„პროკრედიტ ბანკის“ მარცხით, გაიმარჯვა ყველა დასაქმებულის უფლებამ შრომობდნენ ანტიდისკრიმინაციულ გარემოში

27 მაისი, 2016

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე თბილისის სააპლაციო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადებას აკეთებს.

2016 წლის 27 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსამართლე ბესარიონ ტაბაღუას თავმჯდომარეობით, სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელე ანა მაჩიტაძის სარჩელი (წარმომადგენელი: არჩილ კაიკაციშვილი) ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ მიმართ, რომლის თანახმადაც:

  • ბათილად იქნა ცნობილი ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ დირექტორ ქეთევან ხუსკივაძის 2014 წლის 29 აპრილის ბრძანება ანა მაჩიტაძის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე;
  • ანა მაჩიტაძე აღდგენილ იქნა ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ ვაკის სერვის პუნქტში ფიზიკური პირების მრჩევლის თანამდებობაზე;
  • ს.ს. „პროკრედიტ ბანკს“ ანა მაჩიტაძის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის 29 აპრილიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებამდე;
  • ს.ს. „პროკრედიტ ბანკს“ დაეკისრა მოსარჩელის სასამართლო და წინასასამართლო ხარჯების გადახდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ 2016 წლის 27 მაისის მდგომარეობით, ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ მხრიდან ანა მაჩიტაძის სასარგებლოდ, იძულებითი შრომითი განაცდურის ოდენობა მხოლოდ შეადგენს 31,602 ათასს ლარს. ბანკმა ანა მაჩიტაძეს სრულად უნდა აუნაზღაუროს იძულებითი შრომითი განაცდური სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისთვის.

2016 წლის 27 მაისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოსამართლემ კიდევ ერთხელ დააყენა საკითხი დავის მორიგებით გადაწყვეტის შესაძლებლობის თაობაზე, რაზედაც მოპასუხე ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ კანონიერი ინტერესების დამცველმა, გიორგი ოთარიძემ აღნიშნა, რომ ბანკი ანა მაჩიტაძესთან მორიგების სურვილს არ გამოთქვამდა. ამასთან, ბანკის სახელით, გიორგი ოთარიძემ წარმოადგინა წერილობითი პოზიცია და აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა და შეეცვალა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ვინაიდან ბანკი საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გააჩნდა უფლებამოსილება, წარდგენილ წერილობით პოზიციაზე ემსჯელა.

ანა მაჩიტაძის კანონიერი ინტერესების დამცველ არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ მოქმდება არავითარ სამართლებრივ ლოგიკაში არ ჯდებოდა. არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, რომ დავაზე მორიგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა, საქმეში არსებობს მორიგების პირობების თაობაზე წერილობითი დოკუმენტიც, რაზედაც ბანკი მუდმივად უარს აცხადებდა. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილმა ბანკის წარმომადგენელს შეახსენა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აგადწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა კი, სამართალში არარსებული ნორმის გამო, უზენაესი სასამართლოს გაადწყვეტილებას, რომლითაც დადგენილად იქნა ცნობილი ანა მაჩიტაძის უკანონო გათავისუფლება, ვერც ერთ შემთხვევაში, ვერ შეცვლიდა.

მოსამართლე ბესარიონ ტაბაღუას განცხადებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ანა მაჩიტაძის გათავისუფლების საკითხზე ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადგინა, რომ გათავისუფლება უკანონოდ მოხდა. მოსამართლემ განმარტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების მიზანი, რის გამოც, თუ რა ნაწილშიც დაუბრუნდა საქმე განსახილველად სააპელაციო პალატას. მოსამართლის განცხადებით, თბილისის სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა მხოლოდ ორ საკითხზე: განაცდური ხელფასის ოდენობა და მოსარჩელის გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობის არსებობა. მოსამართლემ გადაწყვეტილება სათათბირო ოთახში გასვლის შემდგომ გამოაცხადა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბანკიდან თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზი გახდა დასაქმებულის არაკვალიფიციურობა და მისი უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ პოზიციასთან. ბანკმა „არაკვალიფიციურობის“ გამომხატველ გარემოებად მიიჩნია ანა მაჩიტაძის მხრიდან ბანკის მიერ დადგენილი სამუშაო ფინანსური გეგმის შეუსრულებლობა, საქმიანობის შესახებ შიდა პრეზენტაციების ჩაუტარებლობა, ხოლო „უნარ-ჩვევების“ შეუსაბამობაში იგულისხმა კლიენტებთან ზედმეტი ფამილარობა, რაც გამოიხატებოდა სიტყვებით: „ღმერთმა დაგლოცოთ“.

სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია გათავისუფლების ერთ-ერთი მოტივი. კერძოდ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ანა მაჩიტაძის მხრიდან კლიენტებისადმი მიმართვა სიტყვებით „ღმერთმა დაგლოცოს“ არ წამოადგენს ფამილარულ დამოკიდებულებას. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მიმართავა „ღმერთმა დაგლოცოს“ ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული ურთიერთობის სტანდარტებიდან და ფორმებიდან გამომდინარე, არ შეიძლება შეფასდეს ფამილარულ დამოკიდებულებად. აგრეთვე, სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს საკმარისად სერიოზულ საფუძველს იმისთვის, რომ ეს გათავისუფლება მომხდარიყო.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საერთო სასამართლოების მიერ პრეცედენტულ დავაზე მიღებულ გადაწყვეტილებას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, დიპლომატიურ კორპუსაა და სამეცნიერო ორგანიზაციებს გადაუგზავნის. ჩვენ გამოვთქვამთ რწმენას, რომ საბანკო სექტორი შრომით ურთიერთობებში წარმოჭრილ უთანხმოებებს მომავალში მეტი სერიოზულობით მოეკიდება.

ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ ს.ს. „პროკრედიტ ბანკი“ პრობლემებს არ შექმნის სასამართლოს აღსრულების პროცესთან დაკავშირებით. ამასთან, გავქვს მოლოდინი, რომ ბანკი დაიჭერს ღირსეულ პოზიციას და საზოგადოებას ბოდიშს მოუხდის რელიგიური დისკრიმინაციის საფუძველზე ჩადენილი უკანონო მოქმედების გამო, რომელიც უკვე სასამართლოების ძალით, აღიარებული და დამტკიცებულია. 



კომენტარები