სასამართლომ სამხარაულის ბიუროს საფასური, დამკვეთთან ინფორმირებისა და შეთანხმების გარეშე, უკანონოდ ცნო

20 აგვისტო, 2025

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსამართლე მიხეილ გოგიშვილის თავმჯდომარეობით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართ წარმოებულ სახელშეკრულებო დავაზე მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა, რა დროსაც საქმე ეხებოდა მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას, კერძოდ, მომსახურების საზღაურის გადახდას. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბიუროს მიერ დამკვეთი ა(ა)იპ-ის მიმართ მოთხოვნილი მომსახურების ღირებულება 18 820 ლარი მხარეთა შორის წინასწარ არ ყოფილა შეთანხმებული, მხარეთა შორის შესრულებული სამუშაოს კონკრეტულ ოდენობსა და შესრულებული სამუშაოს კონკრეტულ ფასზე შეთანხმება არ დასტურდებოდა, ბიუროს მხრიდან დარღვეული იქნა ხელშეკრულების შესრულების ვადები და სავალდებულო კომუნიკაცია დამკვეთ ორგანიზაციასთან, ხოლო ის ფაქტი, რომ მომსახურების ხელშეკრულებაში, ზოგადად, მითითებულია მომსახურების ტარიფები, არ ქმნიდა კონკრეტული დაკვეთის ღირებულების გამოთვლის წინაპირობას, თუ მხარეები არ მოახდენდნენ წინასწარ შეთანხმებას. განცხადებას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს, რომელიც საერთო სასამართლოებში დამკვეთი ა(ა)იპ-ის ინტერესები დამცველია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 ივლისის განჩინებით ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის საზოგადოებისთვის გაზიარება მისი ინფორმირებისა და საექსპერტო დაწესებულებასთან მომავალი ურთიერთობისთვის მნიშვნელოვან სიკეთეს წარმოადგენს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ დამკვეთმა ორგანიზაციამ ბიუროში მოითხოვა საინჟინრო ექსპერტიზის დანიშნვა კრამიტის შემდეგ ფიზიკურ-მექანიკურ მახასიათებელზე: ყინვამედეგობა, წყალშეუღწევადობა, წყალშთანთქმა, სიმტკიცის ზღვარი ღუნვისას და მრღვევი დატვირთვა. მხარეთა შორის დაიდო საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბიურომ იკისრა საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარებისა და დასკვნის მომზადების ვალდებულება, ხოლო თავის მხრივ დამკვეთს უნდა გადაეხადა საზღაური მომსახურების ტარიფების თანახმად ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად. დამკვეთ ორგანიზაცის ბიუროს მხრიდან ზეპირსიტყვიერად ეცნობა დასკვნის მომზადებისა და მისი საფასურის გადახდის შესახებ. აღნიშნული საფასური მხარისათვის აღმოჩნდა მოულოდნელი, ვინაინად ანალოგიური გამოცდილებით (იგულისხმება ანალოგიური შინაარსის დასკვნა) გადახდილ იქნა მომსახურების სრულიად სხვა ღირებულება. შესაბამისად, არსებობდა გონივრული მოლოდინი, რომ ახალი დასკვნაც იმავე ღირებულების ფარგლებში მომზადდებოდა. ამასთან, შემკვეთს გაზრდილი ხარჯთაღრიცხვის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მიუღია. შესაბამისად, მხარემ მოითხოვა დეტალური ინფორმაცია ტარიფის გაანგარიშების თაობაზე.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, როგორც სასამართლომდე, ასევე სასამართლოში წარმოდგენილი პოზიცია ეყრდნობოდა იმ გარემოებაზე მითითებას, რომ დამკვეთი ორგანიზაცია მომსახურების ხელშეკრულებით ინფორმირებული იყო სატარიფო პოლიტიკის თაობაზე და მოხმობილი იქნა საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 მაისის N171 დადგენილება საექსპერტო მომსახურების სატარიფო კოდებისა და ღირებულების შესახებ, რომლის შესახებაც მითითება ნამდვილად წარმოდგენილია მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში. სასამართლომ აღნიშნული არგუმენტი უსაფუძვლოდ მიიჩნია და საკითხზე მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა.

კერძოდ, სასამართლომ განმარტა, რომ „ნარდობის ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენს საზღაურის საკითხი, რომელსაც კანონმდებელი დეტალურად გაწერს და არეგულირებს. შესაბამისად, ამ საკითხზე შეთანხმება ერთ-ერთი არსებითია მსგავსი ტიპის ურთიერთობებში. ხელშეკრულების აღნიშნული ჩანაწერით შეუძლებელია ხარჯთაღრიცხვის მოცულობის დადგენა. ფასზე შეთანხმება კი თავისთავად გულისხმობს მის კონკრეტულ ოდენობაზე შეთანხმებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ოდენობის დადგენა წინასწარ შეუძლებელია, მხარეებმა უნდა განსაზღვრონ ის სამართლიანობის საფუძველზე“.

სასამართლოს განმარტებით, „ინფორმაციის გაცემის მოვალეობა არის უმნიშვნელოვანესი ვალდებულება, რომელსაც გააჩნია დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა. კანონით შეუძლებელია სრულიად განისაზღვროს, თუ რა ინფორმაციის გაცემის ვალდებულება შეიძლება ჰქონდეთ მხარეებს, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში, კანონი განსაზღვრავს ინფორმაციის მიწოდების სპეციალურ რეგულაციებს. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება მჭიდროდ არის დაკავშირებული გულისხმიერების პრინციპთან, რადგან სწორედ ინფორმაციის მიწოდებით, ხშირ შემთხვევაში, შესაძლებელია კონტრაჰენტის უფლებებისა და ქონების დაცვა. სსკ-ის 316.2-ე (თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას) და 318-ე მუხლების ანალიზით შეიძლება დავასკვნათ, რომ ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობებში მხარეებს გააჩნიათ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, როდესაც ამას მნიშვნელობა აქვს ვალდებულების შინაარსის განსაზღვრისთვის, ასევე დაკავშირებულია მეორე მხარის უფლებებისა და ქონების დაცვასთან“.

განსაიხლველ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ „თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ინფორმაციის მიწოდება, ასევე მისი მიწოდების დროც. კონკრეტულ შემთხვევაში, შემკვეთს ტარიფის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა კვლევის დასრულების შედეგად. შესაბამისად, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა თავიდანვე განესაზღვრა სურდა თუ არა ამ პირობებში კვლევის ჩატარება“. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბიურომ ვერ გაართვა თავი მტკიცების მისთვის დადგენილ სტანდარტს და ვერც ვალდებულების შეთანხმებულ დროში შესრულება დაადასტურა. სწორედ ამ საფუძვლებიდან გამომდინარე, სასამართლომ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე დაადგინა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო. ნაცვლად 18,820 ლარისა, 6820 ლარი. დამკვეთ ორგანიზაციას მიღებული შედეგი არ გაუსაჩივრებია.

ცნობისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმე ერთპიროვნულად მოსამართლე: მიხეილ გოგიშვილმა განიხილა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე: ხათუნა ნადიბაიძემ. ა(ა)იპ-ის ინტერესები საქმეზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა და „ჯი აი თი იურიდიული კომპანია“-ს (GIT Law Company LLC) დირექტორმა,  ადვოკატმა გიორგი კიკნაძემ წარმოადგინეს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 2025 წლის 20 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით, ექსპერტიზის ბიუროში დაჩქარებული და ჩვეულებრივი საქესპერტო დასკვნის შესრულების ვადებზეც მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ „განცხადება, თავისი შინაარსით, შესაძლოა დაჩქარებულ ექსპერტიზას გულისხმობს, თუმცა თუ იგი პროგრამულად არასწორად არის ასახული, როგორც არადაჩქარებული, რომლის შესრულების ვადაც 30 სამუშაო დღეს შეადგენს, ხოლო პირველადი მასალის მოთხოვნის უფლება ხუთ სამუშაო დღეს ითვალისწინებს. შესაბამისად, 2 დღის ვადის უმოქმედობა ექსპერტს ვერ ჩაეთვლება დარღვევად, ვინაიდან იგი პროგრამულად, ექსპერტისთვის თვალსაჩინოდ ასახული იყო და სტატუსი მინიჭებული ქონდა, როგორც არადაჩქარებული“. აღნიშნულ საქმეზეც წარმომადგენლობა „ახალგაზრდა ადვოკატების“ სამართლის ჯგუფმა განახორციელეს.



კომენტარები