ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში, კომისიური ექსპერტიზის მიმდინარეობის ამსახველ აუდიო ოქმს აქვეყნებს, რომელიც ასახავს უკვე გაცემული დასკვნის ხელახლა შეცვლის პროცესს. კერძოდ, საქმე ეხება ს.ს. „საქართველოს რკინიგზის“ მომართვის საფუძველზე მატარებლის გადაადგილებისთვის საჭირო საცხის ვარგისიანობის დადგენას. ბიურომ ექსპერტ ნინო კობალაძის მონაწლეობით გამოაქვეყნა დასკვნა, რომელმაც უარყოფითად იქნა შეფასებული საცხის ხარისხი, თუმცა ექსპერტთან პერსონალური დაპირისპირების გამო, ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა პაატა თუშურაშვილმა, ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, დოდო ჩორგოლაშვილმა და ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსმა თეო ხუჭუამ გადაწყვიტეს, რომ მომხდარიყო კომისიური ექსპერტიზის ჩატარება, რათა შეცვლილიყო პირველი დასკვნის შედეგები. წარმოდგენილ აუდიო-მასალაში ჩანს, რომ ექსპერტ ნინო კობალაძეს, რომელიც დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების მხრიდან ოფიციალურად მოწვეული იქნა კომისიურ ექსპერტიზაზე, არასასიამოვნო და საქმესთან კავშირში მყოფი არგუმენტაციის გამო, ზემდგომი თანამდებობის პირი - დოდო ჩორგოლაშვილი უკრძალავს პროფესიული აზრის გამოთქმას და არ ითვალისწინებს დასაბუთებულ არგუმენტაციას.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აცხადებს, რომ 2024 წლის აგვისტოდან თბილისის პროკურატურის წარმოებაშია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ორი საექსპერტო დასკვნის შესაძლო გაყალბების ფაქტის შესწავლა. ორგანიზაცია მიესალმება პროკურატურის ინტერესს ჩატარდეს აქტიური საპროცესო მოქმედებები, გამოიკვეთოს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის პასუხისმგებელი სუბიექტები და დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამ მიზნით, 2025 წლის 4 აგვისტოს, თბილისის პროკურატურის მიმართ წარდგენილი იქნა ახალი დოკუმენტაცია, რომელიც სადავო ორი დასკვნის შესაძლო გაყალბების საკითხზე პირდაპირ სამხილებს შეიცავს. ამასთან, ორგანიზაცია სრულად იცავს უდანაშაულობის პრეზუმციას და იმედოვნებს, რომ პროკურატურა სწრაფი გამოძიებით დაადგენს, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, პირადი ინტერესებით, გაყალბდა თუ არა დასკვნები.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ბიუროში დაინიშნა ექსპერტიზა საცხზე ლზ-ცნიი, საცხის კასრებიდან, კერძოდ, ადგილზე არსებული საცხის ლზ-ცნიი 4 (ოთხი) პარტიის 4-4 კასრიდან აღებული იქნა ნიმუშები. სტანდარტის „გოსტ 2517-2012“ დაცვით თითოეული პარტიიდან კასრების გახსნისას სინჯის ამღები შუპით ამოღებისას აღმოჩნდა, რომ მათში მოთავსებული იყო არაერთგვაროვანი შეფერილობის მქონე საცხი. კერძოდ, უმეტესობა კასრის ზედა ნახევარში შენიშნებოდა მოყვითალო ფერის, ხოლო ქვედა ნახევარში მოვარდისფრო ელფერის საცხის არსებობა. სინჯის აღების მომენტში, საცხი ჰაერთან ურთიერთქმედებისას იცვლიდა ფერს და იღებდა მუქ-მოყვითალო ღია-მოყავისფრო შეფერილობას, რაც შემდგომში ლაბორატორიულადაც დადასტურდა.
საცხზე მოქმედი სტანდარტის მიხედვით, „ნიმუში უნდა იყოს ერთგვაროვანი საცხი, კოშტების გარეშე, ღია-მოყვითალოდან მუქ მოყვითალომდე“ სასაგნე მინაზე შეფასდა მისი გარეგანი სახე, რომელიც იყო მუქი მოყვითალო-ღია მოყავისფრო. ზოგადად, ფერი წარმოადგენს ძალზედ სუბიექტურ მაჩვენებელს. შესაბამისად, ფერით დაწუნება შესაძლოა სადაო გახდეს. ზოგიერთი ჩათვლის, რომ არის მუქი მოყვითალო, ზოგი კი ღია მოყავისფროდ, მაგრამ საცხის დაწუნება მოხდა არა მისი სასაგნე მინაზე ფერით, არამედ საცხის არაერთგვგაროვანი ფერითა და მისი არასტაბილურობით.
არსებული ფაქტის მიუხედავად, ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა გადაწყვიტეს, რომ საცხზე დანიშნულიყო კომისიური ექსპერტიზა, ხოლო კომისიური ექსპერტიზის დროს, აპრიორში, არ გაზიარებულიყო დასკვნის ავტორი ექსპერტიზის მოსაზრებები. კომისიურ ექსპერტიზაზე შეთანხმდნენ, რომ საცხი აკმაყოფილებდა სტანდარტის მოთხოვნებს, მაგრამ სინჯის აღების აქტში არ დააფიქსირეს ფაქტი იმის შესახებ, რომ საცხს ამოღებისას მოვარდისფრო შეფერილობა ქონდა კასრების ქვედა ნახევარში. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ფაქტი, რომ საცხი უვარგისია, ადასტურებს ექსპერტის თავდაპირველად დეტალურად შესწავლილი მასალის შედეგად წვეთვარდნის პარამეტრები, რაც საცხის დადნობის და წვეთად ქცევის მომენტს ადგენს. ამ შემთხვევაში, სტანდარტით დასაშვები ნორმა უნდა იყოს არანაკლებ 135 გრადუსი, რაც ამ შემთხვევაში, 122-ია ანუ მაჩვენებელი დაბალია, რაც ნიშნავს, რომ წარმოდგენილი საცხი დადნება დროზე ადრე, ჩამოიღვენთება, ხახუნის შედეგად რკინის მეტალები - ბორბლების საკისრები გადახურდება, გატყდება და გამოიწვევს ვაგონების შესაძლო გადატრიალებას. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შეცვლილ დასკვნაში წვეთვარდნის მონაცემი მაღალი ალბათობით გაყალბდა, რადგანაც მითითებული იქნა 145 გრადუსი.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის ბიუროში დასკვნის შეცვლას გააჩნდა მიზანმიმართული საფუძველი, რაც განპირობებული არ ყოფილა პროფესიული აზრთა სხვადასხვაობით.
დგინდება, რომ ექსპერტი, რომელსაც ბიუროში მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება გააჩნდა და ორივე დასკვნა მაღალი პროფესიული სტანდარტის დაცვით მომზადდა, დასჯის, სამსახურეობრივი სივრციდან განდევნის, შევიწროვების, მისი პიროვნული და პროფესიული ღირსებების დაკნინების მსხვერპლი აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც 2024 წლის 10 იანვარს ექსპერტმა ბიუროს უფროსის სახელზე წარადგინა კრიტიკული წერილი და მოითხოვა შრომითი პირობების მოწესრიგება და ინსტიტუციური განვითარებისთვის ხელშეწყობა.
ექსპერტს უმალვე დაუპირისპირდნენ ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი პაატა თუშურაშვილი, ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, დოდო ჩორგოლაშვილი და ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი თეო ხუჭუა, რომლებმაც ორგანიზებული, ურთიერთშეთანხმებული და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით, ექსპერტის საქმიანობის დისკრედიტაცია და არაკვალიფიციურობის წარმოჩენა გადაწყვიტეს. აღნიშნული გამოიხატა ექსპერტის მიერ სადავო პერიოდში გაცემული დასკვნების შეცვლით, ხოლო შემდეგ სამართლებრივი საფუძვლების შექმნით, რომ მომხდარიყო ექსპერტის მიმართ დისციპლინური დევნა და სამსახურიდან გათავისუფლება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ არ გამორიცხავს, რომ პაატა თუშურაშვილის, დოდო ჩორგოლაშვილისა და თეო ხუჭუას შეთანხმებული საქმიანობა ატარებდეს საბოტაჟის ნიშნებსაც. სწორედ მათი მონაწილეობით, ჩართულობითა და პირადი ხელმოწერებით მოხდა დასკვნების შეცვლა. ექსპერტიზის ბიუროში, დღეს მათი გავლენა და ძალაუფლება განუსაზღვრელია. შესაძლოა, აღნიშნული ფაქტორით იყოს განპირობებული ის გარემოებაც, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში, არაერთი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დასკვნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე წინსვლა არ მომხდარა. შეფერხება, შესაძლებელია, გამოწვეული იყოს იმ გარემოებითაც, რომ საქართველოს აწ უკვე ყოფილი გენერალური პროკურორის გიორგი გაბიტაშვილის ოჯახის წევრი - და საექსპერტო ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობის და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის უფროსია. მასთან სამსახურეორბივად და პირადი ურთიერთობით დაკავშირებულია პაატა თუშურაშვილი, დოდო ჩორგოლაშვილი და თეო ხუჭუა. თავის მხრივ, პაატა თუშურაშვილი 2012-2014 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მეუღლეა. თავის მხრივ, თეო ხუჭუა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის წალკის მუნიციპალიტეტში, ვლადიმერ ხუჭუას ოჯახის წევრი - დაა, ხოლო თავის მხრივ, დოდო ჩორგოლაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე წევრისა და აშშ=ში საქართველოს მოქმედი ელჩის ოჯახის ნათესავია.





