მიზანშეწონილია, რუსული კაპიტალის შემოდინებაზე დაისვას მორატორიუმის საკითხი, განისაზღვროს სტატუსი

4 მარტი, 2022

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გარანტიებისთვის პოლიტიკური, სამართლებრივი და ინსტიტუციური დამატებითი გარანტიების შექმნის მიზნით, მთავრობას და პარლამენტს მოუწოდებს, საჭირო, თანაზომიერი და მყისიერი ზომები იქნეს მიღებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისა და იურიდიული პირების გამოხატულ ინტერესებზე, რუსეთ-უკრაინის საომარო მოქმედებების კვალდაკვალ, მაღალი ინტენსივობით მოხდეს საქართველოში უძრავი ქონების შეძენა, კაპიტალის დაბანდება, გრძელვადიანი საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმება თუ საზღვრის კვეთა საცხოვრებელი მიზნებისთვის.

„ახალგაზრდა ადვოკატებს“ მიაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად, საჭიროა მორატორიუმის შემოღება და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მთელი რიგი ღონისძიებების ამოქმედება. მართალია, მორატორიუმი ზღუდავს თავისუფალი ვაჭრობის, გარიგებებისა და ეკონომიკური ბრუნვის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, თუმცა მორატორიუმის მიზანი დროებითი ღონისძიებების გატარებაა, რათა არ მოხდეს გაცილებით მეტი საყოველთაო სიკეთისა და დაცული სფეროს - უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესების ხელყოფა. საქართველოს, ამ კუთხით გააჩნია გამოცდილება, რა დროსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისება შეიზღუდა (2013-2014 წლები). ამდენად, მნიშვნელოვანია რუსეთ-უკრაინის საომარი მოქმედებების პარალელურად, საქართველოში უძრავი ქონების შეძენისა თუ ეკონომოკური აქტიურობების კონტროლის მიზნით, სახელმწიფომ დაბალანსებული პოლიტიკა აირჩიოს და დროებითი სამართლებრივი რეჟიმი შემოიღოს.

ამასთან, მნიშნელოვანია სახელმწიფომ მეტი ყურადღებით და სიფრთხილით მოეკიდოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთას და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მთელი რიგი ღონისძიებები ამოქმედდეს. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პოლიტიკა არ უნდა იყოს დისკრიმინაციული და მიდგომა სრულად უნდა პასუხობდეს თავისუფალი მიმოსვლისა და გადაადგილების ევროპულ და ეროვნულ კანონმდებლობას. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია განჭვრეტადი და ცხადი იყოს რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში საქართველოში შემოსული პირების სამართლებრივი სტატუსი და მდგომარეობა. კანონი შესაძლებელს ხდის და მიზანშეწონილია ასეთი პირების მიმართ გაიცეს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფოს აქვს სამართლებრივი მექანიზმი უცხოელს საქართველოში შემოსვლაზე უთხრას უარი, თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, თუ საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა (იხ. ამავე კანონის მე-11 მუხლი საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები). უცხოელის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმა უნდა იყოს უკიდურესად დასაბუთებული, რაც ექვემდებარება სასამართლო კონტროლს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისას ვალდებულია მიმართოს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს საქართველოს კანონიერი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს იმ პირთა მიმართ საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმა, რომლებსაც გადაკვეთილი აქვთ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვარი ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე გააჩნიათ ეკონომიკური საქმიანობა.



კომენტარები