„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სტუდენტთა დაფინანსების წესზე ალტერნატიული წინადადებები წარმოადგინა

10 თებერვალი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  განცხადებას ეხმაურება, რომელიც სტუდენტთა დაფინანსების წესის ცვლილებასა და საგრანტო პოლიტიკის შეცვლას ეხება. ორგანიზაციამ შეისწავლა საკითხი, მოახდინა რეფორმის გამოწვევების იდენტიფიცირება და სამინისტროს წარუდგინა სტუდენტთა დაფინანსების წესისა და გრანტის ფლობის თაობაზე, ალტერნატიული წინადადებები, რომელიც იცავს ბალანსს სტუდენტების აკადემიური მოსწრების შეფასებასა და გრანტის ფლობის მიზნობრიობას შორის.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, მინისტრი აუცილებლობად მიიჩნევს დაფინანსების წესის აკადემიურ მოსწრებაზე მიბმასა და ცალკეული კომპონენტების ცვლილების შემუშავებას. ჯერ-ჯერობით უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის გახდება აღნიშნული ცვლილების სახე საბოლოოდ დამტკიცებული და ცნობილი, მაგრამ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცვლილება 2017 წლისთვის ნაწილობრივ მაინც აისახება სტუდენტთა დაფინანსების სისტემაზე. საკითხის აქტუალურობისა და მაღალი საჯარო ინტერესის  გამო, აუცილებელია, მისი სიღრმისეული შესწავლა და ასევე, ინიციატივის უარყოფითი შედეგების ანალიზი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ საკითხის შესწავლის შედეგად, ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს შემდეგ გარემოებებზე:

  • „კარგი“ და „ცუდი“ - შეფასებითი ცნებებია და შესაბამისად, რთული აღსაქმელია, თუ რა იგულისხმება კარგი ან ცუდი აკადემიური მოსწრების მიღმა. ძირითადი შეფასების სისტემა აგებულია შემდეგ პრინციპზე: 91-100 ქულა აღიქმება, როგორც ფრიადი, 81-90 ძალიან კარგი, 71-80 კარგი, 61-69 დამაკმაყოფილებელი, 51-60 საკმარისი, 0-50 არადამაკმაყოფილებელი. შესაბამისად, უნდა განისაზღვროს, თუ რომელი შეფასების კატეგორია განეკუთვნება „კარგ“ და „ცუდ“ აკადემიურ მოსწრებათა რიცხვს.
  • თუკი ცვლილების შინაარსი დაეფუძნება „ჩამორთმეული“ გრანტის გადაცემას მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტზე, მაშინ ვაწყდებით ადმინისტრირების პრობლემას.  გრანტის გაცემის პოლიტიკა და მისი სამართლიანად განხორციელება უშუალოდ უკავშირდება სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, შესაბამისობის ცხრილების შედგენასა და სხვა აქტივობებს, რაც დროში გაწელილი პროცესია, რომელიც ყოველწლიურად, სხვადასხვა ხარვეზის სათავე შეიძლება გახდეს.
  • შესაძლებელია, რომ კონკრეტული უნივერსიტეტი გაცილებით მაღალ მოთხოვნებს უყენებდეს სტუდენტებს შესაბამის საგანში სრულყოფილი ცოდნის მისაღებად, ვიდრე სხვა. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, რომ გარკვეულ უსამართლობასა და უთანასწორობას ჰქონდეს ადგილი იმ სტუდენტების გრანტის შენარჩუნების განსაზღვრისას, რომელთა შეფასებაც განსხვავებულ სისტემებს ეყრდნობა.
  • საგრანტო სისტემაში ცვლილებების გასამართლებლად არასაკმარისი არგუმენტია მხოლოდ სტუდენტთა მოტივაციის გაზრდა. საგანმანათლებლო დარგში არსებობს სახელმწიფოს მიერ შემუშავებული და მოქმედი პროგრამები, რომლებიც უშუალოდ სტუდენტთა მოტივაციის გაზრდისკენაა მიმართული. მაგალითად, სახელმწიფო სტიპენდიების პროგრამა, საჯარო სამსახურში სტაჟირების შესაძლებლობა მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სარეკომენდაციო წინადადებით მიმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მოთხოვს შემდეგი საკითხების გათვალისწინებას:

  • საქართველოს არაერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აპრობირებული მეთოდია სტუდენტთა სახელისა და გვარის დაშტრიხვა  შუალედური და დასკვნითი გამოცდების საგამოცდო ფურცლებზე/ნაშრომებზე. აღნიშნული სისტემის არა ნებაყოფლობითობა, არამედ ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სავალდებულო წესით შემოღება შეამცირებს ლექტორთა/სემინარის ხელმძღვანელთა მიერ საგამოცდო ნაშრომის არაობიექტურ შეფასების რისკს. მოლოდინი იმისა, რომ გამოცდა შეფასებული იქნება განსაზღვრულ ფარგლებში, აუცილებელი წინაპირობაა საბოლოო ნიშნის ობიექტურობისა. შესაბამისად, თუკი სტუდენტთა დაფინანსების სისტემა დამოკიდებული იქნება აკადემიურ მოსწრებაზე, აუცილებელია, ლექტორების მიერ საბოლოო შეფასებები იწერებოდეს სამართლიანად, ობიექტურად და საერთო სისტემის ფარგლებში.
  • თუკი აღნიშნული სისტემის შემოღება მაინც განხორციელდება, საჭიროა განისაზღვროს, რომ ის საერთო იყოს ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის და არ მიეცეს ცალკეულ უნივერსიტეტებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სისტემაში შიდა ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა, რადგან განსხვავებული მიდგომებისა და შეფასების არსებობა, გაართულებს სტუდენტთა მობილობის პროცესში გრანტის შენარჩუნების/განსაზღვრის წესს.


კომენტარები