„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ჰააგის ბავშვთა კონვენციის პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

29 ივლისი, 2022

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამით  გამარჯვებული პროექტ: „ბავშვთა უფლებების დაცვა საქართელოში ჰააგის კონვენციის მიხედვით“ ფარგლებში, პროექტის დასკვნითი ღონისძიება გამართეს. შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში მომზადებული ანგარიშისა და პროექტის მნიშვნელობის შესახებ შექმნილი საინფორმაციო რგოლის პრეზენტაციაც გაიმართა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაციის გუნდი განსაკუთრებული პასუხისმგბელობით მიუდგა პროექტის განხორციელებას, ვინაიდან საქართველო, „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებიდან პირველი აღმოჩნდა, რომელმაც კონვენციიდან წარმოქმნილი უფლებების ადვოკატირება გადაწყვიტა. წარმოდგენილი პროექტი, სახელმწიფოსა და მესამე სექტორს შორის, იქცა კარგი ინსტიტუციური თანამშრომლობის მაგალითად. შესაბამისად, პროექტი ეროვნულ დონეზე წარმოადგენდა პირველ შესაძლებლობას და მექანიზმს, რომელიც ორიენტირებული იქნა იურიდიულად მოწესრიგებული გარემოს შექმნასა და ცნობიერების ამაღლებაზე, რამაც საქართველოს, როგორც რეფორმატორ ქვეყანას, მნიშვნელოვანი ღირსება შესძინა. არჩილ კაიკაციშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოცხადებული ნდობისთვის და შესაძლებლობისთვის. ასევე, იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო გააგრძელებს მსგავსი ინიციატივების განხორციელებას და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის მიმართულებით ინსტიტუციურ მიდგომებს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის, მანანა ბეგიაშვილის შეფასებით, სამინისტრომ საგრანტო პროგრამის ფარგლებში 14 პროექტი შეარჩია და დააფინანსა, რაც მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფოს პოზიტიური როლის შესრულებას. მათ შორის, „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის ფარგლებში ორგანიზაციის მიერ შესრულებული პროექტი მოიცავდა არამხოლოდ უფლებების დაცვას, არამედ სამოქალაქო ცნობიერების კამპანიებს. მანანა ბეგიაშვილმა ისაუბრა სამინისტროსა და ორგანიზაციას შორის პროექტის განხორციელების ფარგლებში არსებულ კომუნიკაციაზე და აღნიშნა, რომ პროექტი შესრულდა პასუხისმგებლობით და მაღალი ჩართულობით.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკომიტეტო საქმიანობის, კომუნიკაციისა და ანალიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის, თამთა დევდარიანის შეფასებით, პროექტი დაეხამარა იურიდიულ საზოგადოებას, ადვოკატებს, რომლებიც გადამზადნენ „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის ფარგლებში წარმოქმნილი სასამართლო დავების ტექნიკაში. თამთა დევდარიანის განცხადებით, პრაქტიკოსი ადვოკატებისა და იურისტებისთვის არსებითი მნიშვნელობის საკითხია საგანმანათლებლო და პროფესიული ტრენინგ-კურსები, რათა სათანადო უნარ-ჩვევებით აღჭურვილნი შეძლონ კონკრეტული საქმეების სათანადო ადვოკატირება. მისი თქმით, პროექტმა ამ კუთხით სრულად უპასუხა არსებულ საჭიროებებს.

პროექტის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა, ნანა ეჯიბიამ მადლობა გადაუხადა ორგანიზაციას და სამინისტროს იმ შესაძლებლობებისთვის, რომელმაც მის წინაშე არსებული საკითხების სათანადო დაცვა და მოწესრიგებილი იურიდიული შედეგი განაპირობა. ნანა ეჯიბიამ აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში, მას სრულად დაუფინანსდა საქმისწარმოებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, რასაც დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა. პროექტის ღირსებებზე ისაუბრეს სიტყვით გამომსვლელმა ადვოკატებმა: ნიკა სადრაძემ, თეიმურაზ ქავშბაიამ, ნანა ნანსყანმა და გულო ბიბილაშვილმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საგრანტო პროგრამის („საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება, ინოვაციური სერვისების დანერგვა, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენცია“) ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარდგენილი პროექტის: „ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოში ჰააგის კონვენციის მიხედვით“ გამარჯვებული 2021 წლის დეკემბერში გახდა. პროექტი 2022 წლის ივნისის ბოლომდე მიმდინარეობდა, რომლიც სამი მიმართულებისგან შედგა: 1. ბენეფიციარების უფასო იურიდიული მომსახურება, 2. პროექტის ფარგლებში სამოქალაქო ცნობიერების კამპანიის მომზადება და 3. იურიდიული სფეროს წარმომადგენლების გადამზადება საქართველოში კონვენციით გათვალისწინებული დავების გადამზადების დროს.

პროექტის განხორციელების მანძილზე, იურიდიული კონსულტაცია გაეწია სამ ბენეფიციარს, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საერთო სასამართლოებში განხორციელდა 2 ბენეფიციარის შემთხვევაში. ამასთან, პროფესიული გადამზადების ტრენინგში, წინასწარ ხელისწავდომი რეგისტრაციის ფორმით, მონაწილეობა მიიღო 19-მა იურისტმა. აქედან 12 გახლდათ პრაქტიკოსი ადვოკატი. ტრენინგის თემას წარმოადგენდა: „როგორ წარვმართოთ საქართველოს სასამართლოში კონვენციის ფარგლებში არსებული დავები: ტექნიკა და პრაქტიკა". შეხვედრაზე გაზიარებული იქნა გამოცდილება, რომელიც არსებობს კონვენციის დავების წარმართვასთან საქართველოში, ასევე გაცნობილი იქნა საკანონმდებლო ჩარჩო და კონვენციის მოქმედების ფარგლები, საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ევროსასამართლოს პრაქტიკა. გაიცა სერთიფიკატი და ტრენინგში მონაწილე პირების შესახებ სია გადაიგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, როგორც კონვენციის განსაზღვრულ ცენტრალურ ორგანოსთან საქართველოში, რათა ხელი შეეწყოს საქართველოში კონვენციიდან წარმოშობილი დავებში გადამზადებული ადვოკატების/იურისტების ბაზის ფორმირებას.

ორგანიზაციამ „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის პოპულარიზაციისა და ეროვნულ დონეზე არსებული ადვოკატირების შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, ქ. თბილისში, ცნობიერების ამაღლების სამოქალაქო კამპანია ჩაატარეს. ორგანიზაციის აღმასრულებელმა გუნდმა, საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს სპეციალური საინფორმაციო ცნობარი გადასცეს, სადაც დეტალურად იქნა აღწერილი კონვენციის მიზნები და ამოცანები, ამასთან კონვენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე სასამართლო დავების წარმოების შემთხვევაში, უფასო იურიდიული მომსახურების პირობები, საკონტაქტო ინფორმაცია და პროექტის მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაცია.

ორგანიზაციამ ცნობარი ქართულ და ინგლისურ ენაზე მოამზადა და გამოსცა, სამოქალაქო კამპანიის ფარგლებშიც, ძირითადად, სამიზნე ჯგუფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, ვინაიდან „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის ფარგლებში, საქართველოს სასამართლოში, ძირითადად მათ შორის მიმდინარეობს დავა ბავშვის ჩვეული საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. ორგანიზაციის წევრებმა 700-ზე მეტ მოქალაქეს გადასცეს საინფორმაციო ცნობარი. გუნდის წევრები მოქალაქეებს განუმარტავდნენ, თუ რა ინფორმაციის მატარებელი იყო საინფორმაციო ბუკლეტი და რა პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა საინფორმაციო კამპანია. მოქალაქეებიც ყურადღებით და ინტერესით ეცნობოდნენ მიღებულ ინფორმციას.

ორგანიზაციამ შექმნა პროექტის ფარგლებში საინფორმაციო რგოლი, რომელიც კონვენციის ფარგლებში შესაძლო მხარეებს დეტალურ ინფორმაციას აწვდის დავების საქართველოში წარმოების პროცესუალურ და პროცედურულ საკითხებზე. ამასთან, გამოიცა პროექტის შემაჯამებელი ანგარიში, რომელიც იურიდიული სფეროს წარმომადგენლებს დახმარებას გაუწევს, მათთვის ხელმისწავდომი გახდეს კონვენციის ოფიციალური ტექსტი მშობლიურ ენაზე, 2019 წლიდან საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოკლე შინაარსი, საქართველოს საპროცესო კანონმდებლობაში კონვენციის ძირითადი მოთხოვნების იმპლემენტაცია, კონვენციის ფარგლებში მხარეთა შორის მორიგების აქტის პროექტი მისი მომზადების ტექნიკის თვალსაზრისით. ამასთან, ანგარიშში ასახულია ქვეყნები, რომლებიც დღესდღეობით წარმოადგენენ „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოებს. მათ შორისაა - საქართველო.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სრულად განისაზღვრა ის საკანონმდებლო საფუძვლები და ინსტრუმენტები, რომლითაც არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ქართულ სასამართლოში წარდგენილი სარჩელის განხილვა უკავშირდება. ქართულ სასამართლოში, ჰააგის კონვენციის ფარგლებში სარჩელების განხილვის დროს, მხარეები, უმეტესს შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, თუმცა ბოლო წლების სასამართლო დავების ტენდენციაც აჩვენებს, რომ დავის მონაწილე ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქები არიან, რომლებიც ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ და თანაცხოვრების მანძილზე ოჯახური უთანხმოებების გამო, განსაკუთრებით COVID19-ის პირობებში, დატოვეს ჩვეული საცხოვრებელი ადგილი, არასრულწლოვნებთან ერთად მოახდინეს საქართველოში გადმოსვლა ან დაბრუნება, ბავშვის მეორე კანონიერმა წარმომადგენელმა - მშობელმა კი სარჩელით მომართა საქართველოს და მოითხოვა შვილის/შვილების ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება.

ასეთ დროს, მხარეები არაერთ პრაქტიკულ და არსებით პრობლემას აწყდებიან - არაკვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას, ვინაიდან ქართველი ადვოკატები არ ფლობენ ინფორმაციას ჰააგის კონვენციის მიზნებსა და ამოცანებზე, კონვენციის ფარგლებში წარმოებული დავების დასაბუთება გააზრებულია მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით საოჯახო დავების გადაწყვეტისთვის დადგენილი წესებით, არ არის ცნობილი ეროვნულ და საზღვარგარეთის ქვეყნის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზი, საერთო სასამართლოებში საქმის წარმართვის, მტკიცებულებების შეგროვებისა და დაცვის სტრატეგიის სათანადოობა, არსებობს იურიდიული მომსახურების არაგონივრული ხარჯი, საქმის მასალების ქართულ ენაზე შედგენისა და ნოტარიული წესით დამოწმების ხარჯი, სასამართლოსთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან სახელმწიფო ენაზე კომუნიკაციის პრობლემა. ამასთან, პრობლემა მოდავე მხარეებსა და წარმომადგენელს შორის ენობრივი ბარიერის თაობაზე და სხვა. განხორციელებული პროექტის ფარგლებში, სწორედ აღნიშნული საჭიროებების უზრუნველყოფა გახდა შესაძლებელი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ „ბავშვთა უფლებების დაცვა საქართელოში ჰააგის კონვენციის მიხედვით“ მეორე პროექტი გახდა, რომელიც ორგანიზაციის აღმასრულებელმა გუნდმა სახელმწიფოსთან თანამშრომლობით განახორციელა. 2017-2015 წლებში, ორგანიზაციამ წარმატებით დაასრულა საქართველოს მთავრობის „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის“ ფარგლებში, სახელწოდებით პროექტი: „სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა უფასო იურიდიული დახმარება“. ორგანიზაცია მადლობას უხდის ყველა ბენეფიციარს, პროექტში ჩართულ პარტნიორებსა და მონაწილეებს სამაგალითო თანამშრომლობისთვის.



კომენტარები