საერთო სპეციალიზაციის ადვოკატის, ია ჯღარკავას განცხადებით, რესტორან „ურმულის“ პირვანდელი მფლობელის, მძიმე ტექნიკისა და სარესტორნო სფეროში ცნობილი ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმის შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისიის შექმნა არსენ კუტალაძის საქმეზე წინგადადგმული ნაბიჯია და კომისიის დასკვნა იქნება არაერთი საჭირო გარემოების დამდგენი.
„შევიკრიბეთ ადვოკატები კონკრეტულ ქეისთან დაკავშირებით. ეს არის არსენ კუტალაძის საქმე, რომელზეც, 6 წელზე მეტია გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა შედეგი ჯერ კიდევ არ არის დამდგარი. კონკრეტულად, არსენ კუტალაძის მეუღლე უფლებამონაცვლედ ცნობილი არ არის და არა აქვს დღემდე მას სტატუსი მინიჭებული. სწორედ ამ სისხლის სამართლის საქმის გარშემო ვსაუბრობდით ადვოკატები და ვინაიდან და რადგანაც, დღემდე არ არის ის კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული, რაც გამოძიებას აქამდე უნდა გადაედგა, გადავწყვიტეთ, რომ კომისია შექმნილიყო ამ საქმესთან დაკავშირებით. შევიკრიბეთ, განვიხილეთ, დავგეგმეთ სტრატეგია, რა გზით და როგორ უნდა ვიმოქმედოთ ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, დავსახეთ გეგმები. დღეს ძალიან ბევრი კარგი ინიციატივა განვიხილეთ და მომავალში ძალიან პერსპექტიული იქნება ამ კომისიის მუშაობა, ვინაიდან და რადგანაც, ძალიან ბევრი კომპეტენტური და ღირსეული ადამიანები მონაწილეობს ამ კომისიაში“ - განაცხადა კომისიის საქმიანობის შეფასებისას მედიასთან მსჯელობის დროს საერთო სპეციალიზაციის ადვოკატმა, ია ჯღარკავამ.
ცნობისთვის: 2025 წლის 2 ნოემბერს, რესტორან „ურმულის“ პირვანდელი მფლობელის, მძიმე ტექნიკისა და სარესტორნო სფეროში ცნობილი ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმის შემსწავლელმა საზოგადოებრივმა კომისიამ მუშაობა დაიწყო. კომისიის პირველ სხდომას სამართლის დარგის სპეციალისტები და ცნობილი უფლებადამცველები ესწრებოდნენ. კომისია მომდევნო სამი თვის განმავლობაში იმუშავებს, მოამზადებს სამართლებრივ დოკუმენტს - დასკვნას და რეკომენდაციებს და პასუხს გასცემს საქმის ირგვლივ ბიზნესმენის სიკვდილის მოტივებს.
არსენ კუტალაძის საქმის შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისიის დამფუძნებელი წევრები სამართლის დარგში მოღვაწე სპეციალისტები: ლია მუხაშავრია, გია ტაბლიაშვილი, ზაზა ხატიაშვილი, ნიკა სადრაძე, გიორგი ბერიძე, მარიამ ბარსონიძე, ქეთევან ვარდანაშვილი, ია ჯღარკავა, თათია მაისურაძე, თამარ ქოქუაშვილი, ანი კესარელი, არჩილ კაიკაციშვილი - არიან. კომისიას უფლებადამცველი, ევროსასამართლოს საქმეებზე მოღვაწე ქართველი იურისტი, ლია მუხაშავრია უხელმძღვანელებს და მუშაობის პროცესში, კომისია ღია იქნება იურიდიული საზოგადოების წარმომადგენლებისთვის.





