სააპელაციო სასამართლომ არსენ კუტალაძის ოჯახი რესტორან „ურმულის“ 50%-იანი წილის მესაკუთრედ ცნო

5 ნოემბერი, 2025

2025 წლის 5 ნოემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, რესტორანი „ურმული“ პირვანდელი მფლობელის ოჯახს დაუბრუნდა. კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება რესტორნის წილის გასხვისების თაობაზე და გარდაცვლილი ბიზნესმენის, არსენ კუტალაძის მეუღლე მარინე წამალაიძე ცნობილი იქნა რესტორანი „ურმულის“ მმართველი კომპანიის „A.M.D”-ს 50%-იანი წილის მფლობელად. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს „რადამოტორს“, რომელიც მძიმე ტექნიკის სფეროში საქმიანობს, შპს „LTD NAN”-ის სასარგებლოდ დაეკისრა მომსახურების თანხის - 29,423.27 ლარის გადახდა. რაც შეეხება არსენ კუტალაძის სახსრებით შეძენილ საცხოვრებელ სახლს მისამართზე: ქ. თბილისი, ესმა ონიანის ქუჩა, სასამართლომ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ მნიშვნელობას ანიჭებდა სახლის შეძენის შემდეგ მშენებლობის პროცესს, რომელიც მერაბ კუტალაძის მხრიდან განხორციელებულ ღონისძიებად შეფასდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს. 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ 2011 წლის 13 აპრილის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით, შპს „A.M.D“-ს 100%-იანი წილის მფლობელად რეგისტრირებული იყო მხოლოდ არსენ კუტალაძე. აღნიშნული მონაცემი, სადავო გარიგებით, შეიცვალა მხოლოდ 2016 წლის 29 ივნისს, რა დროსაც, არსენ კუტალაძე მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების საფუძველზე, მეუღლესთან განქორწინების თანმდევი ქონებრივი დავის თავიდან არიდების მიზნით, სარესტორნო ბიზნესს აფორმებს ძმის - მერაბ კუტალაძის სახელზე. ამასთან, ამავე გადაწყვეტილებით, არსენ კუტალაძე იხსნის კომპანიაში დირექტორის უფლებამოსილებას და დირექტორად ინიშნება მერაბ კუტალაძე. შპს „A.M.D“-ს 100%-იანი წილის ქვეშ მოქმედი რესტორანი შედგება, როგორც შენობა-ნაგებობებით, ასევე და შპს-ს საკუთრებაშია 1904.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთი, რომელიც არსენ კუტალაძის მიერ იქნა შეძენილი.

არსენ კუტალაძის ოჯახი - მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი იმ ქონების დაბრუნებასაც მოითხოვს, რომელიც არსენ კუტალაძის მიერ მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების შედეგად, ძმისშვილის - გიორგი კუტალაძის სახელზე აღირიცხა. კერძოდ, მოთხოვნა შეეხება არსენ კუტალაძის სახრსებით შეძენილ საცხოვრებელ სახლს მისამართზე: ქ. თბილისი, ესმა ონიანის ქუჩა. დგინდება, რომ ძმებს შორის ნდობისა და განსაკუთრებული ურთიერთობის გამოძახილს წარმოადგენდა არსენ კუტალაძის ოჯახის თანხმობა მერაბ კუტალაძის ოჯახი დროებით საცხოვრებლად გადასულიყო სადავო სახლში. მერაბ კუტალაძე ოჯახთან ერთად სადავო ფართში მას შემდეგ გადავიდა, რაც მიწისძვრის შედეგად დაზიანდა მისი ძირითადი საცხოვრებელი კორპუსი, თემქაზე და ახალი საცხოვრებელი ფართის შეძენამდე, არსენ კუტალაძის ოჯახმა თანხმობა მისცა სადავო ფართში ეცხოვრათ. მერაბ კუტალაძემ 2014-2016 წლები, საცხოვრებელ ფართში გადასვლის მიზნებიდან გამომდინარე დაიქირავა მუშა-ხელი, მოაწესრიგა საცხოვრებელი პირობები, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტებისას ითქვა, რომ საკმარისი გარემოებას წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლის თაობაზე გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებითად და თვალთმაქცურად არ ჩათვლილიყო.  

არსენ კუტალაძის ოჯახმა, აგრეთვე მოითხოვა შპს „LTD.NAN“-ს სასარგებლოდ, როგორც მიუღებელი შემოსავალი, შპს „რადამოტორს“ დაკისრებოდა 29,423.72 ლარის გადახდა. საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ შპს „LTD.NAN“-ის საკუთრებაში არსებული ტექნიკა: 1. ექსკავატორი HYUNDAI R220LC-98, 2. ექსკავატორი მუხლუხა DOOSAN DAEEWOO DX300LC , 3. ტექნიკის გადასაზიდი ტრანსპორტი (ე.წ. „ლაფეტი“) უნაგირა საწევარი და 4. სპეციალიზირებული ნახევარმისაბმელი საიჯარო ურთიერთობებით იმყოფება შპს „რადამოტრორს“-ის დაქვემდებარებაში, ეს უკანასკნელი კი აქირავებდა ტექნიკას და შემოსავალს არ გასცემდა არსენ კუტალაძის ოჯახის მიმართ. შპს „რადამოტორს“-ის დირექტორი დავით ქათამაძე ძმები კუტალაძეების მირონით ნათესავი და ბიზნეს-პარტნიორია, თუმც არსენ კუტალაძის დაღუპვის შემდგომ, დავით ქათამაძემ მერაბ კუტალაძის პოზიცია დაიჭირა. მხარემ დაამტკიცა, რომ დავით ქათამაძის კომპანია შპს „LTD.NAN“-ის ტექნიკით 2019 წლის 9 იანვრიდან, არსენ კუტალაძის გარდაცვალების თარიღის შემდეგ სარგებლობდა. საქმეზე წარმოდგენილი იქნა 2022 წლის 30 ოქტომბრის საექსპერტო დასკვნა საწევარა ავტომობილის მიერ განვლილი მანძილის შემოსავლებთან შედარების შესახებ. ამდენად, ასანაზღაურებელი თანხა სრულად დაკისრა შპს „რადამოტორს“-ს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმეს ახალი მტკიცებულების სახით დაურთო უმნიშვნელოვანესი დოკუმენტაცია: ა) უძრავი ქონების შეძენის უფლებადამდგენი დოკუმენტები და ბ) უძრავი ქონების ფარგლებში არსებული იპოთეკის ყველა ხელშეკრულება. აღნიშნული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ როგორც სარესტორნო ბიზნესის, ასევე საცხოვრებელი სახლის შემძენი არსენ კუტალაძეა. წარმოდგენილი იპოთეკის ხელშეკრულებები ადასტურებს, რომ რესტორან „ურმულის“ შეძენა, შემდგომი განვითარება და ბიზნესის ფინანსური მხარდაჭრა უზრუნველყო მხოლოდ არსენ კუტალაძემ. ამასთან, სასამართლოს დოკუმენტურის ინფორმაცია მიეწოდა, რომელიც ცხადყოფს სარესტორნო ბიზნესსა და საცხოვრებელი სახლზე ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გადიდებას (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). ამასთან, სადავო ქონებებზე პრეტენზიას არ აცხადებს მხოლოდ არსენ კუტალაძის მეუღლე, არამედ სასარჩელო მოთხოვნის მხარე ბიზნესმენის არასრულწლოვანი შვილებიცაა. ამდენად, 2007-2012 წლებში, ვიდრე მხარეებს შორის არსებობდა არარეგისტრირებული ქორწინება, ისინი ცხოვრობდნენ ერთ ოჯახში, ეწეოდნენ სამეურნეო საქმიანობას, უვლიდნენ და ზრდიდნენ შვილებს, სარესტორნო საქმიანობიდან, რომელიც ირიცხებოდა შპს-ს სახელზე, განისაზღვრებოდა ოჯახის შემოსავლები. შესაბამისად, კანონის სიტყვათასიტყვითი განმარტებით, შპს-ს 100%-იანი წილი ითვლებოდა მეუღლეთა თანაბარი უფლების მქონე საკუთრებად, თანასაკუთრებად, ხოლო 2012 წლის 2 ივლსიდან, მას შემდეგ, რაც მხარეთა რეგისტრირებული ქორწინება შედგა, შპს-ს წილზე სრულად წარმოიშვა თანასაკუთრების უფლება, რაც გაზიარებული იქნა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.

მერაბ კუტალაძის ოჯახი სასარჩელო მოთხოვნებს არ ცნობს და არსენ კუტალაძის ნების ნამდვილობაზე მიუთითებს, თუმცა არც მერაბ კუტალაძე და არც გიორგი კუტალაძე, სასამართლოს მოწოდების მიუხედავად, სასამართლო სხდომაზე განმარტებების მისაცემად, არ გამოცხადებულან. პროცესუალური მოწინააღმდეგეს არ აქვს განმარტება, თუ სხვა რა მოსაზრებით შეეძლო არსენ კუტალაძეს დაეთმო სარესტორნო ბიზნესი ძმისსთვის და მშენებარე საცხოვრებელი სახლი იმჟამად არასრულწლოვანი ძმისშვილისთვის, როდესაც ძვირადღირებული ქონების დათმობის არც ბიზნეს-წინადადება და არც სხვაგვარი შეთანხმება არ არსებულა. მერაბ კუტალაძის ოჯახი სასამართლოში წარმოდგენილი პოზიციით მიუთითებს, რომ როგორც იმჟამად მშენებარე საცხოვრებელი სახლის მიწის ნაკვეთი, ასევე სარესტორნო ფართი შენობა-ნაგებობით ფორმალურად იქნა არსენ კუტალაძის სახელზე რეგისტრირებული, რეალურად კი ყოველთვის ეკუთვნოდა - მერაბ კუტალაძეს, თუმცა სასამართლოში წარდგენილია აღნიშნული მოსაზრების საწინააღმდეგო ცხადი, პირდაპირი და ოფიციალური დოკუმენტაცია, რაც სადავო ქონებების შეძენის, თანხის გადახდისა და მუდმივ მესაკუთრედ მხოლოდ არსენ კუტალაძეა მითითებული.

სასამართლოს დეტალური პასუხი გაეცა იმ ინტერესზე, რომელიც შეეხება სასარჩელო მოთხოვნების აღსრულებადობას, მოთხოვნას ქონებების სრულ თუ ½ ნაწილზე, ქონებებზე თანამესაკუთრეობის გავრცელების რეჟიმზე, წარმოშობილი გარიგების გამომწვევ მიზეზებზე, არსენ კუტალაძის მიერ ქონებების შეძენიდან ფარულ გასხვისებამდე მხარეების ქონებრივ მდგომარეობაზე, არსებული სასესხო ვალდებულებების შინაარსზე, ფარული გარიგებების გამომწვევ მიზეზებზე და სხვა. სასამართლო დაინტერესდა, თუ რატომ არ მოახდინა არსენ კუტალაძემ სიცოცხლეში ფარულად გადაცემული ქონებების დაბრუნება, რა გარემოებებით უნდა შეფასებულიყო ასეთი რეალობა, რაზეც მხარის მსჯელობა და არგუმენტაცია არაერთ საყურადღებო ფაქტს მოიცავდა.

ცნობისთვის: 2019 წლის 9 იანვარს, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის დეპარტამენტის მე-4 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანის მე-9 კმ.-ზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „რომპეტროლის“ ტერიტორიაზე არსენ კუტალაძის გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ბიზნესმენი გარდაცვლილი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების შედეგად იპოვეს, მაგრამ ოჯახი დასახელებული პირველადი ვერსიის დამაჯერებლობას გამორიცხავენ. ბიზნესმენის სხეულში აღმოჩენილი იქნა 1915 მგ. მეთადონი, რაც ჩვეულებრივ ვითარებაში, 8-ჯერ აღემატება დაშვებულ დოზას და დაუყოვნებლივ იწვევს ფატალურ შედეგს. სინამდვილეში, აქტიური კვლევის, გამოკვეთილი სარწმუნო გარემოებების, საქმესთან შემხებლობაში მყოფი ადამიანების ახსნა-განმარტებებით, დადგენილი უდავო გარემოებების ერთობლიობით ცხადი ხდება, რომ არსენ კუტალაძის გარდაცვალება შესაძლოა კარგად დაგეგმილი ორგანიზებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს, რომელიც შესრულებული იქნა ყველაზე მძიმე და სათაკილო საფუძვლების შექმნით - ნარკოტიკული საშუალების გადაჭარბებული დოზის მოხმარებით გამოწვეული სიკვდილით. თითქოსდა გამოძიების დაწყების მომენტიდანვე გადაწყვეტილი იქნა საკითხი, რომ არსენ კუტალაძე ზედოზირებით დაიღუპა, ამას ყველა საუბრობდა მაშინ, როცა დანიშნული ექსპერტიზის პასუხი ჯერ ისევ ცნობილი არ იყო. შესაბამისად, იმისთვის, რომ მომხდარიყო საგამოძიებო მოქმედებების უძრაობის გამოწვევა, არ მომხდარიყო საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა და მორალური ხასიათის წნეხი განხორციელებილიყო მომჩივანის წინაშე, არსენ კუტალაძის ბიზნეს-წილებისა და საკუთრებაში არსებული ქონებების დატაცების შემდეგ, დაიწყო არსენ კუტალაძის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმე გია ბერაიამ (თავმჯდომარე), მერაბ ლომიძემ და ლაშა თავართქილაძემ განიხილეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა. არასრულწლოვანთა ინტერესები წარმოადგინა სასამართლოს მიერ დანიშნულმა საზოგადოებრივმა ადვოკატმა აკაკი ლომსაძემ. არსენ კუტალაძის ოჯახის ინტერესებს წარმოადგენდა ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, რომელიც საქმეზე სამართალწარმოებას 2022 წლის ივნისიდან ახორციელებს.  



კომენტარები