
2025 წლის 8 მაისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მოთხოვნა და უცვლელად დარჩა საქმეზე მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2021-2022“-ის კონკურსის მონაწილე სალომე ჩ-ს უარი ეთქვა კონკურსის მეორე ეტაპზე გადასასვლელად და გამსვლელი 30 ქულის ნაცვლად, შემფასებელმა კომისიამ მიანიჭა 27 ქულა. სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და დამდგარი შედეგი - ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება, სასტიპენდიო პროგრამა - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2021-2022“-ის კონკურსის მეორე ეტაპზე სალომე ჩ.-ს განაცხადის 27 ქულით შეფასების ნაწილში და დაევალოს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სალომე ჩ.-ს მიერ კონკურსის მეორე ეტაპზე წარდგენილი განაცხადის შეფასების თაობაზე. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.
საქმის მასალების თანახმად, აპლიკანტმა მონაწილეობა მიიღო სასტიპენდიო პროგრამა - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2021-2022’’-ის კონკურსში. წარადგინა ელექტრონული განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია, გაიარა კონკურისის პირველი ეტაპი - განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება და მისი განაცხადი შეფასდა შემდეგი ქულობრივი მაჩვენებელებით: 1. გამოცდილება (სასწავლო/სამუშაო) - 5,5,3,10,5,5 - საშუალო ქულა 5,5; 2. მოტივაცია - 8,5,3,8,8,1 - საშუალო ქულა 5,5;3. სამომავლო გეგმები - 5,5,3,8,8,3 - საშუალო ქულა 5,3; 4. კონკურსანტის პასუხისმგებლობა, მზაობა, დამოკიდებულება სასტიპენდიო პროგრამის მიმართ (Attitude) – 5,5,3,8,8,5 -საშუალო ქულა 5,7; 5. სამოტივაციო წერილის საერთო სიძლიერე - 5,5,3,8,8,1 -საშუალო ქულა 5; ჯამური ქულები 28,25. 15,42,37,15 - საშუალო ქულა -27. შესაბამისად, სამოტივაციო წერილის საერთო სიძლიერის ნაწილში ერთი შემფასებლის მხრიდან მიღებული მინიმალური ქულის გამო, სალომე ჩ-ს უარი ეთქვა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში (LSE) საჯარო პოლიტიკისა და მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების შესაძლებლობაზე.
სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა შემდეგი: - კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობდა საკონკურსო კომისიის მიერ პირველ ეტაპზე წარმატებული კონკურსანტების მიერ წარდგენილი სამოტივაციო წერილის შინაარსობრივ შეფასებას. მეორე ეტაპზე გადასულ პირთა შეფასებისათვის დადგენილია შემდეგი კრიტერიუმები: 1. გამოცდილება (სასწავლო/სამუშაო); 2. მოტივაცია; 3. სამომავლო გეგმები; 4. კონკურსანტის პასუხისმგებლობა, მზაობა, დამოკიდებულება სასტიპენდიო პროგრამის მიმართ (Altitude), 5. სამოტივაციო წერილის საერთო სიძლიერე. სალომე ჩ.-ს განაცხადის შეფასებისას კომისიის წევრების მიერ თითოეული კომპონენტისათვის მინიჭებული ქულების მაჩვენებელი მერყეობს 1 ქულიდან 10 ქულას შორის. ამასთან, შეფასების კომპონენტად გამოყენებულ - მოტივაციის და სამოტივაციო წერილის საერთო სიძლიერის კრიტერიუმების შეფასებისას კომისიის ერთ-ერთი წევრის მიერ განსაზღვრულია - 1 ქულა, მაშინ როდესაც მოტივაციის კრიტერიუმი სამი წევრის მიერ შეფასებულია 8 - 8 ქულით, ხოლო სამოტივაციო წერილის კრიტერიუმი ორი შემფასებლის მიერ შეფასებულია 8 - 8 ქულით, ერთ-ერთი შემფასებლის მიერ კი, ხუთივე კრიტერიუმი შეფასებულია 3 ქულით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, კონკურსანტთა შეფასებისას კომისია მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, თუმცა, სადავო შემთხვევაში შეუძლებელია იმ გარემოების დადგენა ერთიდაიმავე კრიტერიუმების შეფასებისას თუ რატომ იქნა კომისიის წევრების მიერ მინიჭებული რადიკალურად განსხვავებული ქულა. კერძოდ,სალომე ჩ.-ს სამოტივაციო წერილის საერთო სიძლიერე, რატომ შეფასდა კომისიის ერთი წევრის მიერ სუსტი, ხოლო ორი წევრის მიერ - ძალიან კარგი ქულით. ამასთან, მოტივაცია, რატომ შეფასდა კომისიის ერთი წევრის მიერ სუსტი, ხოლო სამი წევრის მიერ - ძალიან კარგი ქულით. ამასთან, როგორც აღინიშნა ერთ-ერთი შემფასებლის მიერ ხუთივე კრიტერიუმი შეფასებულია საშუალო ხარისხით. ამ უკანასკნელის შეფასება იმ მხრივაც საყურადღებოა, რომ კომისიის სხვა წევრის მიერ გამოცდილების კრიტერიუმი შეფასებულია მაქსიმუმი ქულითაც - საუკეთესოა.
სასამართლო, მითითებულ ნორმებსა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიზნით გამართული კონკურსის მეორე ეტაპზე სალომე ჩ.-ს განაცხადისათვის კომპონენტების მიხედვით თითოეული შემფასებლის მიერ მინიჭებული ქულა ერთიანი,გონივრული შეფასების ამსახველი არ არის. სადავო ქულების მიხედვით შეუძლებელია აიხსნას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, რაც აუცილებელია გადაწყვეტილების კანონიერების დასადგენად. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, კომისიის თითოეული წევრი შეფასებისას დამოუკიდებელია და ქულას განსაზღვრავს წარდგენილი განაცხადის შინაარსის გათვალისწინებით, რაც ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მოწვეულმა ერთ-ერთმა კომისიის წევრმა. თუმცა, ქულის მინიჭება გულისხმობს წარდგენილი განაცხადის კრიტერიუმების მიხედვით შეფასებას არამხოლოდ სუბიექტური შეხედულებით, არამედ კომისიის წევრებს უნდა გააჩნდეთ საერთო სახელმძღვანელო კრიტერიუმები, რაც ქულათა ერთიან, თუნდაც ერთმანეთთან მიახლოებული მაჩვენებლების განსაზღვრის შესაძლებლობას შექმნის.
ცნობისთვის: აპლიკატმა სასამართლოს 2021 წლის აგვისტოში მიმართა. აპლიკანტის ინტერესების დაცვაში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ჩაერთო და აპლიკანტის ინტერესები ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა წარმოადგინა. საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მოსამართლე თამარ ონიანმა (თავმჯდომარე), დიმიტრი გვრიტიშვილი და ნანა ჭიჭილეიშვილი განიხილეს, პირველი ინსტანციის სასამართლოში კი მოსამართლე: ნინო შჩერბაკოვმა.