თბილისის სააპელაციო სასამართლო ხაშურის ბაღების საქმეზე გადაწყვეტილებას 31 მარტს გამოაცხადებს

14 მარტი, 2022

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას - საბავშვო ბაღების გაერთიანების წინააღმდეგ ირმა გომარელის, თინათინ ლობჟანიძისა და მერი ღონღაძის საქმის განხილვა დაასრულა და გადაწყვეტილებას 2022 წლის 31 მარტს გამოაცხადებს.

ირმა გომარელის, თინათინ ლობჟანიძისა და მერი ღონღაძის მიერ მოთხოვნილია ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება - საბავშვო ბაღების გაერთიანებაში ჩატარებული კონკურსის შედეგების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომლითაც სამ მოქალაქეს პიროვნული შეუთავსებლობის გამო, ხოლო ერთ მათგანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის გამო, უარი ეთქვა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საბავშვო ბაღში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობების დაკავებაზე. მათ წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი და გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე. თითოეული მათგანის სამუშაო გამოცდილება, მონაცემები და პროფესიული უნარ-ჩვევები სრულად აკმაყოფილებდა კონკურსის მონაცემებსა და ამავდროულად, მიუთითებდა მათ უპირატესობას ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებულ კონკურსში გასამარჯვებლად, თუმცა გასაუბრება, რომელიც დებულების თანახმად უნდა დაფუძნებოდა სამართლიანობის, არადისკრიმინაციულობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს, ამავდროულად მიმართული უნდა ყოფილიყო კანდიდატების პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების იდენტიფიცირებისთვის, წარიმართა არაობიექტურად.  

პირველი ინსტანციის სასამართლოს მოქმედება გამაოგნებელია, ვინაიდან გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ხაშურის ბაღების გაერთიანებამ კონკურსის კანონის დარღვევით ჩატარება აღიარა და სარჩელი ნაწილობრივ ცნო. შესაბამისად, ხაშურის რაიონული სასამართლოს 5 აპრილის გადაწყვეტილება საფუძვლიანს ხდის მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოსამართლე აღმოჩნდა მიკერძოებული და ვერ შეძლო სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვა და ადამიანის უფლებების დაცვის პატივისცემა. მოსამართლემ ვერ შეძლო ანგარიშვალდებულების დაძლევა ხაშურის თვითმმართველობის მიმართ. დადგენილია, რომ საქმის განმხილველი ყოფილი მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილი 2012-2015 წლებში მუშაობდა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსად (თუმცა მოთხოვნის მიუხედავად, საქმე არ აიცილა), ხოლო ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანების დამფუძნებელი სწორედ მუნიციპალიტეტის მერიაა. 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ კონკურსის ფარგლებში დაირღვა მოსარჩელეთა შრომითი უფლებები და ამავდროულად, წინასახელშეკრულებო შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი. ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატები შეირჩნენ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შეუსაბამოდ, გამჭოლი ნეპოტიზმისა და პირადი ნაცნობობის საფუძველზე, რაც წარმოადგენს საკონკურსო კომისიის დებულების, საქართველოს შრომით-სამართლებრივი კანონმდებლობის, კონსტიტუციური პრინციპების პირდაპირ დარღვევასა და განაპირობებს კანონთან შეუსაბამო აქტების ბათილობის აუცილებლობას.

ცნობისთვის: ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანების წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელი 2018 წლის 11 იანვარს წარედგინა. ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა 2018 წლის 14 მაისს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განჩინებით, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განჩინება საქმის განუხილევლად დატოვების თაობაზე და საქმე არსებითი განხილვისთვის დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. საქმეზე რამდენჯერმე შეიცვალა სასამართლო შემადგენლობა და ამჟამად მას მოსამართლე გია ბერაია განიხილავს. საქმეზე შედეგი 2022 წლის 31 მარტს, 10:20 საათზე გამოცხადდება.



კომენტარები