სასამართლომ გიორგი არველაძისა და ელენე თევდორაძის მოწმის სახით დაკითხვაზე უარი თქვა

18 ივლისი, 2016

2016 წლის 18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მონაწილეობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ სადავო ქონებაზე, როლანდ ბლადაძის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის შუამდგომლობები განიხილა.

მოსარჩელე როლანდ ბლადაძის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს წინაშე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006–2008 წლებში გიორგი არველაძის მოწმის სახით დაკითხვა მოითხოვა.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სწორედ გიორგი არველაძის უშუალო დავალებითა და ხელმოწერით მოხდა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება გიორგი პაპუაშვილთან. გიორგი არველაძემ არამართლზომიერად განახორციელა სახელმწიფოს ამოცანები, როდესაც სახელმწიფო ფლობდა ინფორმაციას ქონების სადავოობის თაობაზე, თუმცა ქონება მაინც გასხვისდა.

არჩილ კაიკაციშვილის განმარტებით, სასამართლოს ინტერესი უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს მართლზომიერებისა და კანონიერების საკითხის შეფასება. შესაბამისად, ყოფილი მინისტრის მიმართ კითხვები იქნებოდა ლეგიტიმური, რამდენად კანონის ფარგლებში განახორციელა საჯარო უფლებამოსილება.

ამასთან, არჩილ კაიკაციშვილმა მოითხოვა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ელენე თევდორაძის მოწმის სახით დაკითხვა.

არჩილ კაიკაციშვილმა განაცახდა, რომ ელენე თევდორაძემ ჯერ კიდევ 2014 წლის დეკემბერში, ტელე/რადიო ობიექტივის ღია ეთერში განაცახდა, რომ სადავო ქონების გასვისებამდე იმყოფებოდა ბათუმში და შეხვდა გიორგი პაპუაშვილს, სადაც მან სასამართლოს თავმჯდომარეს სთხოვა, რომ სადავო ქონება არ მიეღო. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქმეში არსებობს ელენე თევდორაძის 2007 წლის 18 ივნისის წერილი, რომლითაც დადასტურებულია, რომ სადავო ქონების გადაცემას ქონების გადაცემამდე სახელმწიფო გიორგი პაპუაშვილისთვის ვარაუდობდა.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, როლანდ ბლადაძის მეორე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს გიორგი პაპუაშვილი ცნობილი იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე“. შესაბამისად, არჩილ კაიკაციშვილმა ელენე თევდორაძის დაკითხვა სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებების დასასაბუთებლად მოითხოვა.

სასამართლო დაინტერესდა, უზრუნველყოფდა თუ არა მოსარჩელე მოწმის დასაკითხად წარმოდგენას, რაზედაც არჩილ კაიკაციშვილმა დადებითი პასუხი განაცხადა.

როგორც გიორგი არველაძის, ასევე ელენე თევდორაძის მოწმის სახით დაკითხვაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შუამდგომლობის მიმართ პოზიციის გამოთქმისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სასამართლოს უნდა მიეღო.

შუამდგომლობას არ დაეთანხმა გიორგი პაპუაშვილის ადვოკატი. სასამართლომ არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ ელენე თევდორაძის წერილი საქმეში მტკიცებულების სახით არსებობდა. შესაბამისად, საერთო გადაწყვეტილების მიღების დროს, ელენე თევდორაძის პოზიციაზე აღნიშნული დოკუმენტით იმსჯელებდა, ხოლო გიორგი არველაძის შემთხვევაში მიუთითა, რომ დაკითხვას მიზანშეწონილად არ თვლიდა. 



კომენტარები