სასამართლომ გიორგი პაპუაშვილთან სადავო ბინაზე სახელმწიფო ექსპერტიზა არ დანიშნა

18 ივლისი, 2016

2016 წლის 18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მონაწილეობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ სადავო ქონებაზე, როლანდ ბლადაძის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის შუამდგომლობები განიხილა.

არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა და აღნიშნა, რომ 2007 წლის 21 ივნისის სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების რეალური ღირებულების განსაზღვრის მიზნით, უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ექსპერტიზის დანიშვნა.

არჩილ კაიკაციშვილის თქმით, როგორც სასამართლო საქმის მასალებს გაეცნო, წარმოდგენილია 2000 წლის 15 მარტის როლანდ ბლადაძესა და სოსო ბოლქვაძეს შორის ყიდვა–გაყიდვის ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება, სადაც აღნიშნულია, რომ უძრავი ქონება მისამართზე: ქ. ბათუმი, ერას ქუჩა #37 (ამჟამად გორგილაძის ქუჩა) გასხვისებულ იქნა 18 ათასს ლარად. 2015 წლის 17 მარტის გიორგი პაპუაშვილსა და გიორგი ლევიძეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, სადავო ქონება შეაფსებულია 195 000 აშშ დოლარად. 2007 წლის 21 ივნისის გიორგი პაპუაშვილსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების ღირებულებად მითითებულია – 1000 ლარი.

იქედან გამოდმინარე, რომ გიორგი პაპუაშვილი სადავო ობიექტზე ექპერტის დაშვებაზე უარს აცხადებს, საჭირო იყო სასამართლოს გადაწყვეტილებით მომხდარიყო სახელმწიფო ექსპეტიზის დანიშვნა, რათა შეფასებულიყო ქონების რეალური საბაზრო ღირებულება, რომელიც კავშირშია ხელშეკრულების კანონსაწინააღმდეგო და ამორალურობის დასადგენად.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შუამდგომლობის მიმართ პოზიციის გამოთქმისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სასამართლოს უნდა მიეღო. შუამდგომლობას არ დაეთანხმა გიორგი პაპუაშვილის ადვოკატი.

სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, სადავო ხელშეკრულების რეალური ღირებულების დადგენას მნიშვნელობა არ ჰქონდა, აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილება კი მოემსახურებოდა სასამართლო სხდომის გაჭიანურებას.

არჩილ კაიკაციშვილმა მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზშივე მხარისთვის წართმეული საპროცესო უფლება უწოდა და ცალსახად აღნიშნა, რომ მოსამართლის მიუკერძოებლობიოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან კითხვებს აჩენდა. არჩილ კაიკაციშვილმა დიანა ფარქოსაძის საქმიდან აცილების საკითხის დასმა არ გამორიცხა, რაზედაც მოსამართლემ აღნიშნა, რომ აღნიშნული მოქმედება მხარის უფლებას წარმოადგენდა. 



კომენტარები