საკონსტიტუციო სასამართლო მარტვილსა და საგარეჯოში შუალედური საპარლამენტო არჩევნების გაუქმებისთვის ემზადება

16 ოქტომბერი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, მარტვილსა და საგარეჯოში, 31 ოქტომბრის შუალედური საპარლამენტო არჩევნების გაუქმება იგეგმება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ლაშა ციბაძის განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო  მორიგ ხმაურიან გადაწყვეტილებას, უახლოეს დღეებში გამოაცხადებს, რომელმაც ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება უფრო მეტად დაძაბოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მარტვილსა და საგარეჯოში არჩევნების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაში, შესაძლებელია პოლიტიკური მართლმსაჯულების განმახორციელებელ ორგანოს მოგვევლინოს, რომელიც იურიდიულად დასაბუთებული გადაწყვეტილების ნაცვლად, ღია კონფლიტში შეიძლება აღმოჩნდეს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან. ლაშა ციბაძის თქმით, თუკი უახლოესს დღეებში საკონსტიტუციო სასამართლო მუნიციპალირ დონეზე დანიშნულ შუალედური საპარლამენტო არჩევნების გაუქმების გადაწყვეტილებას მიიღებს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ შესაძლებელია, სასამართლო აქედანვე ანტიკონსტიტუციურად აფასებდეს საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოდელსაც, თუკი მარტვილსა და საგარეჯოში შუალედური არჩევნების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება დასაბუთებულია უკვე მიღებული გადაწყვეტილების პრინციპების განმეორებით - ,,საარჩევნო კანონმდებლობა უნდა იყოს მოწოდებული, რომ საარჩევნო ოლქების საზღვრები განისაზღვროს იმგვარად, რომ მიღწეულ იქნეს ხმათა თანასწორობა და ადეკვატური წარმომადგენლობა“.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიღებულია საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც მიზნად ისახავს მარტვილსა და საგარეჯოში ჩატარებული შუალედური არჩევნების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას. სარჩელი ითვალისწინებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, ასევე მე-14 მუხლის პირველი ნაწილის ი) ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას. შესწავლილი საკითხიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სარჩელში მითითებული სადავო მუხლები, ძირითადად არეგულირებენ ცესკო-ს უფლებამოსილებას, დანიშნოს შუალედური არჩევნები. სარჩელის სულისკვეთებას ასახავს სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთება, რომელშიც მითითებულია, რომ მარტვილისა და საგარეჯოს მაჟორიტარულ ოლქებში ბევრად უფრო ნაკლები რაოდენობის რეგისტრირებული ამომრჩეველია, ვიდრე მაგალითად, თბილისის ნებისმიერ ოლქში. შესაბამისად, სარჩელის ავტორი უთითებს თანაბარი საარჩევნო პირობების დარღვევაზე, თანაბარი საარჩევნო „წონის“ დარღვევაზე და ითხოვს ცესკო-ს უფლებამოსილების არაკონსტიტუციურად ცნობას, რაც, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გამოიწვევს უკვე დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში არ მიიღებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის მიხედვითაც, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები და საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა, ასევე ხელისუფლების საჯარო დაპირებას, საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიღებული გადაწყვეტილება და მაჟორიტარული სისტემის გაუქმება მოახდინოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, არსებობს მაღალი მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მარტვილსა და საგარეჯოში დანიშნულ შუალედურ არჩევნებს ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადებს. ორგანიზაციის შეფასებით, მოცემულ ვითარებაში, რადგანაც მოქმედებს შერეული საარჩევნო სისტემა, მარტვილისა და საგარეჯოს უნდა ჰყავდეთ წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს, სასამართლო არ იქცეს პოლიტიკური მოვლენების მხარედ და აღნიშნული მოვლენების თანამონაწილედ. დემოკრატიული საზოგადოების პრინციპიდან გამომდინარე, ხელისუფლების დანაწილება სწორედაც გულისხმობს სასამართლო ხელისუფლების სრულ დამოუკიდებლობას ყოველგვარი პოლიტიკური ზეგავლენისგან. შესაბამისად სასამართლო არ უნდა წარმოადგენდეს მხარეს ქვეყნის სამართლებრივ და პოლიტიკურ მოედანზე და არ გამოხატავდეს საპარლამენტო ოპოზიციის ორგანულ ინტერესებს, ვინაიდან არსებობს მაღალი ალბათობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა, არ მიიღონ სამართლიანი და სახელმწიფო ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება.



კომენტარები