„ახალგაზრდა ადვოკატები“ პროკურატურისგან მოსამართლის საქმის შესწავლას მოითხოვენ

16 იანვარი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს მთავარ პროკურატურაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მიმართ, სავარაუდო კორუფციული სამართალდარღვევის ფაქტზე, განცახდება შეიტანეს და საქმის შესწავლა მოითხოვეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მოსამართლის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლის შემდგომ, კვლავ პასუხგაუცემელი რჩება კითხვები, თუ სად ცხოვრობს მოსამართლე დიანა ფარქოსაძე და რა ვითარებაში შეიძინა ოჯახმა ბინა თბილისში.

როგორც ცნობილია, დიანა ფარქოსაძემ განიხილა და არ დააკმაყოფილა მოქალაქე როლანდ ბლადაძის სარჩელი, რომლითაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან და საქართველოს მთავრობასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახით, სადავოა ბათუმში უკანონოდ ჩამორთმეული საცხოვრებელი სახლი. მოსამართლის ოჯახის მიერ შეძენილი უძრავი ქონების პერიოდი ემთხვევა პერიოდს, როდესაც დიანა ფარქოსაძე „პაპუაშვილის საქმეზე“ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს. კერძოდ, დიანა ფარქოსაძემ 2016 წლის 5 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებით, არ დააკმაყოფილა გიორგი პაპუაშვილის საჩივარი 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე ყადაღის უზრუნველყოფის შესახებ და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, გადაგზავნილ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, ხოლო 2016 წლის 18 აპრილს, მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ როლანდ ბლადაძის განმეორებითი მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე, არ დააკმაყოფილა და გიორგი პაპუაშვილის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მიღებული წერილის თანახმად, მოსამართლე დიანა ფარქოსაძეზე არ გაიცემა საცხოვრებელი ბინის დაქირავებისთვის თანხა. მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის თანახმად, დიანა ფარქოსაძე რეგისტრირებულია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რატომ არ არის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციაში მოსამართლის ამჟამინდელი საცხოვრებელი ფართის თაობაზე მითითება. ასეთი მითითება აუცილებელია, როდესაც მოსამართლე არ სარგებლობს სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ბინის დაქირავების უზრუნველყოფით.

ორგანიზაცია საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავს და მოითხოვს, დაიწყოს დიანა ფარქოსაძის ოჯახის მიერ შეძენილი უძრავი ქონების კანონიერების შესწავლა, შესწავლილ იქნეს მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მიერ სავარაუდო კორუფციული სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტის ჩადენა და დადგინდეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რა საფუძვლებით არ ანაზღაურდება დიანა ფარქოსაძის სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება თბილისის საქალაქო სასამართლოში. ორგანიზაცია პატივს სცემს მესაკუთრის უფლებებს და ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრის ამონაწერის უტყუარობის პრინციპით, თუმცა იმავდროულად ხელმძღვანელობს როლანდ ბლადაძის საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესით და საზოგადოების უფლებით, ფლობდეს ინფორმაციას, გააჩნდეს ვარაუდები, ეჭვები და მიმართავდეს კანონით დადგენილ ფორმას, ასეთი ეჭვების ნამდვილობის თუ გამორიცხვის თაობაზე. ორგანიზაციის მიზანია, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელება, რომელიც იქნება ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული და პოლიტიკური გავლენებისგან ბოლომდე თავისუფალი.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მოსამართლის სავარაუდო კორუფციული სამართალდარღვევის ფაქტზე საჩივარი 2016 წლის 24 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესს საბჭოშიც შეიტანეს, თუმცა საბჭოს საქმეზე მოკვლევა ამ დრომდე არ დაუწყია. დიანა ფარქოსაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში უფლებამოსილებას 2015 წლის 1 მაისიდან ახორციელებს. მოსამართლე დანიშნულია 3–წლიანი გამოსაცდელი ვადით. სწორედ დიანა ფარქოსაძემ განიხილა როლანდ ბლადაძის სარჩელი და 2016 წლის 5 აგვისტოს ჩამორთმეული ქონების დაბრუნებაზე, მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმეზე სააპელაციო პალატა 2017 წლის 31 იანვარს იმსჯელებს. 



კომენტარები