„პროკრედიტ ბანკის“ ადვოკატის მხრიდან ანა მაჩიტაძის შეურაცხყოფის ფაქტს ვგმობთ

27 მაისი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ მიმართ, 2016 წლის 27 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდგომ ბანკის კანონიერი ინტერესების დამცველის, გიორგი ოთარიძის მხრიდან მოსარჩელე ანა მაჩიტაძის მიმართ გამოთქმულ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გიორგი ოთარიძე ვალდებულია დაიცვას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კოდექსი, კერძოდ კოდექსის მე-9 მუხლი, რომლის მიხედვითაც, „ადვოკატი, რომელიც მონაწილეობს საქმეში საქართველოს ან უცხო ქვეყნის სასამართლოს ან ტრიბუნალის წინაშე, ვალდებულია დაიცვას და პატივი სცეს ამ სასამართლოში თუ ტრიბუნალში მოქმედ ქცევის წესებს“, „ადვოკატისა და სასამართლოს ურთიერთობის მარეგულირებელი წესები ასევე ვრცელდება ადვოკატის ურთიერთობაზე პროცესის მონაწილეებთან, აგრეთვე არბიტრაჟთან და ნებისმიერ სხვა პირთან, რომელიც ახორციელებს მართლმსაჯულებას ან სასამართლოს მსგავს ფუნქციას“. ამასთან, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის თანახმად, „მხარეების, საქმეში მონაწილე სხვა პირების, აგრეთვე სასამართლო სხდომაზე დამსწრე და სასამართლოში მყოფ სხვა პირთა ისეთი ქმედება, რომელიც სასამართლოსადმი უპატივცემულობას გამოხატავს, იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდგომ, მოსამართლის მხრიდან დარაბზის დატოვებისთანავე (თუმცა, სხდომის მდივანი დარბაზში იმყოფებოდა), ბანკის კანონიერი ინტერესების დამცველი გიორგი ოთარიძე ანა მაჩიტაძესთან თავისივე ინიციატივით პოლემიკაში შევიდა და განუცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მას აინტერესებდა, თუ „რა ნამუსით აპირებდა სამსახურში მისვლას“, რაზედაც ანა მაჩიტაძემ განაცხადა, რომ უხერხულობას ის ადამიანები უნდა გრძნობდნენ, რომლებმაც სამსახურიდან გაათავისუფლა.

ჩვენთვის მიუღებელია ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ კანონიერი ინტერესების დამცველის მხრიდან მოსარჩელის პატივისა და ღირსების შელახვა, როდესაც უკვე სახეზეა საერთო სასამართლოებში რელიგიური მოტივებით, სკანდალურ გათავისუფლებაზე მიღებული გადაწყვეტილება, ანა მაჩიტაძე აღდგენილია სამსახურში, ბანკის კანონიერი ინტერესების წარმომადგენელს კი, არ გააჩნია უფლება, ანა მაჩიტაძის მიმართ იყენებდეს შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, როდესაც ეს არც სამართლებრივად გამართლებულია და არც მორალურად მისაღები. მით უმეტეს, ეს გასაკვირია ადვოკატის პროფესიაში მყოფი ადამიანისგან, რომლის თითქმის ყველა ოფიციალური წერილის თავსართში აღნიშნულია, რომ საქმიანობს კომპანია „RSM Georgia”-ში. ჩვენ გავეცანით აღნიშნული კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდს, რომლის ღირებულებები მიუთითებს საზოგადო ურთიერთობების განსაკუთრებული პრინციპების დაცვას, ბატონი გიორგი ოთარიძე კი, ორგანიზაციის გუნდის შემადგენლობაში, წარმოდგენილია, როგორც კომპანიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია კორპორაციული პასუხისმგებლობა, ქცევის წესი, კლიენტების უფლებების დაცვა პროფესიული ეთიკით დადგენილი სტანდარტების მიხედვით, რაც ბატონ გიორგი ოთარიძეს მოეთხოვება, როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრს, ჩვენს კოლეგას, რაც ცალსახად დარღვეულ იქნა მისი მხრიდან 2016 წლის 27 მაისის სასამართლო სხდომაზე. მიგვაჩნია, რომ ს.ს. „პროკრედიტ ბანკი“ მისი დამცველის ასეთ ქცევას უნდა გაემიჯნოს.

ცნობისთვის: 2016 წლის 27 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსამართლე ბესარიონ ტაბაღუას თავმჯდომარეობით, სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელე ანა მაჩიტაძის სარჩელი (წარმომადგენელი: არჩილ კაიკაციშვილი) ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ მიმართ, რომლის თანახმადაც:

 

  • ბათილად იქნა ცნობილი ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ დირექტორ ქეთევან ხუსკივაძის 2014 წლის 29 აპრილის ბრძანება ანა მაჩიტაძის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე;
  • ანა მაჩიტაძე აღდგენილ იქნა ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ ვაკის სერვის პუნქტში ფიზიკური პირების მრჩევლის თანამდებობაზე;
  • ს.ს. „პროკრედიტ ბანკს“ ანა მაჩიტაძის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის 29 აპრილიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებამდე;
  • ს.ს. „პროკრედიტ ბანკს“ დაეკისრა მოსარჩელის სასამართლო და წინასასამართლო ხარჯების გადახდა.

 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ 2016 წლის 27 მაისის მდგომარეობით, ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ მხრიდან ანა მაჩიტაძის სასარგებლოდ, იძულებითი შრომითი განაცდურის ოდენობა მხოლოდ შეადგენს 31,602 ათასს ლარს. ბანკმა ანა მაჩიტაძეს სრულად უნდა აუნაზღაუროს იძულებითი შრომითი განაცდური სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისთვის.

 



კომენტარები