სამი მთავარი სამართლებრივი მიზეზი, რაც საქართველოს ნეიტრალურ სახელმწოფოდ გამოცხადებას შეუძლებელს ხდის

9 აპრილი, 2022

საქართველოს ნეიტრალურ სახელმწიფოდ ყოფნის საკითხზე საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკუსია მთავარ აქცენტებს იყო მოკლებული, რადგანაც ისეთ საფრთხილო და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემაზე, როგორიც ქვეყნის ნეიტრალიტეტია, დასაბუთებული არგუმენტაციის დეფიციტი ან პოპულისტური განცხადებები ჭარბობდა. დღეს, როდესაც 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან - 31 წელი გადის, ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემებისა და გამოწვევების საფუძვლიანი ანალიზი, ადგილს აღარ ტოვებს პოლიტიკური სპექტრი ან საზოგადოებრივი ჯგუფების რაღაც ნაწილი, ისევ ნეიტრალიტეტის გამოცხადების უპირატესობაზე მსჯელობდნენ. აღნიშნულის შესახებ განმარტებას ორგანიზაციაახალგაზრდა ადვოკატებისიურისტი, კალე ურიდია აკეთებს.

რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის პარალელურად, საქართველოში აქტუალური გახდა ქვეყნის ნეიტრალიტეტზე მსჯელობა. არსებობს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ უნდა გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი, არ ჩაერიოს განვითარებულ მოვლენებში და იყოს პასიური დამკვირვებლის როლში. მნიშვნელოვანია, არსებული დებატების სამართლებრივ ჭრილში შეფასება. კერძოდ, არსებული საკანონმდებლო რეგულაციები და პოლიტიკური რეალობა აძლევს თუ არა სახელმწიფოს საშუალებას გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი ან საერთოდაც, აქვს თუ არა იდეას სამართლებრივი პერსპექტივა.

საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებად აცხადებს სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობების ქონას, რაც დემოკრატიული და ცივილიზებული მსოფლიოსთვის საკვანძო მნიშვნელობისაა, თუმცაღა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არსებული ჩანაწერი ქვეყნის ნეიტრალიტეტზე მიუთითებდეს. ნებისმიერი სახელმწიფოს ირჩევს მშვიდობას, მაგრამ იმპერატიულად დადგენილი არ არის, ასეთი მისწრაფება აუცილებლად პოლიტიკური ნეიტრალიტეტით იქნეს მიღწეული. 

კალე ურიდიას განმარტებით, ნეიტრალიტეტის გამოცხადება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთანაა დაკავშირებული, რომლის კუმულატიურად არსებობაა აუცილებელი, რათა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ნეიტრალიტეტი იყოს ქმედითი:

პირველი - ნეიტრალიტეტის მოსურნე სახელმწიფო უნდა იყოს ერთიანი, მის ტერიტორიაზე არ უნდა იყოს განთავსებული სხვა სახელწმიფოს სამხედრო დანაყოფები თუ შეიარაღება. საქართველოს კონსტიტუციის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით: „საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო“ საქართველო იყო ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო“, მაგრამ დღეის მდგომარეობით, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. საქართველოში მოქმედებს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. ოკუპირებულ რეგიონებში განთავსებულია რუსული სამხედრო ქვედანაყოფები, რაც ნეიტრალიტეტის გამოცხადებას შეუძლებელს ხდის. ამ კონტექსტის უგულვებელყოფის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი მის სამართლებრივ კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო საკუთარი ნებით უარს ამბობს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე.

მეორე - უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“ არსებული ჩანაწერი ნიშნავს იმას, რომ ყველა კონსტიტუციური ორგანო ვალდებულია გააკეთოს ყველაფერი, რათა საქართველო გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ ნატო-ს სამშვიდობო მისებსა და სხვა წვრთნებში, რათა ქვეყნის სამხედრო მზაობა დაუახლოვდეს ნატო-ს სტანდარტებს. კონსტიტუციის დასახელებული მუხლი შეუძლებელს ხდის ქვეყნის ნეიტრალიტეტის გამოცხადებას. მართალია, კონსტიტუციის ცვლილება შესაძლებელია, მაგრამ კონსტიტუციის 77-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით: „კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა კონსტიტუციის 46-ე მუხლით დადგენილ ვადაში, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი.“

დღეის მდგომარეობით, საქართველოში არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს საკმარისი მანდატი ასეთი ცვლილებების გასატარებლად. შესაბამისად, ამ კუთხითაც შეუძლებელია საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის ამოღება, ეს კი თავშივე შეუძლებელს ხდის ნეიტრალიტეტის გამოცხადებას.

მესამე - ნეიტრალიტეტისთვის აუცილებელია გახლავთ აღიარება მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან. ნეიტრალიტეტის გამოცხადება მოითხოვს პოლიტიკურ მხარდაჭერას და შესაბამისს გარანტიებს. მაგალითაც, როგორც ეს შვეიცარიაშია. შვეიცარიის ნეიტრალიტეტის გარანტად მეზობელი სახელმწიფოებიც არიან წარმოდგენილი. ჩვენ შემთხვევაში, წარმოუდგენელია, რომელიმე ქვეყანა საქართველოს ნეიტრალიტეტის გარანტად იქნეს დასახული. სომხეთს და აზერბაიჯანს საკუთარი ტერიტორიული კონფლიქტი აქვთ. თურქეთი, მართალია ნატო-ს წევრია, მაგრამ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, რეგიონში რუსეთის შესაძლებლობებს ყოველთვის ყურადღებით აკვირდება და მასთან ღია დაპირისპირებას არ მოახდენს. რჩება რუსეთის ფედერაცია, რომელიც საქართველოს ნეიტრალიტეტის გარანტად - განხილვას არ ექვემდებარება. ისტორიას უყვარს კაზუსები. საქართველოს სახელმწიფოებრივი გზა იცნობს მსჯელობას ნეიტრალიტეტზე. ამის ნათელი მაგალითია 1918 წელს დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, სადაც ვკითხულობთ: „საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“, მაგრამ მაშინ სხვა გეოპოლიტიკური მდგომარეობა და სხვა ამოცანები იდგა. ცალსახაა, ამ ტიპის პოლიტიკამ არ გაამართლა. საქართველომ 1918 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, 1921 წლის 21 თებერვალს კი რუსეთმა საქართველოს ანექსია მოახდინა, რამაც ქვეყნის ევროპული არჩევანი 70-წლოვანი სახელმწიფოებრიობის დაკარგვით შეცვალა.

საქართველო, სამართლებრივი თვალსაზრისით, ნეიტრალური სახელმწიფო ვერ გახდება. დღეს ამის შესაძლებლობას არ იძლევა - არც კანონმდებლობა, არც ტერიტორიული მთლიანობა და არც გეოპოლიტიკური განწყობა. პოლიტიკოსებმა ამ თემაზე სპეკულაცია უნდა შეწყვიტონ, რადგანაც საქართველოს ნეიტრალიტეტის საკითხი არ გამომდინარეობს ეროვნული ინტერესებიდან.  



კომენტარები