სააპელაციო პალატა თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართ „ახალგაზრდა ადვოკატების“ საჩივრის განხილვას იწყებს

17 ოქტომბერი, 2016

2016 წლის 25 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა ჟურნალ „ტაბულას“ მთავარი რედაქტორ თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართ, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ სააპელაციო საჩივარს განიხილავს. გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ თამარ ჩერგოლეიშვილის გამონათქვამები ორგანიზაციის მიმართ, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში პოზიციად მიიჩნია და აღნიშნა, რომ ჟურნალისტის მიმართ ორგანიზაცის მეტი ტოლერანტობა უნდა გამოეჩინა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სასამართლოსგან მოითხოვენ, თამარ ჩერგოლეიშვილს დაეკისროს ორგანიზაციის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა, კერძოდ:

  1. ტელეკომპანია "რუსთავი 2–ის" ეთერით, გადაცემა „კურიერში", 2014 წლის 5 თებერვალს, 21:23 წუთიდან გასულ სიჟეტში მოპასუხე თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება: "რასაკვირველია, ეს არის ცილისწამება, წამოწყებული ქართული ოცნების აქტივისტების, იგივე „ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ..." მოპასუხემ, ამ განცხადებიდან გამომდინარე, ტელეკომპანია "რუსთავი 2–ის" ეთერითვე, გადაცემა "კურიერში", უარყოს ზემოაღნიშნული განცხადება, ფაქტი, რომ ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" წარმოადგენენ "ქართული ოცნების" აქტივისტებს.
  2. 2014 წლის 30 იანვარს, მოპასუხე თამარ ჩერგოლეიშვილმა უარყოს სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაკეთებული განცხადება: „დაფრთხდნენ ოცნების აქტივისტები..." მოპასუხემ უარყოს სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ზემოაღნიშნული განცხადება, ფაქტი, რომ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" წარმოადგენენ "ქართული ოცნების" აქტივისტებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ თამარ ჩერგოლეიშვილის კრიტიკა გამოქვეყნებულ კვლევას: „პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაცია და მათი ფარული ბიზნეს ინტერესები“– მოჰყვა, სადაც საუბარი შეეხო მოპასუხის მეუღლის, გიგა ბოკერიას ოჯახთან დაკავშირებული ფირმების მოგების მაჩვენებლებს. ორგანიზაცია მიუთითებდა, რომ თამარ ჩერგოლეიშვილს, კვლევის ავტორების ხელისუფლებასთან დაკავშირებით, საზოგადოება მიზანმიმართულ შეცდომაში შეჰყავდა, ადგილი ჰქონდა მცდარი ცნობების გავრცელებას, ხოლო თუკი სახელისუფლებო პარტიასთან ფარული დავალებების რაიმე სახის მტკიცებულება არსებობდა, პოლიტიკოსის მეუღლეს საზოგადოებისთვის საჯარო უნდა გაეხადა.

თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან, სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა ორგანიზაციის თანადამფუძნებლის, თინათინ ნიბლოშვილის ფოტოს გამოქვეყნებაც, რომელიც ტრიბუნასთან, ბიძინა ივანიშვილის გვერდით დგას.

ორგანიზაციამ მოპასუხის ბრალდებას უპასუხა და მიუთითა, რომ აღნიშნული ფოტო გადაღებულ იყო 2012 წლის 21 აპრილს, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელ ყრილობაზე. რა დროსაც „ახალგაზრდა ადვოკატები“ დაფუძნებულიც არ იყო, ხოლო თინათინ ნიბლოშვილი დამოუკიდებელ უფლებადაცვით საქმიანობას ეწეოდა. თინათინ ნიბლოშვილს ორგანიზაციაში ოფიციალურად აქვს შეჩერებული სადამფუძნებლო საბჭოს წევრის უფლებამოსილება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქმეზე დავას ორგანიზაციის ბიოგრაფიისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, სააპელაციო პალატა შეუძლებელია არ დაეთანხმოს სააპელაციო საჩივრით წარდგენილ არგუმენტაციას და მტკიცებულებათა ერთობლიობას.

ცნობისთვის:  საქმეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში პალატა შემდეგი შემადგენლობით განიხილავს: ხათუნა არევაძე (თავმჯდომარე), ლილი ტყემალაძე და ლევან გვარამია. დავა საერთო სასამართლოებში 2014 წლის 7 მაისიდან დაიწყო. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ 2015 წლის 10 დეკემბერს „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელი არ დააკმაყოფილა. 2016 წლის 26 იანვარს ორგანიზაციამ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თავიდანვე საქმის განმხილველი მოსამართლე ნათია გუჯაბიძე გახლდათ, შემდეგ - ლილი ტყემალაძე, თუმცა სხვადასხვა მიზეზით ზემოაღნიშნული მოსამართლეები საქმის განხილვას ჩამოშორდნენ და საქმეს ამჟამად მოსამართლე ხათუნა არევაძე განიხილავს. სხდომა 11:00 საათზე დაიწყება. 



კომენტარები