“ახალგაზრდა ადვოკატები“ დევნილთა შემწეობის შესახებ მინისტრთან სადისკუსიო შეხვედრას დაესწრო

3 თებერვალი, 2017

2017 წლის 3 თებერვალს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში სამოქალაქო ორგანიზაციებთან შეხვედრას დაესწრო. საუბარი ეხებოდა დაგეგმილი რეფორმის ირგვლივ დისკუსიას და სარწმუნო ინფორმაციის მიღებას, რომელიც უკავშირდება დევნილთა 45-ლარიანი შემწეობის გადანაწილების საკითხზე დაგეგმილ ცვლილებებს. შეხვედრას მინისტრი სოზარ სუბარი ხელმძღვანელობდა, რომელმაც ამომწურავად ისაუბრა რეფორმის დეტალებზე, მოსალოდნელ შედეგებზე და განხორციელების აუცილებლობაზე.

შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოსალოდნელ რეფორმასთან მიმართებით საკუთარი პოზიციები წარმოადგინენ. ცვლილებების მნიშვნელობასა და გამოწვევებზე ისაუბრეს „ახალგარზდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა და ორგანიზაციის მთავარმა იურისტმა. 

„განსახოციელებელი რეფორმის მთავარი პრინციპი უნდა იყოს ის, რაც დასახელდა - საჭიროება. ადამიანებს, რომლებსაც შემოსავლების მიხედვით, დევნილთა შემწეობა - 45 ლარი აღარ სჭირდებათ, ბუნებრივია, ამ შემთხევაში, ეს თანხა მათ მიმართ არ უნდა გაიცეს. პრობლემას ვხედავ ცვლილებების საზოგადოებამდე მიტანის ნაწილში. ადამიანებს კონკრეტული ჯგუფების მხრიდან არასწორად მიეწოდათ ინფორმაცია. ჩვენ ვიცით და დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ რეფორმა, რომელზეც ახლა ვმუშაობთ, არ გულისხმობს დევნილის სტატუსის გაუქმებას, რაც ძალიან სწრაფად უნდა ავუხსნათ ჩვენს ადგილნაცვალ პირებს“ - აღნიშნა არჩილ კაიკაციშვილმა. 



კომენტარები