ლისის ტბის წართმევა სახელმწიფოს პირველი პირების და ბიზნეს-პარტნიორების შეთანხმებებით მოხდა

18 დეკემბერი, 2015

ორგანიზაცია „ახალაზრდა ადვოკატებმა“, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ ლისის ტბის დათმობის ფაქტებზე კვლევის შედეგები წარმოადგინეს.

ორგანიზაციის მიერ შესწავლილი დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე, 2006 წლის 14 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული 63.5.ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცა რამაზ ახვლედიანს, ხოლო 267 ჰა არასასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცა ს.ს. „ლისის ტბას“, აღნიშნული კომპანიის პარტნიორები იყვნენ რამაზ ახვლედიანი და მამუკა ხაზარაძე. პირობები უნდა შესრულებულიყო 2006 წლის 31 დეკემბრამდე. 2006 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ახალი განკარგულება და ძალადაკარგულად გამოაცხადა რამაზ ახვლედიანისთვის, 2006 წლის 14 ივლისს გადაცემული ლისის ტბის ნაკვეთები. პრეზიდენტმა ახალი განკარგულების მიზეზად დაასახელა ბიზნესმენის მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულებები, რაც საქმეში არსებული არც ერთი დოკუმენტით არ მტკიცდება. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ახალი განკარგულება გამოსცა სწორედ იმ ვითარებაში, როდესაც რამაზ ახლედიანის მხრიდან ყველა პირობა უკვე შესრულებულიყო იყო და 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებითვე აღიარებული ამ პირობების შესრულების საბოლოო ვადაც - 2006 წლის 31 დეკემბერი, ჯერ დამდგარი არ იყო.

ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, დაიბარეს მაშინდელ ფინანსურ პოლიციაში და ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პატიმრობით დაემუქრნენ, როგორც მას, ასევე მის ახლობლებს. რამაზ ახლედიანი იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ბიზნესმენის განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს კი პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება ჩამოართვა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ყურადღებას დაუთმოს რამაზ ახვლედიანთან დაკავშირებული ბიზნეს-პარტნიორების ქცევას და სახელმწიფოს მოქმედებებს, რომელიც ტოვებს აშკარა შთაბეჭდილებას, რომ როგორც რამაზ ახვლედიანის ყოფილი ბიზნეს-პარტნიორები, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები, თავიდანვე გამოხატავდნენ დაახლოებას. საქმეში იკვეთება შპს „ლისი ლეიქ დეველოპმენტისა“ და შპს „ფროფერთი დეველოპმენტ ჰოლდინგის“ პარტიონრების მხრიდან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება, განსაკუთრებით, მამუკა ხაზარაძის მხრიდან, რომელიც გახლდათ რამაზ ახვლედიანის პარტნიორი და დაგეგმილი ჰქონდათ ერთად გაეუმჯობესებიათ ლისის ტბისა და მიმდებარე ტერიტორიის  მდგომარეობა. მასალებით დგინდება, რომ ქონების ჩამორთმევის საკითხი მტკივნეული აღმოჩნდა მხოლოდ რამაზ ახვლედიანისათვის, ვინაიდან ქონების ჩამორთმევის შემდეგ ს.ს „ლისის ტბის“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის პრეტენზიას, სულ მცირე განცხადებით მიმართვას უფლებამოსილი ორგანოებისათვის, როგორც ერთ-ერთი დაინტერესებული მხარეს. შესაბამისად, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს საქმეში მამუკა ხაზარაძის „უმოქმედობა“ ქონების ჩამორთმევის თაობაზე, რასაც შემდეგ მოჰყვა ის, რომ მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში არსებულ კომპანიებს სახლემწიფომ პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა ლისის ტბის ტერიტორიაზე არსებული ქონება, მიწის ნაკვეთები, რომლის ნაწილიც წარმოადგენდა ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის საკუთრებას. 2015 წლის 11 აგვისტოს, ორგანიზაციამ 15 კითხვით მიმართა მამუკა ხაზარაძეს, მათ შორის კითხვით, ფიქრობდა თუ არა, რომ რამაზ ახვლედიანი იყო ქონებაჩამორთმეული, თუმცა მამუკა ხაზარაძემ საკითხზე დუმილი ამჯობინა. 

2015 წლის 13 თებერვალს, რამაზ ახვლედიანმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს „თბილისის უძრავი ქონებისა“ და საქმეში მესამე პირ მამუკა ხაზარაძის მიმართ და მოითხოვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წილის მესაკუთრედ ცნობა. ამასთან, 2015 წლის 12 ნოემბერს, რამაზ ახვლედიანმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ და მოითხოვა ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 ნოემბრის №713 განკარგულება, რამაზ ახვლედიანისათვის 63,5 ჰა მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის გაუქმების ნაწილში. საქმეზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, დაწყებულია სისხლის სამართლებრივი მოქმედებები. საქმეს განიხილავს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი. მოწმის სახით დაიკითხა რამაზ ახვლედიანიც.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, რამაზ ახვლედიანი ქონებაჩამორთმეულია, რომლის მიმართაც ხელისუფლების ცალკეულმა უწყებებმა განახორციელეს იძულება, მუქარა, გამოძალვა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამატება, ნამდვილი იურიდიული ნების საწინააღმდეგოდ, პირადი განცხადების საფუძველზე, უარი ათქმევინეს ბიზნესსა და ქონებაზე, რაც ცალსახად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, დასჯადი ქმედებაა. ორგანიზაციამ კვლევის ფარგლებში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მიმართ, სარეკომენდაციო წინადადებებიც შეიმუშავა, რომელიც საქმეზე სწრაფი და ეფექტური გამოზიების, სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფას ეხება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ კვლევაზე შვიდი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. კვლევა: „სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ“ უნგლისურენოვანი ვერსიაც გამოიცა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ინსტიტუტებსა და დიპლომატიურ კორპუსს გაეგზავნება.



კომენტარები