ოჯახი გენერალურ პროკურორს ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმის კონტროლზე აყვანას სთხოვს

30 ოქტომბერი, 2023

რესტორან „ურმულის“ პირვანდელი მფლობელის, ბიზნესმენ არსენ კუტალაძის გარდაცვალების საქმის პირად კონტროლზე აყვანის, გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნით საქართველოს გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს ოფიციალური წერილით მიემართა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქმე ეხება სარესტორნო, მოძრავი ტექნიკისა და დისტრიბუციის სფეროში ცნობილი ბიზნესმენის არსენ კუტალაძის გარდაცვალებას და იმ გარემოებების შესწავლას, რომელიც ჭეშმარიტების დადგენის კუთხით მნიშვნელობას იძენს. 2019 წლის 9 იანვარს, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის დეპარტამენტის მე-4 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანის მე-9 კმ.-ზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „რომპეტროლის“ ტერიტორიაზე არსენ კუტალაძის გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბიზნესმენი გარდაცვლილი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების შედეგად იპოვეს, მაგრამ ოჯახი და საქმის სპეციალისტები დასახელებული პირველადი ვერსიის დამაჯერებლობას გამორიცხავენ. არსენ კუტალაძე სახლს ტოვებს დილით, მიემგზვარება შეხვედრაზე, დღის განმავლობაში მასთან კონტაქტი არ ხერხდება, იგი არ პასუხობს შემავალ ზარებს, საღამოს კი სამუშაო ფართში გარდაცვლილი ხდება.

საქმის მასალებით დგინდება, რომ არსენ კუტალაძე ბიზნესიდან რეგისტრირებული და არარეგისტრირებული წილებიდან გასვლას და სამშენებლო სფეროში საქმიანობის გაგრძელებას აპირებდა. შესაბამისად, პარტნიორების წინაშე იდგა კუთვნილი წილის კომპენსაციის გადახდის საკითხი, რაც მილიონს აღემატება. შესაბამისად, არ გამოირიცხება ბიზნესმენის დაღუპვა სხვა ფაქტორებით ყოფილიყო შესრულებული, რასაც არც გამოძიება გამორიცხავს, საქმეზე დაისმის პარტნიორებს შორის ურთიერთობის შესწავლაზე შესაბამისი კითხვები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

არსენ კუტალაძის ოჯახის ადვოკატის, ნიკა სადრაძის განცხადებით, აუცილებელია საქართველოს გენერალური პროკურორი, ბატონი ირაკლი შოთაძე პირადად იყოს საქმის კურსში იმ დარღევების შესახებ, რომელიც ბიზნესმენის სისხლის სამართლის საქმეზე იკვეთება. სწორედ ამ საფუძვლებით, მოთხოვნა -გენერალურმა პროკურორმა პირად კონტროლზე აიყვანოს საქმის გამოძიება, ერთადერთი და სწორი ნაბიჯი იქნება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით. მიმართვის წერილში აღნიშნულია, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ და საქმის ზედამხედველმა შესაბამისმა პროკურორმა სისხლის სამართლის საქმეზე უნდა გასცეს შესაბამისი წერილობითი მითითება ყველა აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ. სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად უნდა იქნეს ცნობილი არსენ კუტალაძის მეუღლე მარინე წამალაიძე, რათა მას ასევე ჰქონდეს წვდომა სისხლის სამართლის სრულ მასალასთან. ამასთან, თუ ამის საჭიროება არსებობს ან მომავალში დადგება, სრულყოფილი, გამჭვირვალე, ობიექტური გამოძიების მიზნით, სისხლის სამართლის საქმე დაიქვემდებაროს საგამოძიებო ორგანოს სხვა სტრუქტურულმა ქვედანაყოფმა.

ნიკა სადრაძის განცხადებით, წარმოდგენილი მასალის ანალიზი ცხადყოფს, რომ არსენ კუტალაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე გამოუძიებელია და ღია კითხვებს აჩენს.

გამოძიება, მართალია, ეფუძნება თვითმკვლელობის ვერსიას ან ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით გამოწვეულ ფატალურ შედეგს, მაგრამ არ დგინდება, მოხდა თუ არა შემთხვევის ადგილის დეტალური დათვალიერება ექსპერტ კრიმინალისტების მონაწილეობით და რატომ არ იქნა ნანახი ან ამოღებული საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელზეც შემდგომში უნდა დანიშნულიყო შესაბამისი ექსპერტიზები. კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებში ნახსენებია ნემსი, რომლითაც არსენ კუტალაძის სხეულში, სავარაუდოდ მოხდა ინექციის გაკეთება, მაგრამ მტკიცებულების სახით იგი მოძიებული და საქმეზე დამაგრებული არ არის. ეს ერთ-ერთი მთავარი გარემოებაა, ვინაიდან აღნიშნულ ნივთზე ბიოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნით შესაძლებელი გახდებოდა იმის დადგენა, თუ ვის ჰქონდა შემხებლობა ნივთთან.

მნიშვნელოვანი იქნებოდა იმის დადგენაც, თუ რა ტევადობის ე.წ. „შპრიცთან“ გვაქვს საქმე და შესაძლებელი იქნებოდა თუ არა მასში მოთავსებული ყოფილიყო იმ რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაშია აღწერილი. არ არის ამოღებული და საქმეზე დამაგრებული შემთხვევის ადგილზე არსებული არსენ კუტალაძის ტანსაცმელი ან სამუშაო სივრცის კონტეინერში არსებული სხვა ნივთები. უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ არსენ კუტალაძის გვამს აღენიშნებოდა ნაჩხვლეტები მხრის და გულმკერდის არეში. გაუგებარია, თუ რატომ დარჩა ეს გარემოება ყურადღების მიღმა, რატომ არ დაიკითხა სამედიცინო ექსპერტი ამ გარემოების გარშემო. ეს ფაქტები აჩენს ეჭვს, რომ თითქოსდა გამოძიების დაწყების მომენტიდანვე გადაწყვეტილი იქნა საკითხი, რომ ბიზნესმენმა ნარკოტიკული საშუალებით თავი მოიკლა ან ზედოზირება მოხდა.

ნიკა სადრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, გამოძიება წარიმართოს ობიექტურად, უნდა მოხდეს საქმეში მონაწილე ყველა მოწმის ხელახალი გამოკითხვა იმ კუთხით, რომ დადგინდეს შემთხვევის დღეს მათი გადაადგილების და მოქმედების გეგმა. ასევე კონტაქტები, შესაბამისი ანძების მითითებით, ამოღებულ უნდა იქნეს მათ მობილურ ტელეფონებზე განხორციელებული შემავალ/გამავალი ზარების ნუსხა, უნდა დაისვას კითხვები შემთხვევის ადგილზე არსებული ნივთმტკიცებების დაკარგვასთან თუ განადგურებასთან დაკავშირებითაც. მოწმეთა მიერ მიღებული ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებით, უნდა ჩატარდეს ყველა შესაბამისი საგამოძიებო ექსპერიმენტი.

არსენ კუტალაძის მეუღლის, მარინე წამალაიძის განცხადებით, ოჯახი 5 წელია კანონიერ გადაწყვეტილებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას ელოდება, რაც საგამოძიებო უწყების და სასამართლოების სათანადო ნების არარსებობის პირობებში, ვერ განხორციელდება.

მისი თქმით, მეუღლის წარმოჩენა ნარკოდამოკიდებულ პირად მთლიანობაში ემსახურება მიზანს, რომ დაუსაბუთებელი, დაუმტკიცებელი მითითებებით შეიქმნას ნეგატიური აზრი არსენ კუტალაძის პიროვნების შესახებ, სასამართლო თუ საგამოძიებო ორგანოები წინსწრებად ანტაგონოსტურად განაწყოს ჭეშმარიტების დადგენის მიმართულებით და საზოგადოდ წარმოაჩინოს, რომ არსენ კუტალაძე გახლდათ ნარკოდამოკიდებული, სჩადიოდა მორალურად გასაკიცხ ქმედებას, არ გააჩნდა საქმიანი რეპუტაცია და თითქოსდა არ შეიძლებოდა მისი ნდობა ან წესიერების მაგალითად ჩვენება.

სამწუხაროდ, არსენ კუტალაძის პიროვნების შესახებ არსებული შეხედულებები უწყვეტად, განგრძობითად და დაუსაბუთებლად გამოითქმის ყოფილი პარტნიორებისა და მხოლოდ მათი ოჯახის წევრების ჩვენებებში, მათ კი ამ ბრალდებების დამტკიცებისთვის არავითარი მტკიცებულება არ გააჩნიათ. წრე, რომელიც აღნიშნულზე მსჯელობს, ერთმანეთთან დაკავშირებული, საერთო ინტერესებით მოცული პირები არიან და ისინი ეყრდნობიან ერთმანეთის მოსაზრებებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ არსენ კუტალაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ადვოკატირებას გააგრძელებს და იმედს გამოთქვამს, რომ ბიზნესმენის გარდაცვალების გამოძიება პრიორიტეტული იქნება ქვეყანაში ზოგადად, ბიზნესის დაცულობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხითაც.



კომენტარები