„ახალგაზრდა ადვოკატები“ - ჩვენი საქმიანობა ემყარება ღირსებას, თავისუფლებას და თანასწორობას

29 დეკემბერი, 2016

ჩვენი საქმიანობისთვის 2017 წელი იქნება მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის შეფასებისა და კვლევის წელი, ვინაიდან მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა და სასამართლოს კანონიერ გადაწყვეტილებებზე საჯარო დისკუსია ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფისთვის, ერთ-ერთ შესაძლებლობად რჩება. 

დღეს ადამიანის უფლებების დამცველი მთავარი ინსტიტუცია სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს, რომელსაც სჭირდება პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელი და თავისუფალი მოსამართლეები. ხელისუფლებამ უნდა შექმნას სასამართლოს დამოუკიდებლობის რეალური გარანტიები, მიუკერძოებელმა მოსამართლეებმა კი არ დაუშვან შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელება და უკანონო გადაწყვეტილებებით, ადამიანის უფლებების შეგნებული დარღვევა.

სამწუხაროდ, ჩვენი სასამართლო საქმიანობის გამოცდილება, მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზე მიგვითითებს გარემოებებზე, როდესაც ცალკეული მოსამართლეები, საქართველოს სახელით, აგრძელებენ სისტემური დანაშაულებების დაკანონებას, რაც რეაგირების გარეშე რჩება. სასამართლო სისტემაში საუბარია სავარაუდო კორუფციულ სამართალდარღვევებზე, რაზედაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სდუმს. მნიშვნელოვანია, ამ საკითხებზე სასამართლოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ყურადღება დაუთმოს საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პარლამენტმა. სახელმწიფომ შექმნას დაუცველი მოქალაქის დაცვის რეალური გარანტიები, როდესაც უფლების აღმდგენი ინსტიტუცია სასამართლოა.

მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტმა მომდევნო საქმიანობის პროცესში ადამიანის უფლებათა დაცვის მეტი გარანტოებისთვის, შექმნას დამატებითი დაცვის მექანიზმები. პარლამენტი სათანადოდ უნდა აფასებდეს იმ მდგომარეობას, რომ საზოგადოებამ წინა ხელისუფლებიდან მემკვიდრეობის სახით მიიღო სისტემური დანაშაულებები, რომელთა მტკიცებას, საერთო სასამართლოებში, სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არსებობა. დღეს არაერთი საქმეა, როდესაც კანონში არსებული დათქმების გამო, მოქალაქეები სამოქალაქო უფლებებში აღდგენას ვერ ახერხებენ. ამასთან, ორგანიზაცია ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს მთავრობის მეტი ეფექტური მოქმედებების აუცილებლობაზე.

საზოგადოებას ნდობა უნდა დაუბრუნდეს იმ სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის სახელით, საზოგადოების ანტიგანწყობებს იმსახურებს. ქვეყანაში მნიშვნელოვანი პრობლემაა დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვას შერჩევითი პრინციპის გარეშე განახორციელებენ. ფინანსურად ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციები მხოლოდ მიმართულია კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვაზე, რაც, თავისთავად, მიუღებელი არ არის, მაგრამ ქვეყანაში ტენდენციის სახე იღებს ერთი ან რამდენიმე უფლების დაცვის პროპაგანდა, როდესაც ადამიანის უფლებების დაცვას უნდა ჰქონდეს საყოველთაობის მიზანი.

ჩვენი საქმიანობა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ემყარება სამ ძირითად ფასეულობას - ღირსებას, თავისუფლებას და თანასწორუფლებიანობას. ჩვენმა ორგანიზაციამ 2012 წლიდან დღემდე არაერთი წარმატებული საქმით წარმოაჩინა ადამიანის უფლებების დაცვისთვის თავდადება, რაც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ნიშნავს საზოგადოებისა და ჩვენი პროფესიის წინაშე. არსებობს დაბრკოლებები და სირთულეები, მაგრამ ეს ჩვენთვის არ ცვლის ჩვენს ფასეულობებს და მოტივაციას, წარმატებით გავაგრძელოთ ადამიანის უფლებების დაცვა და უფლებების დაცვის სფეროში ყველას შევახსენოთ, რომ მთავარი ღირებულებაა - ადამიანი!

არჩილ კაიკაციშვილი

ხელმძღვანელი

28/12/2016



კომენტარები