ადვოკატები - თემურ ბასილიას მიმართ პოლიტიკური დევნა გრძელდება

11 აპრილი, 2017

ადვოკატები არჩილ კაიკაციშვილი და გია ტაბლიაშვილი, საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურის მხრიდან საქართველოს უზენაესს სასამართლოში გასაჩივრებულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ეხმაურებიან და სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურა და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს სამართლიანობის დამკვიდრების პროცესში. უკვე 100-მდე მოქალაქე არის ცნობილი დაზარალებულად, რომელთა მიმართაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ხდებოდა არამართლზომიერი ქმედებები, მათ შორის პოლიტიკური მოტივით დევნა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმიანობაში ამ მიმართულებით გარკვეული ხარვეზებია. არადა, ეს გახლავთ ორგანო, ვინც უნდა განიხილოს აღნიშნული საქმეები და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, რათა აღდგეს სამართლიანობა სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ უკანონოდ დევნილ პირებზე.

მაგალითად, მიმდინარე წლის 27 იანვარს საქართველოს პროკურატურამ და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღეს გადაწყვეტილება მომხდარიყო საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის და პრეზიდენტის თანაშემწის თემურ ბასილიას უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გადახედვა. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 26 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ თემურ ბასილიას მიანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი. 

საქართველოს პროკურატურის დადგენილება „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, ეფუძნებოდა საქმეზე ახალ მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებებსა და ფაქტობრივი გარემოებების ხელახალ, საფუძვლიან შესწავლას. პროკურატურამ  და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაული გამოძიების დეპარტამენტმა დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და რაც მთავარია, უმაღლესი პროფესიული სტანდატების სრული დაცვით დაადგინა, რომ თემურ ბასილიას არ ჩაუდენია რაიმე სახის დანაშაული და მის მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური მოტივით დევნას და პოლიტიკურ შურისძიებას, რომლის დროსაც, სააკაშვილის რეჟიმი იყენებდა სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლო სისტემას, როგორც პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებს. ამის შემდეგ, როგორც აღნიშნულს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს, თემურ ბასილიას განაჩენის გადახედვის საქმე განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

მიუხედავად საქართველოს პროკურატურის მიერ ასე დეტალურად და მაღალი პროფესიული სტანდარტით მომზადებული საქმისა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით, დადგენილების განსახილველად დაშვებისა და ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადახედვის თაობაზე, სრულიად დაუსაბუთებელი მიზეზით, უარი თქვა. სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ (თავმჯდომარე: ნათია ბარბაქაძე, მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე, ლევან თევზაძე) თავის შეფასებაში აღნიშნა, რომ „მოცემულ შემთხვევაში, პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა ვერ იქნა მიჩნეული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ, განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებად, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, 2008 წლის 27 ოქტომბერის განაჩენი თემურ ბასილიას მიმართ გამოიტანა მის დაუსწრებლად, რომელიც სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და შესაბამისად, ამ ეტაპზე საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის“.  

პირველ რიგში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის არაპროფესიული და არკვალიფიციური. კერძოდ, იგი ეწინააღმდეგება:

  1. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველ, მე-2, მე-3, მე-8 და მე-11 მუხლებს;
  2. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და მე-40 მუხლებს;
  3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5, მე-13, 310-ე, 311-ე, 312-3 და 313 მუხლებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ამ დაუფიქრებელი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით, ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, რომ შეწყვეტილიყო თემურ ბასილიას პოლიტიკური მოტივით დევნა, რაც დაიწყო სააკაშვილის რეჟიმის დროს 2005 წლის ზაფხულიდან და დღემდე გრძელდება. ფაქტია, საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ თემურ ბასილია არის უდანაშაულო და ითხოვს მისი საქმის გადახედვას, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლო, რომლის უმთავრესი ფუნქცია უნდა იყოს სიმართლის გარკვევა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვა, ბლოკავს საქმის განხილვას, არ ცდილობს სიმართლის გარკვევას, თავად არღვევს ადამიანის უფლებებს და აგრძელებს პოლიტიკური მოტივით დევნას. ბუნებრივია, იმ პოლიტიკურ დევნაზე, რაც თემურ ბასილიას მიმართ ამჟამად ხორციელდება, პასუხისმგებლობა ეკისრება თბილისის სააპელაციო სასამართლოს. ასევე, ფაქტია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების თვალში ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმები.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პროკურატურა და  სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, ამ ეტაპზეც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ. ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება გასაჩივრებულია საქართველოს უზენაესს სასამართლოში. იმედი გვაქვს, საქართველოს უზენაესი სასამართლო პასუხისმგებლობით და პროფესიულად მიუდგება აღნიშნულ საქმეს, დროულად და სამართლიანად განიხილავს მას და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც შეწყდება თემურ ბასილიას პოლიტიკური დევნა, მის მიმართ აღდგება სამართლიანობა და მიეცემა მას საშუალება დაბრუნდეს თავის სამშობლოში“ – ნათქვამია ადვოკატების განცხადებაში.  



კომენტარები