„ახალგაზრდა ადვოკატები“ გელათის ირგვლივ კვლევის შედეგებს აქვეყნებს და პასუხისმგებელ პირებს ასახელებს

27 მაისი, 2021

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მსოფლიო კულტურული მნიშვნელობის ძეგლის - გელათის ტაძრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კვლევას აქვეყნებს. ორგანიზაციამ არსებითად შეისწავლა ძეგლის გარშემო მიღებული გადაწყვეტილებები, მოამზადა სამართლებრივი ანალიზი და სარეკომენდაციო წინადადებები, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს სახალხო დამცველის, სასამართლოს, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისა და პროცესის მონაწილე კერძო იურიდიული პირების მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების ერთობლიობას და საჭიროებას შეეხება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ვინაიდან გელათის ტაძრის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მაღალი საჯარო ინტერესის საგანია, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოებას მიეწოდება მხოლოდ ზედაპირული ხასიათის ინფორმაცია და არ ხდება შექმნილი ვითარების გამომწვევი მიზეზების, მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე ფართო დისკუსია. ამდენად, კვლევა დეტალურად ასახავს, თუ რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული სახელმწიფოს კომპეტენტური უწყებების მხრიდან გელათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისა და სამშენებლო სამუშაოების უზრუნველსაყოფად. როგორია სახელმწიფოს გადაწყვეტილებების პოლიტიკა და მართლზომიერება, როგორია პროცესში მონაწილე კერძო შემსრულებელი ორგანიზაციების პასუხისმგებლობისა და უფლებამოსილების ფარგლები, ძეგლზე გამოვლენილი ხარვეზების შემდგომ რამდენად დასაბუთებული და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ასევე სასამართლოს მხრიდან, რომელმაც ე.წ. გელათის საქმეზე პირველადი დასკვნები გააკეთა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ შესწავლილი მასალის თანახმად დგინდება, რომ გელათის რესტავრაცია-კონსერვაციასა და დროებითი სამუშაოების ჩატარების თაობაზე ყველა პროექტი შექმნა და მოამზადა ა(ა)იპ „საქართველოს მემკვიდრეობამ“ (ს/კ 204545652), რაც შეთანხმდა, ჯერ საქართველოს საპატრიარქოსთან, შემდეგ დამტკიცდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ. მათ შორის გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ქვედა იარუსების (ეკვდერების) გადახურვის სამუშაოების გასაგრძელებლად შექმნილი პროექტიც. დგინდება, რომ დამტკიცებული პროექტების შესულებას, კერძოდ, სამშენებლო საქმიანობას ახორციელებდა შპს „იკორთა 2007“ (ს/კ 205216327), რომელსაც „საქართველოს მემკვიდრეობასთან“ ერთად, 2008 წლიდან გააჩნდა გელათის სხვადასხვა ნაგებობის საინჟინრო სამუშაოების შესრულების გამოცდილება. რაც შეეხება ამ პროცესში ა(ა)იპ „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ (ს/კ 204426451) მონაწილეობას და მოვალეობების ფარგლებს, ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს შესწავლის შედეგად გამოკვეთილ გარემოებას, რომლის თანახმადაც, დასახელებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდილ პირს გააჩნდა პროექტების დაფინანსებისთვის საერთაშორისო დონორებიდან თანხების მოძიებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მიმართ შესრულებული სამუშაოების თაობაზე წერილობითი ანგარიშის წარდგენის ვალდებულება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ შესწავლის ფარგლებში მიდის დასკვნამდე, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არაჯეროვანი და არასაკმარისი ყურადღება დაუთმო გელათის ძეგლის/ტაძრის ირგვლივ სამუშაოების შემოწმებას, საპროექტო წინადადებების მიღება და დამტკიცება ხდებოდა ადგილზე განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, სათანადო განხილვისა და შემოწმების გარეშე. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ობიექტზე დროებითი გადახურვის სამუშაოები ხორციელდებოდა ა(ა)იპ ,,საქართველოს მემკვიდრეობის’’ მიერ შედგენილი, არაერთხელ კორექტირებული, სააგენტოს მიერ დამტკიცებული პროექტის მიხედვით და თითოეული ცვლილება, ასევე შეთანხმებული იყო სააგენტოსთან.

ამასთან, გელათის ტაძრის დროებით გადახურვას ამჟამად ახორციელებს კომპანია ,,ბაგინეთი +“ (ს/კ 205284495), სამუშაოები ხორციელდება ახალი პროექტით, რაც ადასტურებს, რომ ის პროექტი, რომლის მიხედვითაც შესრულდა სამუშაო, არ შეესაბამებოდა სტანდარტებს. მეტიც, სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით, არ გამოცხადებულა ტენდერი, არ გამოყოფილა ხარჯები, რეალურად სამუშაო შეასრულეს სააგენტოს თხოვნის საფუძველზე, ნებართვის გაცემა კი იყო ფორმალური საკითხი. თვით პროექტის არაერთგზის ცვლილებაც მიანიშნებს, რომ სააგენტო გადაწყვეტილებას იღებდა ნაჩქარევად.

„ახალაგზრდა ადვოკატები“ შესწავლის შედეგად აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხრიდან სწორედ შესრულებული სამუშაოების შემდეგ პროექტების შეთანხმების პრაქტიკა არაკეთილსინდისიერად იქნა გამოყენებული თავად პროცესში მონაწილე პარტნიორი ორგანიზაციების მიმართ. ნაცვლად იმისა, რომ სააგენტოს დაუყონებლივ შეემოწმებინა სამუშაოები და წამოეყენებინა პრეტენზია, თითქმის ორი თვე არ გადაამოწმა ტაძრის მდგომარეობა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ადგილზე ვიზიტის შემდეგ გამოითქვა პრეტენზიები, 2021 წლის 18 იანვარს შემოწმდა ძეგლის მდგომარეობა და დამტკიცებული პროექტის შესაბამისად, სამუშაოების შეუსაბამოდ განხორციელების დარღვევად ჩათვლის გამო, მიღებული იქნა შპს „იკორთა 2007“-ისა და ა(ა)პ „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ ფინანსური დაჯარიმების გადაწყვეტილება. ორგანიზაცია დეტალურად შეისწავლა სააგენტოს მოქმედების სამართლებრივი მხარე და ცალსახად მიუთითებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ თავდაცვით მმართველობით ღონისძიების განხორციელება წარმოადგენდა. სააგენტო, მიუხედავად პასუხისმგებლობის ტვირთის პარტნიორ ორგანიზაციებზე გადატანისა, მაინც რჩება იმ პასუხისმგებელ სუბიექტად, რომელიც სადავო პერიოდში განხორციელებული სამუშაოებზე ზედამხედველ უწყებად გვევლინება. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მას არ შეუჩერებია რომელიმე პარტნიორი ორგანიზაციის საქმიანობა ან უფლებამოსილება ობიექტზე, არ გააუქმებია ნებართვა, არ შეუქმნია შესაბამისი კომისია, რომელიც საფრთხედ შეაფასებდა კულტურული მემკვიდრეობის წინაშე წარმოებულ სამუშაოებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ არსებითად გაეცნო ე.წ. გელათის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ტყიბულის მუნიციპალიტეტში 2021 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებას (დადგენილებას), რომელმაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაჯარიმების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის კანონიერების საკითხი განიხილა. ორგანიზაცია იზიარებს იმ შეხედულებას, რომ ადმინისტრაციული აქტი შედგენილია კანონდარღვევით და ნაჩქარევად, რასაც წინ უსწრებდა სააგენტოს მიმართ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის დასაბუთებული კრიტიკა. სამართალდარღვევის ოქმის გამოცემის შემდგომ შექმნილია კიდევ უფრო მეტი სამართლებრივი კაზუისტიკა. კერძოდ, ოქმი შედგენილია ორი დამოუკიდებელი იურიდიული პირის მიმართ, რომლებსაც ერთმანეთთან არანაირი სამართლებრივი კავშირი არ გააჩნიათ და არც რაიმე პასუხისმგებლობას იზიარებენ ერთობლივად. კერძოდ, შპს ,,იკორთა 2007’’-ის მიმართ კანონდარღვევით იქნა გაცემული ნებართვა, რადგან მას არ მიუმართავს განცხადებით სააგენტოსათვის. შესაბამისად, ვერ გახდებოდა სანებართვო პირობების დამრღვევი, ხოლო როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, დროებითი გადახურვის სამუშაოები ხორციელდებოდა ა(ა)იპ ,,საქართველოს მემკვიდრეობის’’ მიერ შედგენილი და არა ერთხელ კორექტირებული, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებული პროექტის მიხედვით. თითოეული ცვლილება შეთანხმებული იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან. შესაბამისად, როდესაც სააგენტო შპს „იკორთა 2007“-თან ერთად, ა(ა)იპ ,,ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს’’ მიიჩნევს პასუხისმგებელ სუბიექტად, ასეთი პასუხისმგებლობის საკითხი ამ ორგანიზაციასთან მიმართებით, არ იკვეთება, ვინაიდან ა(ა)იპ ,,ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ უშუალოდ არ მონაწილებდა არც პროექტის შედგენაში, არც დამტკიცებაში და არც სამშენებლო სამუშაოებში. სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებდა მხოლოდ შპს „იკორთა 2007“ ა(ა)იპ ,,საქართველოს მემკვიდრეობის’’ მიერ შედგენილი და არა ერთხელ კორექტირებული პროექტის ფარგლებში.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან უკიდურესად დაუსაბუთებელი შედეგი დადგა, როდესაც შპს „იკორთა 2007“-ის მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციული წარმოება დარჩა ა(ა)იპ „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ მიმართ, ნაცვლად კანონდარღვევით გამოცემული ადმინისტარციული აქტი გაუქმებულიყო. არის თუ არა სასამართლოს ასეთი სადავო გადაწყვეტილება სააგენტოსთან შპს „იკორთა 2007“-ის მესვეურთა არაფორმალური დიალოგის შედეგი, ორგანიზაციის მხრიდან იქნება დაუსაბუთებელი მსჯელობა, მაგრამ ფაქტები და ფაქტებზე არსებული სამართლებრივი შეფასებები მიუთითებს, რომ მაღალი ალბათობით, განხორციელებულია შერჩევითი მართლმსაჯულება, რაც არ პასუხობს საზოგადოების ინტერესს და საქმეზე კანონის უზენაესობის პრინციპებს. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-10 მუხლის თანახმად, ამ მუხლით განსაზღვრული ნებართვები არ გაიცემა, თუ სამუშაოების ჩატარებაზე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება. ამდენად, თუ „იკორთა 2007“-ის მიმართ დადგებოდა სამართალდარღვევის შემთხვევა, კომპანია ვეღარ შეძლებდა საქმიანობის გაგრძელებს ვერც ერთ შემდგომ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში. ორგანიზაცია მიდის დასკვნამდე, რომ შესაძლებელია შპს „იკორთა 2007“-ის მიმართ სამართალდარღვევაში პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ჰქონდეს მიზანმიმართული ინტერესი, არ გამომდინარეობდეს ფაქტების ობიექტური შეფასებიდან და სახელმწიფოსთან ერთად, სასამართლოს საშუალებით, ემსახურებოდეს დაფარული გარიგებების შენარჩუნებას და მომავალი საქმიანობის დაცვას, ვინაიდან შესწავლამ აჩვენა, რომ კომპანაისა და  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შორის წლების მანძილზე ჩამოყალიბებულია მტკიცე კავშირები, თანამშრომლობა და ურთიერთმფარავი ნება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საჭიროდ მიიჩნევენ: 

  1. მოხდეს გელათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე წარმოებული სამუშაოების ჩატარების ყველა პროექტის შესწავლა და შეფასება, დადგინდეს გამოყენებული მეთოდოლოგიის შესაბამისობები და დადგინდეს რეალური გამომწვევი მიზეზები, რომლის შედეგადაც, ტაძარში წყალი ჩავიდა და დააზიანა ფრესკები;
  2. მოხდეს გელათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე წარმოებული სამუშაოების ჩატარების პროექტით გათვალისწინებულ ყველა ეტაპზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო პირების გადაწყვეტილებების მიუკერძოებელი შეფასება და მათი პასუხისმგებლობის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
  3. მოხდეს გელათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებით მიღბული ახალი გადაწყვეტილებების ხელმისწავდომობა, პროაქტიულად გამოქვეყნება, საჯარო დისკუსიების ორგანიზება და ხელშეწყობა, ძეგლის გადარჩენის კუთხით საერთაშორისო სპეციალისტების შემჭიდროვებულ ვადებში საქართველოში მოწვევა და ახალი დასკვნების წარმოდგენა. 
  4. გაუქმდეს სააგენტოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი #000095, როგორც კანონსაწინააღმდეგო და დისკრიმინაციული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
  5. სააგენტომ საკითხზე დაიწყოს ახალი ადმინისტრაციული წარმოება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, წარმოება იყოს სრულყოფილი და ყოვლისმომცველი;
  6. პარლამენტმა უზრუნველოს შესაბამისი საკომიტეტო მოსმენების ჩატარება, გელათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებით ჩართული და დაინტერესებული პირების მოწვევა და მათი შეხედულებების მოსმენა, გაცემულ რეკომენდაციებზე კონტროლი და საზედამხედველო ფუნციის შესრულება პროცესზე.
  7. საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტი, „სასამართლო მეგობრის“ ფუნქციით, ჩაერთოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის პროცესში და წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნები აქტის კანონიერებასა და თანასწორუფლებიანობის თაობაზე;
  8. საქართველოს სახალხო დამცველის მხრიდან შეფასდეს სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებისა და მართლზომიერების საკითხი.
  9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე არ განიხილოს ე.წ. გელათის საქმე და არსებითად შეაფასოს მიღებული ადმინისტრაციული აქტის კანონიერება, პირველი ინსტანციის სასამართლოს იურიდიულად დასაბუთების ფარგლები;
  10. დაჩქარდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოში მიმდინარე გამოძიება და მიღებული შედეგები ცნობილი გახდეს საზოგადოებისთვის, ისევე, როგორც მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გამჭვირვალე და საჯარო გახდეს საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობა და ეტაპები.
  11. ა(ა)იპ „საქართველოს მემკვიდრეობამ“, შპს „იკორთა 2007“-მა, ა(ა)იპ „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“-მა და შპს „ბაგინეთი+“-მა, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ხელმისწავდომი გახადოს მათი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები და გამოქვეყნდეს პროექტის მიმდინარეობის დროს არსებული ხარჯთაღრიცხვა.

ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საზოგადეობას სხვა შემთხვევებთან ერთად, კარგად ახსოვს შემთხვევები - ბაგრატის ტაძარზე ჩატარებული სამუშაოები, რომლის შედეგადაც, მან მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი დაკარგა. გელათის ტაძარზე/ძეგლზე მიღებული გადაწყვეტილებები და მათი სამართლებრივი შეფასება, საკითხზე წარმოებული საჯარო დისკუსია პირველი შემთხვევაა, როდესაც საზოგადოებას აქვს უფრო მკაცრი რეაქცია, ვიდრე ყველა წარსული შემთხვევების დროს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მიღებული გადაწყვეტილებების მეტი გამჭვირვალობა, რათა არ მოხდეს ფაქტების დამახინჯება და პასუხისმგებლობის ტვირთის დაკისრება არასათანადო სუბიექტების მიმართ, სათანადო სუბიექტების მიმართ ლოიალური დამოკიდებულებები, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების დარღვევა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ გელათის ძეგლთან მიმართებით საზოგადოებრივ დისკუსიაში მონაწილეობას გააგრძელებს. გამოქვეყნებული კვლევა ორგანიზაციის დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში მომზადდა.



კომენტარები