პალატამ გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო ქონებაზე სხდომა დანიშნა

21 ოქტომბერი, 2016

თბილისის სააპელაციო სასამართლო სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე სასამართლო სხდომის თარიღი გახადა ცნობილი. სასამართლო გადაწყვეტილებით, საქმეზე მთავარი სხდომა 2016 წლის 27 ოქტომბერს, 15:00 საათზე, #8 სხდომათა დარბაზში გაიმართება. ასევე, ცნობილი ხდება საქმის განმხილველი მოსამართლეების შესახებაც - გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე), რომელიც მოსამართლის თანამდებობაზე საქმიანობა დაიწყო 2016 წლის 25 ივლისიდან და დანიშნულია 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით და პალატის შემადგენლობაშია კიდევ ორი მოსამართლე - ნინო ქადაგიძე და მანანა ჩოხელი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, როლანდ ბლადაძის ადვოკატი, არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ სხდომის დანიშვნის გადაწყვეტილება მოულოდნელია და სასამართლო ცდილობს დაჩქარებული წესით საქმეზე გადაწყვეტილებების მიღებას. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, მხარემ სააპელაციო საჩივარი 2016 წლის 27 სექტემბერს წარადგინა. თბილისის სააპელაციო სასამართლო შემჭიდროვებულ ვადებში მიიღო საქმეზე სხდომის დანიშვნის გადაწყვეტილება და რჩება სრული ვარაუდი იმისთვის, რომ სასამართლო იგნორირებას უკეთებს იმ მტკიცებულებებსა და დასაბუთებას, რომელიც როლანდ ბლადაძემ სააპელაციო პალატის წინაშე დააყენა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ გეგმავს, საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიაწოდოს იმ ახალ ფაქტებთან და გარემოებებთან მიმართებით, რომელიც სააპელაციო პალატისთვის წარდგენილია და რომელიც აგრეთვე, უშუალოდ ეხება ჩამორთმეული ქონების საქმეზე პროცესის მონაწილე პირების საქმიანობას.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, როლანდ ბლადაძის მიერ გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, დიანა ფარქოსაძის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც როლანდ ბლადაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

როლანდ ბლადაძე მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე: #3/474-16, დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს.

შეგახსენებთ, რომ როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება. სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა.



კომენტარები