სისხლის სამართლის ადვოკატის, გია ტაბლიაშვილის განცხადებით, რესტორან „ურმულის“ პირვანდელი მფლობელის, მძიმე ტექნიკისა და სარესტორნო სფეროში ცნობილი ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმის შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისიის შექმნა საზოგადოებაში სამართლიანობის დადგენისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ჯერ კიდევ არსებობს რესურსი, არსენ კუტალაძის საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება და აღდგეს სამართლიანობა.
„არსენ კუტალაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი მდგომარეობა ცნობილია, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია ოჯახი სამართალს ეძებს. არაერთი სამართლებრივი გზა და ნაბიჯი არის გადადგმული ოჯახის და უშუალოდ მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების მიერ, თუმცა შედეგებით არა თუ ოჯახი, იურისტებიც არ ვართ კმაყოფილი. მე ვფიქრობ, რომ ამ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების და სამართლიანობის დადგენა და აღდგენა, რომელიც ოჯახს წართმეული აქვს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, არა - თვითონ ოჯახის დაკმაყოფილებისთვის და ოჯახის წევრების სამართლიანობის აღდგენისთვის, არამედ - ზოგადად სამართლის პრაქტიკის დადგენისთვის. ვთლი, რომ აუცილებელია ამ საქმეში გაგრძელდეს მრავალი გადასადგმელი ნაბიჯი, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, რესურსი არ არის ამოწურული და ვფიქრობ, რომ ამ საქმის საბოლოოდ ობიექტურად გადაწყვეტა ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება არამარტო ოჯახისთვის და ოჯახის იმედების აღდგენისთვის, არამედ ზოგადად სამართლის პრინციპების დადგენისთვისაც. - განაცხადა კომისიის საქმიანობის შეფასებისას მედიასთან მსჯელობის დროს სისხლის სამართლის ადვოკატმა, გია ტაბლიაშვილმა.
ცნობისთვის: 2025 წლის 2 ნოემბერს, რესტორან „ურმულის“ პირვანდელი მფლობელის, მძიმე ტექნიკისა და სარესტორნო სფეროში ცნობილი ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმის შემსწავლელმა საზოგადოებრივმა კომისიამ მუშაობა დაიწყო. კომისიის პირველ სხდომას სამართლის დარგის სპეციალისტები და ცნობილი უფლებადამცველები ესწრებოდნენ. კომისია მომდევნო სამი თვის განმავლობაში იმუშავებს, მოამზადებს სამართლებრივ დოკუმენტს - დასკვნას და რეკომენდაციებს და პასუხს გასცემს საქმის ირგვლივ ბიზნესმენის სიკვდილის მოტივებს.
არსენ კუტალაძის საქმის შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისიის დამფუძნებელი წევრები სამართლის დარგში მოღვაწე სპეციალისტები: ლია მუხაშავრია, გია ტაბლიაშვილი, ზაზა ხატიაშვილი, ნიკა სადრაძე, გიორგი ბერიძე, მარიამ ბარსონიძე, ქეთევან ვარდანაშვილი, ია ჯღარკავა, თათია მაისურაძე, თამარ ქოქუაშვილი, ანი კესარელი, არჩილ კაიკაციშვილი - არიან. კომისიას უფლებადამცველი, ევროსასამართლოს საქმეებზე მოღვაწე ქართველი იურისტი, ლია მუხაშავრია უხელმძღვანელებს და მუშაობის პროცესში, კომისია ღია იქნება იურიდიული საზოგადოების წარმომადგენლებისთვის.





