2025 წლის 20 ივნისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართ წარმოებულ შრომით-სამართლებრივ დავაზე, დაკმაყოფილდა ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნავთობ-პროდუქტების ექსპერტიზის სამმართველოს 28.10.2024-მდე მოქმედი ექსპერტის ნინო კ.-ს სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ბათილად იქნა ცნობილი ბიუროს უფროსის 2024 წლის 23 აპრილის ბრძანება ექსპერტის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - გაფრთხილების შეფარდების თაობაზე - საქმეს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელობა გააჩნია. განცხადებას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს, რომელიც საერთო სასამართლოებში ექსპერტის ინტერესები დამცველია.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დასაქმებული ექსპერტის მიმართ პრეტენზია გამოთქვა დაჩქარებული საექსპერტო მომსახურების სახეობებსა და საექსპერტო მომსახურების ვადების გამოყენების წესზე ბიუროს უფროსის 26.01.2023 ბრძანების უგულვებელყოფის გამო, რის გამოც მას მიეცა გაფრთხილება. საქმის მასალებით დადგინდა, რომ საექსპერტო დაწესებულებას სახელმწიფო უწყებამ ექსპერტიზის დანიშვნის მიზნით მომართა 2024 წლის 28 მარტს, ექსპერტიზის მომსახურების ტიპი დოკუმენტურად მითითებული იქნა - „ჩვეულებრივი“, დოკუმენტის შესრულების ვადა - „30 სამუშაო დღე“. დადგინდა, რომ ექსპერტს განცხადება შესასრულებლად გადაეცა 28.03.2024 – 18:40 საათზე, ხოლო მისი მხრიდან საქმეზე რეაგირება განხორციელდა 02.04.2024 - მესამე სამუშაო დღეს. ექსპერტიზის ბიურო მიიჩნევდა, რომ დამკვეთს განცხადების ტექსტით მოთხოვნილი ჰქონდა დაჩაქრებული წესით დასკვნის მომზადება, მაგრამ დოკუმენტბრუნვის შიდა რეესტრის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში, განცხადება ექსპერტს უნდა გადასცემოდა ე.წ. წითელ ფერის ნიშნულით, რათა რეაგირება განხორციელებულიყო დაჩაქრებული წესით, რაც განსახილველ შემთხვევაში, არ ყოფილა. ბიუროს უფროსის ბრძანება ითვალისწინებს დაჩაქრებული საექსპერტო მომსახურებისას - მომართვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ექსპერტის რეაგირებას. ამდენად, დამსაქმებელმა ორგანიზაცია მხოლოდ დაეყრდნო დამკვეთის განცხადების შინაარს და წარმოადგინა განმარტება, რომ საქმის გადაცემისთანავე, ექსპერტს განაცხადი არა - 3 სამუშაო დღეში, არამედ - 2 სამუშაო დღეში უნდა გაეხსნა, რაც წესის უგულვებელყოფის საფუძველი გახდა და დისციპლინური სახდელის გამოცემის წინაპირობაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება და მიღებული ბრძანება არამართლზომიერად და უკანონოდ ცნო.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმის მასალებზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ ბიუროს უფროსის დისცილინური სახდელი ექსპერტის დასჯის გამო მიღებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა, რასაც წინ უძღვოდა ექსპერტის მიერ 2024 წლის 10 იანვარს ბიუროს უფროსის მიმართ წარდგენილი წერილი შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში არასათაანდო მოპრობის, საექსპერტო დასკვნების კანონსაწინააღმდეგოდ შეცვლისა და ტექნიკური ბაზის გამოყენების ხელოვნურად შეფერხების საკითხებზე. ექსპერტის მიერ მხილებული იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი პაატა თუშურაშვილი, ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, დოდო ჩორგოლაშვილი და ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი თეო ხუჭუა. მათ ერთობლივად დაგეგმეს და განახორციელეს ნინო კ-ს სამსახურიდან გაშვების პროცედურები. შესაბამისად, ბიუროს უფროსის 2024 წლის 23 აპრილის ბრძანება ექსპერტის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - გართხილების შეფარდების თაობაზე იყო პირველი დისციპლინური სახდელი. შემდეგ, ნინო კ-ს მიმართ, 2024 წლის 21 ივნისს გამოყენებული იქნა ახალი სახდელი - საყვედური, ხოლო 2024 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს შრომის კოედექსის 47-ე მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რაც გასაჩივრებულია სასამართლო წესით.
აღსანიშნავია, რომ ბათილად ცნობილი 2024 წლის 23 აპრილის ბრძანების საფუძველი გახდა ბუროს შიდა ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის კობა კუჭუხიძის დასკვნა. ასევე, პაატა თუშურაშვილის, დოდო ჩორგოლაშვილისა და თეო ხუჭუას მოხსენებითი ბარათები. აღსანიშნავია, რომ მათ ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ წინააღმდეგაც მიმართეს სასამართლოს და ექსპერტ ნინო კ.-ს საქმეზე პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და სახალხო დამცველის მიმართ გაგზავნილი წერილების გამო, წერილში გამოთქმული შეფასებების გამო, ცილისწამებლური განცხადებების უარყოფა მოითხოვეს. 2025 წლის 16 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ წინააღმდეგ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნავთობ-პროდუქტების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის თეო ხუჭუას სარჩელი, არ დაკმაყოფილდა, ხოლო პაატა თუშურაშვილისა და დოდო ჩორგოლაშვილის სარჩელებზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე ნინო კ. საექსპერტო საზოგადოებაში გამოცდილი და ცნობილი ექსპერტია. 2007 წლის ივლისიდან უკანონო ათავისუფლებამდე, საქმიანობდა სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტის პოზიციაზე. 2017 წლიდან არის სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიწვეული ექსპერტი (ტექნიკური შემფასებელი) და ამჟამად, ერთ-ერთი მსხვილი ნავთობპროდუქტების კომპანიის ლაბორატორიის უფროსი და ხარისხის მენეჯერი. ნინო კ.-ს პროფესიულ საქმიანობასა და შედეგებზე მეტყველებს პრაქტიკული მუშაობის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატები, დიპლომები და ჯილდოები. არის არაერთი სასწავლო კურსის, ტრენინგისა და კონფერენციის მონაწილე. აგრეთვე, 13-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, რაც ხაზს უსმევს მაღალ გამოცდილებას სპეციალიზაციაში და შესაბამისს კვალიფიკაციას. შესაბამისად, გაუქმებული ბრძანება მისი რეპუტაციის დაცვისა და დარღვევის არარსებობის პირობებში, არსებითი მნიშვნელობა გააჩნია და სადავო ბრძანება მიზნად ისახავდა ნინო კ-ის ავტორიტეტისა და სახელის შელახვას, იმ სამართლებრივი საფუძვლების შექმნას, რომელიც ნინო კ.-ის სამსახურიდან გაშვების საფუძველი გახდებოდა.
ცნობისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმე ერთპიროვნულად მოსამართლე: გია ბერაიამ განიხილა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე: გიორგი გოგიჩაშვილმა. ექსპერტის ინტერესები საქმეზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა წარმოადგინა, მოპასუხის ინტერესები კი, ბიუროს იურისტებთან ერთად, პაატა თუშურაშვილმა, დოდო ჩორგოლაშვილმა და თეო ხუჭუამ.





