„ახალგაზრდა ადვოკატები“ რუსთავის აზოტის ქარხნიდან კოლექტიური გათავისუფლების საქმეზე მონიტორინგს განახორციელებს

3 თებერვალი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები’’ რუსთავში აზოტის ქარხნიდან გათავისუფლებული დასაქმებულების საქმეზე მონიტორინგს განახორციელებს და შრომის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით, შეფასებას წარმოადგენს. ორგანიზაციის განცხადებით, 2017 წლის 27 იანვარს საწარმოდან თანამშრომლების კოლექტიური დათხოვნის ფაქტის წინასწარი იურიდიული შეფასება კომპანიის მხრიდან შრომითი უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტებზე მეტყველებს, ვინაიდან საწარმოს დათხოვნილი თანამშრომლების განცხადებით, მათი გათავისუფლება წინასწარი გაფრთხილების გარეშე განხორციელდა, რაც საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევას წარმოადგენს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინტერესია, შესწავლილ იქნეს საკითხი, თუ რა გარემო პირობების გამო გახდა აუცილებელი დასაქმებული პირების გათავისუფლება, რატომ აღმოჩნდა ფინანსური პრობლემების წინაშე კომპანია, როგორ ნაწილდება გათავისუფლებულთა მიმართ სახელმწიფოსა და კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ტვირთი. ორგანიზაცია მონიტორინგის შედეგებს საზოგადოებას წარუდგენს.

ცნობისთვის: 2017 წლის 27 იანვარს, სს „იუ ინვესთმენთმა“, რომელიც შპს „რუსთავის აზოტის“ აქციებს ფლობს, საწარმოდან 300-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. გათავისუფლებული თანამშრომლები დღემდე მათი შრომითი უფლებების აღდგენას ცდილობენ და კომპანიასთან კომუნიკაცია მიმდინარეობს.

                                                                                                                



კომენტარები