"ახალგაზრდა ადვოკატები" - კონკურსი სამეცნიერო სტატიების მიღებაზე

6 მარტი, 2017

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" "ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრთან" ერთად აცხადებს კონკურსს, სამეცნიერო სტატიების მიღებაზე, სამეცნიერო ჟურნალ „ახალგაზრდა ადვოკატების“ მეშვიდე ნომერში გამოსაქვეყნებლად.

ჟურნალის გამოცემა ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ დაიწყო 2014 წლის პირველი ნახევრიდან. სამეცნიერო ჟურნალი „ახალგაზრდა ადვოკატები“ წარმოადგენს რეფერირებად გამოცემას და მას მინიჭებული აქვს პერიოდული გამოცემის ნომერი - ISSN 1512-4525.

ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება შეუძლიათ, როგორც დოქტორის ხარისხის ან/და მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ასევე დოქტორანტებს, მაგისტრანტებს/მაგისტრებს და ბაკალვრებს. სამეცნიერო ჟურნალი „ახალგაზრდა ადვოკატები“ სტატიებს გამოაქვეყნებს სამართლის სფეროში არსებულ ნებისმიერ საკითხზე.

სამეცნიერო ჟურნალის მეშვიდე ნომრის გამოცემა მოხდება 2017  წლის ივნისში. სტატიების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 05 ივნისი,  18:00 საათი.

მოთხოვნები სტატიისადმი:

** სტატიის საორიენტაციო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 12 გვერდს;

** სტატია უნდა აიკრიფოს 12 ზომის Sylfaen-ის შრიფტით;

** სტრიქონებს შორის დაშორება უნდა იყოს 1.5 ინტერვალი;

** სტატიას უნდა ახლდეს მოკლე რეზიუმე;

** სტატიაში გამოყენებული უნდა იყოს სქოლიოები. წყაროს მითითება უნდა განხორციელდეს ორიგინალის ენაზე შემდეგი წესით: წიგნის შემთხვევაში - მიეთითოს წიგნის დასახელება; ავტორ(ებ)ის ან/და რედაქტორის სახელი გვარი; გამომცემლობა; ქალაქი; გამოცემის წელი; სტატიის შემთხვევაში - ავტორ(ებ)ის ან/და რედაქტორის სახელი და გვარი; გამოცემის დასახელება, ნომერი, გვერდები და წელი.

ნაშრომში დაცული უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობა:

სტატიის სათაური;

ავტორის სახელი და გვარი;

სამეცნიერო ხარისხი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

სტატია;

გამოყენებული ლიტერატურა;

რეზიუმე.

სტატიის მიღება იწარმოებს შემდეგი წესით:

**ავტორმა სტატიის ელექტრონული ვერსია უნდა გადმოგზავნოს Word-ის დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - infoedubarristers@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ - სტატია. ჟურნალის რედაქციის მიერ განიხილება სტატია და ავტორს არაუგვიანეს 2017 წლის 20 ივნისისა ეცნობება პასუხი ჟურნალში სტატიის გამოქვეყნების შესახებ.

** სტატია, რომელშიც არ იქნება დაცული სტატიისადმი არსებული მოთხოვნები და თანმიმდევრობა, არ იქნება განხილული და ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.

** სტატია უნდა აკმაყოფილებდეს მის მიმართ წაყენებულ ყველა მოთხოვნას. ჟუნალის რედაქცია არ განახორციელებს ჩასწორებას, თუმცა უფლებას იტოვებს შენიშვნებით დაუბრუნოს უკან, ავტორს. ავტორის მხრიდან შენიშვნების გათვალისწინებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემთხვევაში რედაქცია კვლავ განიხილავს სტატიის გამოქვეყნების საკითხს.

** ავტორი თავად არის პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე, მის ღირებულებასა და მასში მოყვანილ ფაქტებზე.

** ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატია არც წერილობითი და არც ელექტრონული ფორმით არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან/და გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ნებისმიერ სხვა გამოცემაში.

** სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაზე საავტორო უფლება ეკუთვნის ავტორს, სამეცნიერო ჟურნალ „ახალგაზრდა ადვოკატებზე“, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებს“ და „ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრს“.

სამეცნიერო  ჟურნალ „ახალგაზრდა ადვოკატების“ ელექტრონული ვერსიები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - http://edubarristers.ge/ge/page/index/16  

 



კომენტარები