რა თქმა უნდა, შეცვლილ პოლიტიკურ გარემოში, არც ერთი ასეთი საქმე სამართლიანობის გარეშე არ უნდა დარჩეს

5 ნოემბერი, 2025

სამართლიანობის აღდგენა შედგა, მაგრამ სამართლებრივი ბრძოლა სრულ შედეგამდე - გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ის პირდა გვერდზე დაწერა, რომლითაც რესტორან „ურმულის“ პირვანდელი მფლობელის - არსენ კუტალაძის ოჯახისთვის დაბრუნება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება შეაფასა.  

„ამ საქმეზე ყველამ ყველაფერი იცის. ზოგს-დრონის აფრენა არ მოსწონს და ზოგს - სამართლიანობის აღდგენა. როგორც უკვე ერთხელ ვთქვი, ეს საქმე მივა ბოლომდე! რა თქმა უნდა, შეცვლილ პოლიტიკურ გარემოში, არც ერთი ასეთი საქმე სამართლიანობის გარეშე არ უნდა დარჩეს“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა და მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობის გამო, მადლობა გადაუხადა საქმის განმხილველ მოსამართლეებს, მხარდაჭერისთვის საქმეზე ჩართულ კოლეგა ადვოკატებსა და ნდობისთვის არსენ კუტალაძის ოჯახს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებისთვის პირველადი შეტყობინების დროს განაცხადა, რომ არსებობდა „უთანასწორო“, „გავლენების მქონე რთული კატეგორიის“ დავა და შედეგებს „ისტორიული“ და „მნიშვნელოვანი გამარჯვება“ უწოდა. შემდეგ გაკეთდა სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე განცხადებაც, რომელსაც მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატი, თამარ გედევანიშვილიც გამოეხმაურა. თამარ გედევანიშვილმა არჩილ კაიკაციშვილს „სასამართლოზე ზეწოლის დიდოსტატი“ უწოდა, რასაც მალევე მოჰყვა არჩილ კაიკაციშვილის პასუხიც, რომ როცა თამარ გედევანიშვლმა პირველი ინსტანციის სასამართლო მოიგო, არსენ კუტალაძის ოჯახის ადვოკატი სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე არ შეჭრილა და მსგავსი კომენტარი არ დაუტოვებია. „ჩემი გავლენაა 20-თეთრიანი კალამი და პროფესია“ - პასუხობს არჩილ კაიკაციშვილი თამარ გედევანიშვილს.

ცნობისთვის: 2025 წლის 5 ნოემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, რესტორანი „ურმული“ პირვანდელი მფლობელის ოჯახს დაუბრუნდა. კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება რესტორნის წილის გასხვისების თაობაზე და გარდაცვლილი ბიზნესმენის, არსენ კუტალაძის მეუღლე მარინე წამალაიძე ცნობილი იქნა რესტორანი „ურმულის“ მმართველი კომპანიის „A.M.D”-ს 50%-იანი წილის მფლობელად და მესაკუთრედ. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს „რადამოტორს“, რომელიც მძიმე ტექნიკის სფეროში საქმიანობს, შპს „LTD NAN”-ის სასარგებლოდ დაეკისრა მომსახურების თანხის - 29,423.27 ლარის გადახდა. რაც შეეხება არსენ კუტალაძის სახსრებით შეძენილ საცხოვრებელ სახლს მისამართზე: ქ. თბილისი, ესმა ონიანის ქუჩა, სასამართლომ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ მნიშვნელობას ანიჭებდა სახლის შეძენის შემდეგ მშენებლობის პროცესს, რომელიც მერაბ კუტალაძის მხრიდან განხორციელებულ ღონისძიებად შეფასდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმე გია ბერაიამ (თავმჯდომარე), მერაბ ლომიძემ და ლაშა თავართქილაძემ განიხილეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა. არასრულწლოვანთა ინტერესები წარმოადგინა სასამართლოს მიერ დანიშნულმა საზოგადოებრივმა ადვოკატმა აკაკი ლომსაძემ. არსენ კუტალაძის ოჯახის ინტერესებს წარმოადგენდა ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, რომელიც საქმეზე სამართალწარმოებას 2022 წლის ივნისიდან ახორციელებს, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატი თამარ გედევანიშვილია. 



კომენტარები