მთავრობამ ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის საქმეზე კვლევა მთავარ პროკურატურას გადასცა

12 აპრილი, 2016

საქართველოს მთავრობამ ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის ლისის ტბის დათმობის საქმეზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევა, სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მიზნით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაამისამართა. აღნიშნულის თაობაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის 2016 წლის 28 მარტის წერილშია აღნიშნული. „მიმართვის ავტორი აღნიშნავს, რომ პროკურატურის მხრიდან განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებები არ არის ეფექტური და სწრაფი. სამართლიანობის აღდგენის პროცესს აქვს კრიტიკული ხასიათი“ – ნათქვამია ორგანიზაციის ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის მიმართ წერილში.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის ლისის ტბის დათმობის საქმეზე კვლევა 2015 წლის 18 დეკემბერს წარმოადგინეს.

ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, დაიბარეს მაშინდელ ფინანსურ პოლიციაში და ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პატიმრობით დაემუქრნენ, როგორც მას, ასევე მის ახლობლებს. რამაზ ახლედიანი იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ბიზნესმენის განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს კი პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება ჩამოართვა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ყურადღებას დაუთმოს რამაზ ახვლედიანთან დაკავშირებული ბიზნეს-პარტნიორების ქცევას და სახელმწიფოს მოქმედებებს, რომელიც ტოვებს აშკარა შთაბეჭდილებას, რომ როგორც რამაზ ახვლედიანის ყოფილი ბიზნეს-პარტნიორები, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები, თავიდანვე გამოხატავდნენ დაახლოებას. საქმეში იკვეთება შპს „ლისი ლეიქ დეველოპმენტისა“ და შპს „ფროფერთი დეველოპმენტ ჰოლდინგის“ პარტიონრების მხრიდან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება, განსაკუთრებით, მამუკა ხაზარაძის მხრიდან, რომელიც გახლდათ რამაზ ახვლედიანის პარტნიორი და დაგეგმილი ჰქონდათ ერთად გაეუმჯობესებიათ ლისის ტბისა და მიმდებარე ტერიტორიის  მდგომარეობა. მასალებით დგინდება, რომ ქონების ჩამორთმევის საკითხი მტკივნეული აღმოჩნდა მხოლოდ რამაზ ახვლედიანისათვის, ვინაიდან ქონების ჩამორთმევის შემდეგ ს.ს „ლისის ტბის“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის პრეტენზიას, სულ მცირე განცხადებით მიმართვას უფლებამოსილი ორგანოებისათვის, როგორც ერთ-ერთი დაინტერესებული მხარეს. შესაბამისად, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს საქმეში მამუკა ხაზარაძის „უმოქმედობა“ ქონების ჩამორთმევის თაობაზე, რასაც შემდეგ მოჰყვა ის, რომ მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში არსებულ კომპანიებს სახლემწიფომ პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა ლისის ტბის ტერიტორიაზე არსებული ქონება, მიწის ნაკვეთები, რომლის ნაწილიც წარმოადგენდა ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის საკუთრებას. 2015 წლის 11 აგვისტოს, ორგანიზაციამ 15 კითხვით მიმართა მამუკა ხაზარაძეს, მათ შორის კითხვით, ფიქრობდა თუ არა, რომ რამაზ ახვლედიანი იყო ქონებაჩამორთმეული, თუმცა მამუკა ხაზარაძემ საკითხზე დუმილი ამჯობინა. 



კომენტარები