თბილსიის მერია „C.T.PARK“-თან კაბალური ხელშეკრულების გადახედვას არ ახდენს

22 აპრილი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მთავრობასა და კომპანია “C.T.PARK“ შორის დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ექსპერტიზის წარმოდგენისთვის, კიდევ ერთხელ მიმართავს და მოითხოვს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დაზუსტდეს, მიმდინარეობს თუ არა მუშაობა კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების პროექტის მომზადებისთვის.

„ახალგარზდა ადვოკატების“ იურისტის, ჯაბა სირაბიძის განცხადებით, თბილისის მერიასა და კომპანია “C.T.PARK“ შორის 2007 წლის 7 დეკემბერს დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, უნდა დაიწყოს მსჯელობა ხელშეკრულებაში არსებული კაბალური პირობების გაუქმების შესახებ, მეორე მხრივ კი, უნდა დაჩქარდეს საგამოძიებო მოქმედებები და დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი იმ პირთა მიმართ, რომლებმაც, თავის დროზე, დედაქალაქის მოსახლეობის რეალური ინტერესების გათვალისწინიების გარეშე, კომპანიასთან ხელშეკრულების კაბალურ პირობებს დაეთანხმა და “C.T.PARK“-ს ბუნებრივი მონოპოლისტის ფუნქცია შესძინა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მოცემულ ეტაპზე, დისკუსიის საგანი უნდა გახდეს ხელშეკრულების მე-12 მუხლი, რომელიც ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტის შედეგებს ეხება. ორგანიზაციის მიმართ თბილისის მერიის 2015 წლის 7 აპრილის წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თბილისის მთავრობასა და “C.T.PARK“-ს შორის 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში 2009 წლის 23 ივლისს შესული ცვლილებების შედეგად, ოპერირების პირველ წელს, მეიჯარის მიერ მისაღები მინიმალური შემოსავლის, 1 000 000 ლარის გადახდა განისაზღვრა შემდეგი გრაფიკით: 50 000 ლარი (31 მარტი, 2009), 50 000 ლარი (30 აპრილი, 2009) და 900 000 ლარი (30 დეკემბერი, 2019). თბილისის მთავრობის 2011 წლის 28 მარტის დადგენილებით, ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა მესამე ცვლილება და ხელსეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2024 წლის 31 დეკემბერი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ყურადღებას დაუთმობს მხარეთა შორის 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მე-12.2 მუხლით გათვალისწინებულ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პასუხისმგებლობის შედეგებს:

  • თუ შეწყვეტა განხორციელდება დაწყების ტარიღიდან 4 წლის გასვლამდე, მეიჯარე ვალდებულია, მოიჯარეს აუნაზღაუროს თანხა, რომელიც უდრის 500 000 ლარი გამრავლებული სახელსეკრულებო ვადის შეწყვეტიდან  დასრულებამდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე;
  • თუ ხელშეკრულების ხსენებული შეწყვეტა განხორციელდება ხელსეკრულების დაწყებიდან 4 წლის შემდეგ, მეიჯარე ვალდებულია, მოიჯარეს აუნაზღაუროს შეწყვეტის ხარჯები, რომელიც უდრის გასული 12 თვის განმავლობაში მეიჯარის მომსახურებიდან მიღებულ საშუალო თვიურ შემოსავალს (X) გაყოფილს (Y) 2-ზე (ორზე) და გამრავლებულს ხელშეკრულების შეწყვეტიდან მისი ვადის ბოლომდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე (Z).

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ხელშეკრულება, რომელიც წინა მთავრობის მმართველობის პერიოდშია დადებული, შეიცავს სხვადასხვა კაბალურ პირობას, რასაც მოცემულ ეტაპზე, ყველაზე მეტად, მოქალაქეების ინტერესები ეწირება. მნიშვნელოვანია, შესწავლამ გამოკვეთოს, თუ რა ფარულ გარიგებებს შეიძლება ჰქონოდა ადგილი დედაქალაქის მერიასა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის. თბილისის მერიის წერილის თანახმად, კომპანია C.T.PARK–მა, 2011–2013 წლების მონაცემებით, ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ, 15 451 658,42 ლარი გადაიხადა.

ორგანიზაცია შენიშნავს, რომ ასეთი ფინანსური მაჩვენებელი იმ რეალობის გათვალისწინებითაა, როდესაც თბილისში, ფაქტობრივად, პარალიზებულია საპარკინგო სისტემის ფუნქციონირება, მძღოლები ყიდულობენ პარკირების პაკეტს, თუმცა საპარკინგო ადგილი იმდენად მცირეა, შეუძლებელი ხდება მომსახურების მიღება, კამათის საგანს იწვევს კომპანიის მხრიდან მძღოლების დაჯარიმების ფაქტების სამართლიანობაც, მაშინ, როდესაც 2013 წლის 22 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, უკონანოდ იქნა ცნობილი სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა და გაუქმდა საჯარიმო ქვითარი, რადგანაც C.T.Park-ი მხედველობაში არ იღებდა გარემოებას, ფერხდებოდა თუ არა საგზაო მოძრაობა, ან ექმნებოდა თუ არა პრობლემა გზის უსაფრთხოებას, რითაც მნიშვნელოვნად აზიანებდა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეთა ინტერესებს, მათ შორის აყენებდა მატერიალურ ზიანს, რაც ცალსახად წარმოადგენდა კომპანიისთის შემოსავლის გაზრდის მთავარ საშუალებას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საკითხზე გამოხმაურებისთვის კიდევ ერთხელ მიმართავს თბილისის მერ დავით ნარმანიას და დედაქალაქის მოსახლეობის ინტერესების დაცვას, მინიჭებული მანდატის საფუძველზე სთხოვს.  



კომენტარები