სასამართლომ სოციალური მუშაკების გაყალბებული დასკვნების საქმეზე სამართალწარმოება ორი კვირით გადადო

2 თებერვალი, 2022

2022 წლის 2 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდა კომპოზიტორი საქმეზე, თბილისის საქალაქო ცენტრის მხარდაჭერის, სასამართლო -სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების სოციალური მუშაკის მარიამ ცხვედიანისა და ამავე განყოფილების უფროსი სოციალური მუშაკის, ნინო იობაშვილის მიერ გაყალბებული დასკვნების ბათილად ცნობის საქმეზე, ე.წ. ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო, გონივრული ვადით - ორი კვირით გადადო.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, სასამართლო წესით გასაჩივრებულია სოციალური მუშაკების მიერ 2021 წლის 12 მარტსა და 2021 წლის 29 აპრილს გამოქვეყნებული დასკვნები, რომლებიც ეფუძნება არარსებულ გარემოებებსა და არასრულწლოვანებთან გასაუბრების შემდგომ აღწერილ საწინააღმდეგო მოსაზრებებს. სადავო დასკვნები მიზანმიმართულად გადმოსცემენ ბავშვების მიმართ ამღზრდელი ბებიის ე.წ. ფსიქოლოგიური ძალადობის აღწერას, რასაც, რეალობასთან კავშირი არ აქვს. მარიამ ცხვედიანმა და ნინო იობაშვილმა მიზანმიმართულად გააყალბებს დოკუმენტებში აღწერილი ფაქტები, რათა შეექმნათ სამართლებრივი საფუძვლები ბავშვების ბებიისგან განცალკევების მოთხოვნის დასმისთვის. საქმის მასალებით დგინდება, რომ ორი სოცილური მუშაკი ფარულ გარიგებებში იმყოფება ბავშვების მამასთან და წარმოდგენილი დასკვნები მომზადებული იქნა არასრუწლოვანთა სპეციალიზაციით მოქმედი პროკურორის ზაზა კვირკველიას განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ. კერძოდ, სწორედ ზაზა კვირკველია 2021 წლის სექტემბრის თვეში გასცემს ოჯახის თანხმობას ბავშვები განცალკევდნენ ბუნებრივი საცხოვრებელი ადგილიდან და გადავიდნენ კვირკველიების ოჯახში 9 თვით საცხოვრებლად. ზაზა კვირკველია ბავშვების მამის სიძეა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო ცენტრის მხარდაჭერის, სასამართლო -სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების სოციალური მუშაკის მარიამ ცხვედიანისა და ამავე განყოფილების უფროსი სოციალური მუშაკის, ნინო იობაშვილის მიერ 2021 წლის 5 აპრილს, არასრულწლოვნებთან შეხვედრაზე ერთმნიშვნელოვნად განიმარტა, რომ ე.წ. ზრუნვის სააგენტო უარს ამბობდა ბავშვების მამის საცხოვრებელ მისამართზე გადასვლაზე. ასევე, გამოირიცხებოდა ნებისმიერი სხვა მისამართზე ბავშვების გადასვლის მხარდაჭერა. როგორც ე.წ. ზრუნვის სააგენტომ, ასევე სასამართლომ ორგზის მოისმინა ბავშვების თავისუფალი პოზიცია, რომ არ სურდათ საცხოვრებლად სხვა მისამართზე გადასვლა. ბავშვების პოზიციებისა და მათთან ღია განცხადებების მიუხედავად, ნინო იობაშვილმა და მარიამ ცხვედიანმა განაგრძეს ბავშვების ინტერესებით მანიპულირება და ვაჭრობა. 5 აპრილის შეხვედრის შემდეგ, 29 აპრილს მათ ისევ გამოაქვეყნეს ბებიის ძალადობის თაობაზე დასკვნა, 29 სექტემბერს კი, მარიამ ცხვედიანი მიდის პროკურორ ზაზა კვირკველიას ოჯახის შესამოწმებლად და 2022 წლის 12 იანვარს აქვეყნებს ახალ დასკვნას, სადაც ბავშვების კვირკველიების ოჯახში გადაყვანას აქვს ე.წ. ზრუნვის სააგენტოს სახელით მოთხოვნა და მოწოდება. ფაქტებით გამოაშკარავდა, როგორც დასახელებული ორი სოციალური მუშაკის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებები და განცხადებები ბავშვების მიმართ, ასევე მარიამ ცხვედიანისა და ნინო იობაშვილის ფარული შეთანხმებები და კრიმინალური საქმიანობა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ 2021 წლის 15 დეკემბერს, სოციალური მუშაკების დასკვნების საფუძველზე, ბავშვების მამამ სასამართლოს სარჩელით მიმართა და მოითხოვა არასრულწლოვნების განცალკევება ზაზა კვირკველიას ოჯახში. ბავშვებმა მოთხოვნაზე კატეგორიული უარი განაცხადეს. საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის და სამართალწარმოება გრძელდება.

ამასთან, 2022 წლის 17 იანვარს, არასრულწლოვნების ბებიამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო ცენტრის მხარდაჭერის, სასამართლო -სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების სოციალური მუშაკის მარიამ ცხვედიანისა და ამავე განყოფილების უფროსი სოციალური მუშაკის, ნინო იობაშვილის მიერ გაყალბებული დასკვნების ბათილად ცნობა. აღსანიშნავია, რომ დასახელებული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით, მხარემ ე.წ. ზრუნვის სააგენტოსაც მიმართა, მაგრამ ადმინისტრაციულმა ორგანომ საჩივარზე არავითარი რეაგირება არ მოახდინა. ე.წ. ზრუნვის სააგენტოს აღნიშნული დამოკიდებულებაც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს მამის ინტერესების ლობირებაზე და პროკურორ ზაზა კვირკველიას მფარველობის ფარგლებზე.

2022 წლის 24 იანვარს, მრავალწლიანი დუმილის შემდეგ, ფარული და კორუფციული შეთანხმებების ზედაპირზე გამოვლენის გამო, საზოგადოებამ მოისმინა ბავშვების ბებიის ოჯახისა და „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთობლივი განცხადება, რომლითაც ორი სოციალური მუშაკი მოქმედი პროკურორის მფარველობაში იქნა მხილებული. სწორედ ამ დღეს, საჯარო განცხადებიდან რამდენიმე საათში, ე.წ. ზრუნვის სააგენტომ მიიღო სამართალდამრღვევის ოქმი, რომლითაც ბებია დაისაჯა და დაჯარიმდა 500 ლარით. სამართალდამრღვევის ოქმში აღნიშნულია, რომ შემთხვევა შეეხება „ზეგავლენაში მამასთან ურთიერთობის საკითხს“ (სტილი დაცულია) და რომ აღნიშნული გამოვლინდა 2021 წლის 30 ნოემბერს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ 2021 წლის 30 ნოემბერს ახალგაზრდა კომპოზიტორი მუსიკალურ პედაგოგ ბებიასთან ერთად იმყოფებოდა გერმანიაში. ამასთან, 2021 წლის 30 ნოემბერი კალენდარულად გახლდათ სამშაბათი დღე, ხოლო სასამართლოს დროებითი განკარგულებით, მამას ბავშვების მონახულების უფლება გააჩნია პარასკევსა და კვირას. ამდენად, სამართალდარღვევის ოქმის იურიდიული საფუძვლები, არც ფაქტობრივი მოცემულობა, ბუნებაში არ არსებობდა, რაც კიდევ ერთხელ ტოვებს მყარ საფუძველს, რომ ე.წ. ზრუნვის სააგენტომ 71 წლის ქალბატონი დასაჯა. შემდეგი ნაბიჯი, სავარაუდოდ, საქმის სისხლის სამართლებრივი კუთხით გადაცემა იქნება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმეზე აგრძელებს სტრატეგიულ სამართალწარმოებას და გაყალბებული აქტების საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომის თარიღზე, საზოგადოებას დამატებით მიაწვდის ინფორმაციას.

 



კომენტარები