გიორგი ბერიძე - არსენ კუტალაძის საქმის შემსწავლელი კომისიის იდეა პრეცედენტულია და ვფიქრობ, კომისიის დასკვნა იქნება მნიშვნელოვანი

4 ნოემბერი, 2025

სამოქალაქო სამართლის ადვოკატის, გიორგი ბერიძის განცხადებით, რესტორან „ურმულის“ პირვანდელი მფლობელის, მძიმე ტექნიკისა და სარესტორნო სფეროში ცნობილი ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმის შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისიის შექმნა პრეცედენტიულია და მსგავსი ინიციატივა არამხოლოდ არსენ კუტალაძის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზანს ემსახურება, არამედ სამართლის განვითარებას და სტანდარტის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

„ძალიან საინტერესოა და ძალიან პრეცედენტულია ასეთი კომისიის შექმნა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადვოკატის, ბევრი კვალიფიციური და ამ საქმის მცოდნე პიროვნების აზრის მოსმენა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ობიექტური დასკვნის, ასე ვთქვათ, ობიექტური შესწავლისთვის და მსჯელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მრავალფუნქციური - მრავალი ადამიანისგან შექმნილი გარემო. შესაბამისად, კომისია მიზნად იღებს გამოიკვლიოს ყველა მტკიცებულება, რაც არსებობს. დადოს დასკვნა, რომელიც, რა თქმა უნდა, დაეხმარება, როგორც დაზარალებულს, ასევე გამოძიებასაც, რომ სწორი კუთხით წარიმართოს პროცესები. ასევე, სამოქალაქო კუთხით, რა საქმეებიც მიმდინარეობს და არის აღძრული, რა თქმა უნდა, აღნიშნული საქმეების წარმართვის პროცესშიც დიდი როლი ექნება. მე უშუალოდ სამოქალაქო სამართლის მიმართულებით ვარ ჩართული და მგონია, რომ კომისიის დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. გარდა ამისა, კომისიის შექმნის ეს პრეცედენტი ძალიან სასარგებლო იქნება, როგორც ამ კონკრეტული საქმისთვის, ასევე სახელმწიფოში და საერთოდ, სამართლის სფეროში, სამართლის განვითარების, სამართლიანობის დამკვიდრების და, რა თქმა უნდა, სამართლებრივი სტანდარტის შეფასების ამაღლებისთვის“ - განაცხადა კომისიის საქმიანობის შეფასებისას მედიასთან მსჯელობის დროს სამოქალაქო სამართლის ადვოკატმა, გიორგი ბერიძემ.

ცნობისთვის: 2025 წლის 2 ნოემბერს, რესტორან „ურმულის“ პირვანდელი მფლობელის, მძიმე ტექნიკისა და სარესტორნო სფეროში ცნობილი ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმის შემსწავლელმა საზოგადოებრივმა კომისიამ მუშაობა დაიწყო. კომისიის პირველ სხდომას სამართლის დარგის სპეციალისტები და ცნობილი უფლებადამცველები ესწრებოდნენ. კომისია მომდევნო სამი თვის განმავლობაში იმუშავებს, მოამზადებს სამართლებრივ დოკუმენტს - დასკვნას და რეკომენდაციებს და პასუხს გასცემს საქმის ირგვლივ ბიზნესმენის სიკვდილის მოტივებს.

არსენ კუტალაძის საქმის შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისიის დამფუძნებელი წევრები სამართლის დარგში მოღვაწე სპეციალისტები: ლია მუხაშავრია, გია ტაბლიაშვილი, ზაზა ხატიაშვილი, ნიკა სადრაძე, გიორგი ბერიძე, მარიამ ბარსონიძე, ქეთევან ვარდანაშვილი, ია ჯღარკავა, თათია მაისურაძე, თამარ ქოქუაშვილი, ანი კესარელი, არჩილ კაიკაციშვილი - არიან. კომისიას უფლებადამცველი, ევროსასამართლოს საქმეებზე მოღვაწე ქართველი იურისტი, ლია მუხაშავრია უხელმძღვანელებს და მუშაობის პროცესში, კომისია ღია იქნება იურიდიული საზოგადოების წარმომადგენლებისთვის.



კომენტარები