საჯარო სკოლის მასწავლებელთა შრომითი ანაზღაურება სტაჟის გარეშე, ახალი კრიტერიუმებით უნდა მოხდეს

19 დეკემბერი, 2012

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივმართავთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რათა გონივრულ ვადაში მოახდინოს თბილისის საჯარო სკოლის პედაგოგთა წარმომადგენლობითი ნაწილის წინადადებების შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება, რაც გულისხმობს საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ახლებურ მიდგომას და დარეგულირებას. კერძოდ, წინადადებები გულისხმობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება #576–ში შესატან ცვლილებებს, რომლმაც ახლებურად უნდა უზრუნველყოს საჯარო სკოლის მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების ჩამოყალიბება.

საინიციატივო ჯგუფის შეფასებით, აუცილებელია მინისტრის ბრძანება შეიცვალოს და სამართლიანი გახდეს საჯარო სკოლებში დასაქმებული პედაგოგების ანაზღაურება, რაც, ხშირ შემთხვევაში, არ პასუხობს ქვეყანაში ოფიციალური წესით დადგენილ საარსებო მინიმუმსაც. პედაგოგთა შრომის ანაზღაურების სამართლიანობის დადგენა შესაძლებელი გახდება, თუკი მინისტრის ბრძანება გააუქმებს სახელფასო ანაზღაურებისთვის დაწესებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობისთვის არსებულ სამუშაო სტაჟს. ცვლილებას უნდა დაექვემდებაროს პედაგოგის სამუშაო სტაჟის შესაბამისი კოეფიციენტების გამოთვლაც, რომელიც შრომის ანაზღაურებისას, არათანაბარ მდგომარეობაში ამყოფებს პედაგოგებს. სამუშაო სტაჟისა და სამუშაო სტაჟის შესაბამისი კოეფიციენტის მაგივრად, უნდა შემოვიდეს სამუშაო ანაზღაურებისთვის დადგენილი ერთიანი პრინციპი წარმატებულობის კოეფიციენტის სახით. შესაბამისად, პედაგოგის შრომის ანაზღაურება დამოკიდებული გახდება საკუთარი მოტივაციის, კრეატიულობის, პროგრესირებისა და მოსწავლეთა აკადემიური მაჩვენებლებით. მნიშვნელოვანია წარმატებულობის კოეფიციენტის კრიტერიუმების განსაზღვრის კონკრეტიზაციაც. ამ შემთხვევაში, მისი გასაზღვრა უნდა მოახდინოს საკუთვრივ სკოლამ ან/და თავად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომელიც პირველ ეტაპზე შეიმუშავებდა ერთიანი კრიტერიუმების სისტემას. ასეთი პრაქტიკა არსებობს ევროპის ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემაში, რომლის პრატქიკაც ცხადყოფს, რომ წარმატებულობის კოეფიციენტის კრიტერიუმები უნდა ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ მისი რაოდენობა იყოს გონივრული, რამდენიმე და ეროვნული თავისებურებებისთვის დამახასიათებელი გარემოს გათვალსიიწნებით.

განათლების მინისტრის ბრძანებაში შესული ცვლილებები უნდა შეეხოს სერთიფიცირებული პედაგოგების ნაწილსაც. კერძოდ, საინიციატივო ჯგუფი სამართლიანად მიიჩნევს სერთიფიცირება გახდეს წარმატებულობის კოეფიციენტის ერთ–ერთ მახასიათებელ კრიტერიუმად. სერთიფიცირება აღარ უნდა განიხილებოდეს პედაგოგის შრომის ანაზღაურების დამატებით კრიტერიუმად. მნიშვნელოვან ცვლილებებს მოითხოვს პედაგოგთა 18–საათიანი სწავლების პროცესის ვალდებულებაც ამ შემთხვევაში ანაზღაურება უნდა მოხდეს პროპორციულად ჩატარებული საათების მიხედვით. ამასთან, მნიშვნელოვანია ცვლილება შევიდეს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში და სერთიფიცირება გახდეს ნებაყოფლობითი.

ცნობისთვის: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება #576  მიხედვით, პედაგოგთა სამუშაო სტაჟი ითვალისწინებს პედაგოგიურ, სამეცნიერო, შემოქმედებით საქმიანობას საგანმანათლებლო დაწესებულებაში: 5 წლამდე, 5-დან 10 წლის ჩათვლით და 10 წლის ზემოთ. თითოეულ საფეხურს მინიჭებული აქვს შესაბამისი კოეფიციენტი, რომელიც პედაგოგთა განათლებისა და სამუშაო დატვირთვის კოეფიციენტებთან ერთობლიობაში განსაზღვრავს ხელფასის განაკვეთს. ასეთი რეგულაცია უკვე 2012 წლის სექტემბრიდან მოქმედებს, თუმცა თავად ბრძანება ალექსანდრე ლომაიას დროსაა მიღებული. პედაგოგთა საინიციატივო ჯგუფი რეგულაციის ზოგიერთ ნორმასაც დისკრიმინაციულს უწოდებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ წარმოდგენილ ინიციატივებს საჯარო სკოლის მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და ახალი პირობების შესახებ ვუწოდებთ საყურადღებოს და გამოვთქვამთ მზადყოფნას სკოლის პედაგოგებთან ერთად, მონაწილეობა მივიღოთ სამინისტროში მისი განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობა გეგმავს კარდინალურ ცვლილებებს შრომის კანონმდებლობაში, ხოლო მსოფლიო ბანკის უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება, ევროპისა და ყოფილი საბჭოეთის ქვეყნების მაგალითზე, ერთ–ერთი დაბალია, ხშირ შემთხვევაში კი, არსებულ საარსებო მინიმუმთან მიახლოებულიც არ არის.

 



კომენტარები