სასამართლომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსში 0,3 ქულის დაკლება უკანონოდ ცნო

13 თებერვალი, 2024

საერთო სასამართლოებში აპლიკანტის სასარგებლოდ კიდევ ერთი სამართლებრივი დავა წარმატებით დასრულდა. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა სასტიპენდიო პროგრამა - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2021-2022“-ის მონაწილესთან დავა წააგო. სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან აპლიკანტმა გაასაჩივრა გამსვლელი 30 ქულის პირობებში, 29,7 ქულით შეფასების გადაწყვეტილება, სასამართლო გადაწყვეტილებით კი დაკლებული 0,3 ერთეულის დაკლება უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნო. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცლებეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021 წლის 4 თებერვლის №5-21 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2021-2022“ და გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი. პირველი ეტაპს მოიცავდა განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის (ადმინისტრაციული ფორმალური) შემოწმება. მეორე ეტაპი მოიცავდა საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის პირველ ეტაპზე წარმატებული კონკურსანტების განაცხადების (სამოტივაციო წერილის) შინაარსობრივ შეფასებას. შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე, შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნებოდა დადგენილი, კონკურსანტი გადავიდოდა კონკურსის მესამე ეტაპზე, ხოლო მესამე ეტაპზე უნდა მომხდარიყო გასაუბრების და განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციის შეფასება. კონკურსის მეორე და მესამე ეტაპზე შეფასება ხდებოდა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. მიღებული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სასტიპენდიო პროგრამის „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2021-2022“ ფარგლებში კონკურსის მესამე ეტაპზე გადასულ კონკურსანტთა გამოსავლენად გამსვლელი ქულა იქნებოდა 30 ქულა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ დაცვის ქვეშ მყოფმა აპლიკანტმა კონკურსის პირველ ეტაპზე წარადგინა მოთხოვნილი სრული დოკუმენტაცია, მათ შორის ადლერის უნივერსიტეტში საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრაციიის მაგისტრატურის პროგრამაზე ჩარიცხვის დამადატურებელი დოკუმენტები. ამასთან, კონკურსანტის მიერ კონკურსის მეორე ეტაპზე წარდგენილი იქნა დასაბუთებული განცხადება, რომელიც შეეხებოდა გამოცდილების, მოტივაციის, პროგრამისა და გეგმების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. კომისიამ აპლიკანტის მიერ კონკურსის მეორე ეტაპზე წარდგენილი განაცხადი შეაფასეს შემდეგი ქულობრივი მაჩვენებელებით: 1. გამოცდილება - 5,5,8,3,8,5 საშუალო ქულა 5,7; მოტივაცია - 3,5,10,5,5,8 - საშუალო ქულა 6; 3. სამომავლო გეგმები - 3,8,8,3,8,8 - საშუალო ქულა 6,3; 4. კონკურსანტის პასუხისმგებლობა, მზაობა, 3. მოტივაცია - 3,5,10,5,5,8 - საშუალო ქულა 6; 3. სამომავლო გეგმები - 3,8,8,3,8,8 - საშუალო ქულა 6,3; 4. კონკურსანტის პასუხისმგებლობა, მზაობა, დამოკიდებულება სასტიპენდიო პროგრამის მიმართ (Attitude) – 3,8,10,5,5,5 - საშუალო ქულა 5,7; 5. სამოტივაციო წერილის საერთო სიძლიერე - 3,8,10,3,5,5 - საშუალო ქულა 5,7; ჯამური ქულები 17, 34, 46, 19, 31, 31 - საშუალო ქულა - 29,7. შესაბამისად, ალიკანტმა ვერ გადალახა კონკურსის მე-2 ეტაპი, ვინაიდან კონკურსის მესამე ეტაპზე გადასულ კონკურსანტთა გამოსავლენად გამსვლელ ქულად განსაზღვრული იყო 30 ქულა.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დეტალურად შეაფასა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები, არგუმენტები და მხარეთა ახსნა-განმარტებები, რომლის საფუძველზეც აღნიშნა, რომ მართალია, კონკურსანტთა შეფასებისას კომისია მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, თუმცა სადავო შემთხვევაში შეუძლებელია იმ გარემოების დადგენა ერთი და იმავე კრიტერიუმის შეფასებისას, თუ რატომ იქნა კომისიის წევრების მიერ მინიჭებული რადიკალურად განსხვავებული ქულა. ამასთან, აპლიკანტის სასწავლო/სამუშაო გამოცდილება, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებაა, რატომ შეფასდა კომისიის ერთი წევრის მიერ საშუალოზე დაბალი, ხოლო სხვა წევრის მიერ - საშუალოზე მაღალი ქულით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის მე-2 ეტაპზე აპლიკანტის მიერ წარდგენილი განაცხადის შეფასება განხორციელებული იქნა კონკურსის ჩატარებისათვის დადგენილი წესის დარღვევით, რის გამოც, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება სასტიპენდიო პროგრამის „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2021-2022“-ის კონკურსის მე-2 ეტაპზე მომჩივანის განაცხადის 29,7 ქულით შეფასების ნაწილში და ცენტრს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აპლიკანტის მიერ კონკურსის მეორე ეტაპზე წარდგენილი განაცხადის შეფასების თაობაზე. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს დაეკისრა სასამართლო და სამართლოს გარეშე ხარჯებიც.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც აპლიკანტის სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.04.2022 გადაწყვეტილება. ცენტრმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით.

2024 წლის 5 თებერვლის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. კერძოდ, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარმა ვერც წარმოებაში მიღების ეტაპი გადალახა, რადგანაც სასამართლომ დაადგინა, რომ  თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრება განხორციელებული იქნა ვადის დარღვევით - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა 1 დღის დაგვიანებით წარადგინა საკასაციო საჩივარი.

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქმე მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ განიხილა. თბილისის სააპელაციო სასამართლოში: ნანა ჭიჭილეიშვილმა (თავმჯდომარე), თამარ ონიანმა და დიმიტრი გვრიტიშვილმა, საქართველოს უზენაეს სასამართლოში კი - მაია ვაჩაძემ (თავმჯდომარე) გოჩა აბუსერიძემ და ბიძინა სტურუამ. საერთო სასამართლოებში, აპლიკანტის ინტერესები წარმოადგინა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა.



კომენტარები