საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენა ზეპარტიული მოვლენაა

3 მარტი, 2022

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიესალმება საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერისა და ვიზა-ლიბერალიზაციის შემდგომ, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენა არამხოლოდ ევროინტეგრაციის გზაზე არსებითი ხასიათის ნაბიჯია, არამედ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გარანტიებისთვის პოლიტიკურ, სამართლებრივ და ინსტიტუციურ დამატებით გარანტიებს ქმნის.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიზანს, რაც სრულად ასახავს მოსახლეობის ნებას გახდეს დემოკრატიული ქვეყნების ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი. ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც პატივს სცემს და ხელს უწყობს ისეთ ფასეულობებს, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და სხვა. უფლება აქვს, შეიტანოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. საქართველოს წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები, რომელიც მნიშვნელოვნად აფერხებდა ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, საფუძვლიანად უნდა იქნეს აღმოფხვრილი, რათა რეალობა გახდეს მიზნის მიღწევის შანსი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, საქართველო სწორ დროსა და შექმნილ ვითარებაში აკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია საზოგადოებას დროული და საჭირო ინფორმაცია მიეწოდოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შემდგომ პროცედურებზეც, რათა არსებობდეს სწორი აღქმები და მოლოდინები. მართალია, ევროკავშირის კანონმდებლობა ითვალისწინებს განაცხადის შემდგომ განმცხადებელი ქვეყნის სხვადასხვა სფეროში არსებული შედეგების შეფასებას, განაცხადის წარდგენა არ გულისხმობს ევროკავშირის წევრობის უფლების დაუყოვნებლივ მიღებას, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაძლებელია, საგამონაკლისო გადაწყვეტილების მიღება.  მაგალითად, რუმინეთისა და ბულგარეთის სახელმწიფოების შემთხვევაში, მხედველობაში იქნა მიღებული საერთაშორისო მოვლენებისა და საფრთხეების კონტექსტი, რის შედეგადაც, ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილებით, დასახელებული ქვეყნები ევროგაერთიანების წევრები გახდნენ, თუმცა სინამდვილეში, არც ბულგარეთი და არც რუმინეთი, ევროკავშირის მიერ შეფასებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, მიღების მომენტში, ვერ აკმაყოფილებდნენ. უკრაინასთან ერთად, დღესდღეობით, ასეთი პოლიტიკური შანსი გააჩნია საქართველოს და მოლდოვას. შესაბამისად, სამივე ქვეყანამ უკვე გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენა ზეპარტიული მოვლენაა, რასაც ქვეყნის შიგნით, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიების კონსოლიდაცია, დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება და საზოგადოების ერთიანობა უნდა მოჰყვეს. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენით, იზრდება, როგორც მთავრობის, ასევე პოლიტიკური პარტიების ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე, რაც განუხრელად საჭიროებს ძალისხმევას:

  • კანონის უზენაესობის დაცვის მიმართულებით;
  • საჯარო მმართველობის გამჭვირვალობას;
  • პოლიტიკური გადაწყვეტილებების პროცესში, ხალხის რეალურ თანამონაწილეობას;
  • საზოგადოების ინფორმირების გაზრდას ევროინტეგრაციის სიკეთეებზე;
  • მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის განმტკიცებას და რეფორმებს.

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესაძლებლობების ეფექტური განხორციელება, სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით, მიგრაციის სფეროში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელება, ევროკავშირის დახმარების ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარება და ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის იმპლემენტაცია. საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განცხადება 2024 წლამდე არ უნდა გაეკეთებინა, თუმცა რუსეთის უკრაინაზე სამხედრო თავდასხმისა და წარმოებული ომის შედეგად, საერთო მსოფლიო პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება პასუხობს და გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ინტერესებს.



კომენტარები