ე.წ ზრუნვის სააგენტომ, გიორგი კუპრეიშვილის მონაწილეობით, სასამართლოს გადაწყვეტილება გააყალბა

11 თებერვალი, 2022

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ აგრძელებს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილებებისა და ფარული გარიგებების შესახებ საზოგადოებისთვის ახალი ფაქტებისა და გარემოებების მიწოდებას. ორგანიზაცია საჯაროდ ხდის დაუჯერებელ შემთხვევას, რა დროსაც ე.წ. ზრუნვის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი კუპრეიშვილის მონაწილეობით, გაყალბდა სასამართლოს სააღსრულებლო ფურცლის ოფიციალური ტექსტი და ე.წ. ზრუნვის სააგენტომ მხარეს მოსთხოვა იმ მოქმედებების შესრულება, რომელიც მხოლოდ დავის მონაწილე ერთი მხარის ინტერესებს ერგებოდა.

არასრულწლოვნის მამა, გადაწყვეტილების აღსრულებლობის შეუსრულებლობის საფუძვლით, სისხლის სამართლის მოსალოდნელ პასუხისმგებლობას - დაპატიმრებას მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 31 იანვრის განჩინებამ გადაარჩინა, რომელმაც ე.წ. ზრუნვის სააგენტოს მიერ სასამართლოს ოფიცილაური ტექსტის ცვლილებაზე უკიდურესი აღშფოთება გამოხატა და საოჯახო საქმეზე დროებითი აღსრულება დავის გადაწყვეტამდე, შეაჩერა. განცხადებას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ და დავის მონაწილე მხარის ადვოკატები: ილია მახარაძე და გულო დილავერიძე ავრცელებენ.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, საქმე შეეხება ბიზნესმენ სტანისლავ საჟინის საოჯახო საქმეს, რომელიც 2021 წლის მარტიდან საცხოვრებელ ადგილად აირჩია საქართველო. ბიზნესმენის მეუღლე ქართულ სასამართლოში წარდგენილი სარჩელით საერთო შვილის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას - რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებას მოითხოვს და ასაბუთებს, რომ ბავშვი არამართლზომიერად გადაადგილებულია.

დასახელებულ საქმეზე ე.წ. ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლებმა ცალსახად მეორე მშობლის პოზიცია დაიჭირეს და ისე, რომ საქმეზე არ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, სახელმწიფოს მიერ დანიშნულმა ადვოკატმა კი მამა არასრულწლოვანთან მიმართებით მოძალადედ დაასახელა.

საქმეზე წარმოდგენილი იქნა ალტერნატიული დასკვნები, ფოტო-ვიდეო და აუდიო მასალა, რომელიც გამორიცხავს მამა-შვილს შორის რაიმე სახის ძალადობას და მტკიცებულებები მიუთითებენ, რომ კონკრეტული სოციალური მუშაკების მხრიდან აღწერილობით დასკვნებში ფაქტებისა და გარემოებების გაყალბებას აქვს ადგილი, თუმცა საქმის ცენტრალური მნიშვნელობის პრობლემა სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსის გაყალბებას შეეხება.

სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი კუპრეიშვილის მონაწილეობით, გაყალბდა სასამართლოს სააღსრულებლო ფურცლის ოფიციალური ტექსტი და ე.წ. ზრუნვის სააგენტომ მხარეს მოსთხოვა იმ მოქმედებების შესრულება, რომელიც მხოლოდ დავის მონაწილე ერთი მხარის ინტერესებს ერგებოდა.

კერძოდ, ე.წ. ზრუნვის სააგენტომ ბიზნესმენს 2022 წლის 24 იანვარს წერილით აცნობა, რომ თუ არ მოხდებოდა სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფობითი აღსრულება, დაიწყებოდა ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის ღონისძიებების განხორციელება.

ე.წ. ზრუნვის სააგენტოს შეტყობინებაში, სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის გიორგი კუპრეიშვილთან შეთანხმებით ჩაიწერა შემდეგი, რომ სტანისლავ საჟინს ევალდებოდა:

„1. 2022 წლის 27 იანვრის 12 საათამდე დედისთვის არასრულწლოვან გადაცემის მიზნით . ბათუმის ტერიტორიაზე დახურული ტიპის  იზოლირებულ საცხოვრებელ ფართში წარდგენა. ასევე, სტანისლავ საჟინმა თან უნდა იქონიოს ბავშვის პასპორტი დედისათვის გადასაცემად.

2. არაუგვიანეს 2022 წლის 25 იანვრისა სტანისლავ საჟინი ვალდებულია წარადგინოს დეტალური ინფორმაცია თუ სად მოხდება ბავშვის დედისათვის გადაცემა 2022 წლის 27 იანვარს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.

3. სტანისლავ საჟინი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვის ფსიქოლოგიური და ემოციური თვალსაზრისით იმგვარად მომზადება, რომ დადებითად განეწყოს დედის მიმართ, რათა წარმატებით განხორციელდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“.

სინამდვილეში, სასამართლოს გადაწყვეტილება და სააღსრულეფო ფურცელი, სტასანისლავ საჟინს არ ავალდებულებდა იმ ქმედებათა განხორციელებას, რომლიც ე.წ. ზრუნვის სააგენტომ და სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტმა მოითხოვეს.

სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და სააღსრულებო ფურცელი მხოლოდ ადგენდა: „არასრულწლოვანი დაბრუნდეს რუსეთის ფედერაციაში დედასთან  და საქართველოდან ბავშვის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნება და დედისათვის გადაცემა უზრუნველყოს მამამ სტანისლავ საჟინმა“.

ამდენად, ორგანიზაცია, სტასანისლავ საჟინი და მისი ადვოკატები ფიქრობენ, რომ ე.წ. ზრუნვის სააგენტომ და სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კუპრეიშვილმა კრიმინალური აქტი ჩაიდინეს.

საზოგადოების საყურადღებოდ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 31 იანვარს მიიღო განჩინება, რითაც შეჩერდა აღსრულების პროცესი, როგორც უკანონო მმართველობითი ღონისძიება. სასამართლო აღშფოთებულია ე.წ. ზრუნვის სააგენტოს დანაშაულებრივი ქმედებით. კერძოდ, სასამართლოს განჩინებაში ვკითხულობთ: „პალატა განმარტავს, რომ საერთო სასამართლოები გადაწყვეტილებას იღებენ საქართველოს სახელით და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განუხრელად დაცვისა და შესრულების ვალდებულება, საქართველოს მთელს ტერიტორიაზეა უზრუნველყოფილი. სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა შეუძლია მხოლოდ სასამართლოს“ (სტილი დაცულია, განჩინება #ას-70-2022, გვ. 8).

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ე.წ. ზრუნვის სააგენტოსა და უშუალოდ სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი კუპრეიშვილის მონაწილეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებების შეცვლის შემთხვევები, პირველი არ არის. გიორგი კუპრეიშვილი, თავისი მანერული განმარტებებით, აღნიშნულს უკავშირებდა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილებით.

სინამდვილეში, გიორგი კუპრეიშვილი და მასზედ რწმუნებული დეპარტამენტი ასეთი ფორმებითა და საშუალებებით ცდილობს არასასურველი მხარეების მიმართ უკანონო და დანაშაულებრივი ღონისძიებების გატარებას, შემდეგ კი სხვებისთვის გადაბრალებას, რომ მან არაფერი იცოდა. ე.წ. ზრუნვის სააგენტოში ამ თვითნებობის შესახებ იციან, მაგრამ სავარაუდო კრიმინალზე ხელის დაფარება ხდება. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 31 იანვრის განჩინება არის ერთადერთი, პირველი და პრეცედენტული შემთხვევა, როდესაც სასამართლო ხელისუფლებამ ამხილა აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურული რგოლის კონკრეტული ადმინისტრაციული მოხელის თვითნებობა და სავარაუდო დანაშაული.

ე.წ. ზრუნვის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი კუპრეიშვილის მონაწილეობით თვითნებურად შეცვლილი სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფაქტზე სტასანისლავ საჟინის ადვოკატებმა უკვე მიმართეს საქართველოს პროკურატურას.

ორგანიზაცია ფაქტზე საზოგადოებრივ ინტერესს გააგრძელებს და მოუწოდებს ბრალდების მხარეს, დაუყოვნებლივ იქნეს შესწავლილი სასამართლოს გადაწყვეტილების გაყალბების ფაქტი ადმინისტრაციული ორგანოს და ადმინისტრაციული მოხელის მხრიდან.  



კომენტარები