გადამდგარი გუბერნატორები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ

31 ოქტომბერი, 2013

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს რეგიონის რწმუნებულები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, როდესაც თანამდებობიდან გადადგომას კანონის ვალდებულებად კი არა, არამედ არჩეულ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეუთავსებლობით ხსნიან. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად გამარჯვებული კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის გამოვლენის შემდეგ, საქართველოს რეგიონებში, სახელმწიფოს ცხრა რწმუნებულიდან  ექვსმა, გადადგომის შესახებ მოქმედ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართა და თანამდებობის დატოვების მიზეზად, გამარჯვებულ საპრეზიდენტო კანდიდატთან  თანამშრომლობის შეუძლებლობა დაასახელა. ორგანიზაციის შეფასებით, გადამდგარმა გუბერნატორებმა თანამდებობების დატოვება პოლიტიკური მანიპულაციების საკითხად აქციეს და საზოგადოებისთვის არ მომხდარა რეალური ვითარების განმარტება – გადადგომა პოლიტიკური შეხედულებების გამო მოხდა თუ კანონის პირდაპირი მოთხოვნის შედეგად.

 „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, თანამდებობიდან გადამდგარ გუბერნატორებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, რადგანაც კონსტიტუციური ცვლილებების თანახმად, გუბერნატორები ანგარიშვალდებული პრეზიდენტის წინაშე აღარ იქნებოდნენ. გუბერნატორებს გადადგომის შესახებ განცხადება რომც არ დაეწერათ, კონსტიტუციური მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ თანამდებობის დატოვება მაინც მოუწევდათ, რადგანაც სახელმწიფო რწმუნებულები, ახალი საკონსტიტუციო რეგულაციებით, ანგარიშვალდებულნი, პრეზიდენტის ნაცვლად, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ–მინისტრის წინაშე ხდებიან.

კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად, რომელიც ძალაში ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ შედის, გუბერნატორის ინსტიტუტი მთლიანად მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის და ინსტიტუტის კონტროლი, პრეზიდენტს, მთავრობის ნებართვის შემთხვევაშიც კი აღარ შეუძლია. საქართველოს  კონსტიტუციის 813-ე მუხლის მე-3 პუნქტის შეცვლილი ვარიანტის თანახმად, რომელიც არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება, სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით,  გუბერნატორთა გადადგომა ქვეყანაში პრობლემებს არ გამოიწვევს, რადგან ახალი კანონმდებლობა საკითხს ახლებურად არეგულირებს. საქართველოს მთავრობა დანიშნავს ახალ გუბერნატორებს და პრემიერ–მინისტრი ხელს მოაწერს მას. კანონის თანახმად, რეგიონის ახალი გუბერნატორები, ნოემბრის ბოლოს, ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ დაინიშნებიან.

ცნობისთვის: განცხადება გადადგომის შესახებ უკვე დაწერა ქვემო ქართლის რწმუნებულმა  დავით კირკიტაძემ, იმერეთის გუბერნატორმა ვახტანგ ბალავაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ივანე წიკლაურმა და  გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერი ჩიტაიშვილმა.

 



კომენტარები