე შედგა ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარის, ეთიკის კომისიისა და სარევიზიოო კომისიის 2025 წლის ანგარიშების წარდგენა, ისევე, როგორც თავმდჯომარეობის კანდიდატთა სიტყვით გამოსვლები. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საერთო კრების მიმდინარეობის შეუფერხებლად გაშუქების შესაძლებლობა ჰქონდა მასობრივი-საინფორმაციო საშუალებებს.
2025 წლის 14 დეკემბერს, საერთო კრება მუშაობას განაახლებს და უშუალოდ შედგება ასოციაციის თავმდჯომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრების არჩევნები. არჩევნები ჩატარდება ფარული კენჭისყრით და ხმების დათვლა სრულად აპარატების საშუალებით („PCOS” საარჩევნო ოპტიკური სკანერები) მოხდება, ხოლო თავმჯდომარის არჩევნების შედეგები, დამატებით ხმის დამთვლელი კომისიის მიერ კრებაზევე საჯაროდ, ხელით გადაითვლება. არჩევნების მთლიანი შედეგების გამოცხადება, დღის წესრიგის მიხედვით, 21:00 საათზე მოხდება.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მმართველი ორგანოების არჩევნებში საერთო ჯამში 126 კანდიდატია რეგისტრირებული. აქედან თავმჯომარეობის პოზიციაზე რეგისტრირებულია 6 კანდიდატი, აღმასრულებელი საბჭოს წევრად - 52, ეთიკის კომისიის წევრად - 44, ეთიკის კომისიის არა ადვოკატ წევრად - 9, ხოლო სარევიზიო კომისიის წევრად - 15 კანდიდატი.
კენჭისყრის შედეგად, ასოციაციის თავმჯდომარედ არჩეულად ჩაითვლება 1 (ერთი) საუკეთესო შედეგის მქონე ის კანდიდატი, რომელმაც „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიიღო დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობა. აღმასრულებელი საბჭოს წევრებად არჩეულად ჩაითვლებიან 11 (თერთმეტი) საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი, ეთიკის კომისიის ადვოკატ წევრებად არჩეულად ჩაითვლებიან 12 (თორმეტი) საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი, ეთიკის კომისიის არა ადვოკატ წევრებად არჩეულად ჩაითვლებიან 3 (სამი) საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი, ხოლო სარევიზიო კომისიის წევრებად არჩეულად ჩაითვლებიან 5 (ხუთი) საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.
ცნობისთვის: პროფესიულ არჩევნებს დააკვირდებიან 6 თავმჯდომარეობის კანდიდატის - 24 დამკვირვებელი და 11 არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციის - 22 დამკვირვებელი. დამკვირვებელს უფლება აქვს, პროცესისთვის ხელის შეშლის გარეშე, ხმის დამთვლელი კომისიის მიერ განსაზღვრული ზონის ფარგლებში, დააკვირდეს არჩევნების მიმდინარეობას. ვიდეო-აუდიო ჩანაწერების განხორციელება დასაშვებია, ისე რომ არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობა და ხელი არ შეეშალოს კრების მიმდინარეობის პროცესს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ დამკვირებელ ორგანიზაციად 2025 წლის 9 დეკემბერს დარეგისტრირდა. ორგანიზაციამ, ბოლო 5 წლის განმავლობაში, არაერთი შეფასება და მონიტორინგი გამოაქვეყნდა ეროვნული დონის არჩევენებთან დაკავშირებით. მათ შორის, სადამკვირვებლო უფლებამოსილებას ახორციელებდა პროფესიულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარებულ არჩევნებზე. ორგანიზაცია სადამკვირვებლო მისიას ახორციელებდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის და სარევიზიო კომისიის წევრების გასული პერიოდის არჩევნებზე. სადამკვირვებლო უფლებამოსილებას ორგანიზაციის სახელით: არჩილ კაიკაციშვილი და ანა კესარელი განახორციელებენ.





