თემურ ბასილიას განაჩენის გადახედვა კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ როგორ ექცეოდნენ უდანაშაულო ადამიანებს

27 იანვარი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 27 იანვრის ოთხი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილების მიღებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესაში, სისტემური დანაშაულებების დადასტურების მიმართულებით, პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, 2017 წლის 27 იანვარს პროკურატურამ გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო 1995-2003 წლებში, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეკონომიკურ საკითხებში, თემურ ბასილიას საქმეზეც, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და 2011 წლის მაისიდან სარგებლობს პოლიტიკური დევნილის სტატუსით.

თემურ ბასილია გასამართლებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით ქრთამის აღების ცრუ ბრალდებისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2006 წლის 25 თებერვალს, გენერალური პროკურატურის მიერ თაღლითობის და დოკუმენტის გაყალბებისთვის დაკავებული იყო სს ,,ინტელექტბანკი“-ს გენერალური დირექტორი გოგი სალია და ცენტრალური ფილიალის მმართველი ლევან კვირიკაშვილი. გენერალურ პროკურატურას სურდა დანაშაულში გამოევლინა საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია, რომელიც დაპირისპირებული იყო იმჟამინდელ ხელისუფლებასთან. ამ მიზნით, პროკურატურის ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით საპატიმრო დაწესებულებაში, ფარულად, კანონდარღვევით შეიყვანეს ,,ინტელექტბანკის“ აქციონერები, რომლებმაც პატიმარ გოგი სალიას და ლევან კვირიკაშვილს გადასცეს პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ხელი მოეწერათ იმ ჩვენებაზე, რომელსაც მათ გამოძიება წარუდგენდა, თითქოსდა თემურ ბასილია ,,ინტელექტბანკისთვის“ დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, ბანკისგან ქრთამის სახით იღებდა ფულად თანხებს. პროკურატურისთვის ასეთი ჩვენების მიცემის შემთხვევაში კი მათი საქმე დადებითად გადაწყდებოდა და ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებდნენ საპატიმრო დაწესებულებას. პროკურატურის მიერ ასეთი მეთოდებით ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ, თემურ ბასილია უკანონოდ იქნა მსჯავრდებული.

თემურ ბასილიას ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს პროკურატურის დადგენილება ეფუძნება საქმეზე ახალ მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებებსა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძვლიან შესწავლას. პროკურატურამ  თავისუფალ გარემოში, პროფესიული სტანდარტის დაცვით, თემურ ბასილიას საქმეზე დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ დევნას, პოლიტიკურ შურისძიებას, რომელიც განახორციელეს სასამართლო განაჩენების სახით. არჩილ კაიკაციშვილი იმედს გამოთქვამს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმის გადახედვის პროცედურებს დააჩქარებს და თემურ ბასილიას სამშობლოში დაბრუნების საშუალება რამდენიმე თვეში მიეცემა.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი საქმეში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით, 2016 წლის აგვისტოდან ჩაერთო. სასამართლო ეტაპზე, თემურ ბასილიას კანონიერ ინტერესებს დაიცავს სისხლის სამართლის სპეციალისტი, ადვოკატი გია ტაბლიაშვილი. 



კომენტარები