სამწუხაროდ, არასამთავრობო სექტორი საქართველოში დამოუკიდებელ ინსტიტუციად ვერ ჩამოყალიბდა

30 დეკემბერი, 2023

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის შეფასებით, სამწუხარო რეალობაა, როდესაც ქვეყანაში არასამთავრობო სექტორი დამოუკიდებელ ინსტიტუციად ვერ ჩამოყალიბდა და საზოგადოებაში საჭირო ნდობა არ გააჩნია, რაც არაერთი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორებითაა განპირობებული. ძლიერ არასამთავრობო სექტორს შეუძლია ხელისუფლების ყველა შტოს რეალური კონტროლი და დემოკრატილი პროცესების, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გადამჭრელი როლის შესრულება. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა ვრცლად ორგანიზაციის 2023 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ინტერვიუს დროს ისაუბრა.

„ - ვისურვებდი, რომ 2024 წელს არასამთავრობო სექტორი იყოს უფრო აქტიური, თუმცა, სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ მესამე სექტორი - არასამთავრობო სექტორი საქართველოში, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუცია, ვერ შედგა. ხშირად, სამოქალაქო ორგანიზაციები არ არიან იმ ნდობის ქვეშ, რომელიც არსებობს დემოკრატიულ ქვეყნებში. აღნიშნულის ბევრი განმაპირობებელი მიზეზია - დამოკიდებულება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მოსახლეობისადმი, მოსახლეობის დამოკიდებულება და ნდობის დეფიციტი, საგრანტო პოლიტიკა, „ლიდერშიფის“ დამოუკდიებლობის ხარისხი და საზოგადოებაში მათი აღქმა, გამჭვირვალობის ნაკლელობა იმ საქმიანობაში, რომელიც მხოლოდ პროექტების ფარგლებში მოწყვლადი ჯგუფების დაცვას შეეხება, არადა ადამიანის უფლებათა დაცვა ინსტიტუციური მოვლენა უნდა იყოს და მესამე სექტორი ამის მებაირაღე“ – აღნიშნავს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, იქ, სადაც დამოუკიდებელი ფული არ არის, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა დამოკიდებულ საქმიანობად ითვლება. „ეს ვინმეს მოეწონება თუ არ მოეწონება, სამწუხარო რეალობა არის ასეთი. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით, მესამე სექტორის დამოუკიდებელ სექტორად ჩამოყალიბების პროცესი კვლავ მყიფეა, არდა საზოგადოებრივი აზრის შექმნა, ხელისუფლების ყველა შტოს კონტროლი, ყველა ევროპულ ქვეყანაში, სწორედ სამოქალაქო სექტორზე გადიოდა“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა. 

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ დაფუძნდა 2012 წლის 9 ივლისს. ორგანიზაცია წარმოადგენს ახალგაზრდა სპეციალისტებით დაკომპლექტებულ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას. მისი შემოსავლის წყაროა: საგრანტო პროექტები, შემოწირულობები და კანონით ნებადართული სხვა შემოსავლები. ასევე, იურიდიული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი, რაც ფრაგმენტული პროექტების მიუხედავად, წარმოადგენს ორგანიზაციის ერთადერთ შემოსავლის წყაროს.



კომენტარები