განათლების სამინისტროს ორი მოქმედება წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსყიდვას ახალისებს?!

14 ივნისი, 2012

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს კონტროლის პალატისგან მოითხოვს დროული რეაგირება მოახდინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბოლოდროინდელი ქმედებების გამო, რომელიც შეიცავს წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და პოლიტიკური მექრთამეობის განხორციელების ნიშნებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2012 წლის ზაფხულის არდადეგებზე, სტუდენტური დასაქმების “Sammer Job” ერთთვიან პროგრამაში მონაწილე ბაკალავრიატის 25 000  ათასამდე სტუდენტისთვის სავალდებულო ხდება მონაწილეობა მიიღონ მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ დაგეგმილ შეხვედრებსა და ღონისძიებებში, ხოლო ასეთ შეხვედრებში მონაწილეობის საჭიროებას მმართველი პარტიის კოორდინატორები გადაწყვეტენ. სტუდენტების პარტიულ აქტიურობებში გამოყენების ვარაუდი 2012 წლის 7 ივნისს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის პროგრამაში რეგისტრირებულ სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ გამოითქვა, რა დროსაც მინისტრმა პროგრამაში ახალდარეგისტრირებულებს პროექტის მნიშვნელობა და სახელშეკრულებო პირობები გააცნო. მინისტრმა სტუდენტებთან საუბარში ირიბად მიანიშნა, რომ პროგრამის მონაწილეები სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილ სხვადასხვა აქტიურ ღონისძიებებში მიიღებდნენ მონაწილეობას, რასაც შემდგომში მოჰყვა კიდეც მმართველი პარტიის თბილისის რაიონული კოორდინატორების გააქტიურება და არსებული ინფორმაციით, კოორდინატორებმა მიიღეს დავალება, პირველ ეტაპზე, აღწერონ სოციალურად დაუცველი სტუდენტთა რაოდენობა. შეგახსენებთ, რომ სტუდენტთა დასაქმების პროგრამა 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე იმოქმედებს და ერთი სტუდენტის ანაზღაურება 500 ლარი იქნება. ქვეყნის ბიუჯეტიდან პროექ          ტისთვის, სულ 12.5 მილიონი  ლარია გამოყოფილი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ცნობილი გახდა კიდევ ერთი ფაქტის შესახებ, რომელიც სამინისტროს მხრიდან განხორციელებულ მოქმედებას ეხება. კერძოდ, ივნისის დასაწყისში, დედაქალაქის თითქმის ყველა სკოლას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაერიცხა 5000–დან 10000–ლარამდე, მოცემული თანხა კი მთლიანად აისახა პედაგოგების ხელფასის დანამატში. მასწავლებლების ინტერესზე – რას უკავშირდებოდა მიღებული სახელფასო დანამატი, თითქმის ყველა დირექციამ იმით დაასაბუთა, რომ ბიუჯეტიდან დარიცხული თანხა სკოლების მოტივაციის გაზრდას ეხებოდა. ორგანიზაციას აღნიშნული ინფორმაცია მთაწმინდის რაიონის საჯარო სკოლის პედაგოგებმა აცნობეს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ვაყენებთ ორ მოთხოვნას – განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო გახადოს სტუდენტთა დასაქმების პროგრამაში მონაწილეებთან დადებული ხელშეკრულების შინაარსი და განმარტებები გააკეთოს თბილისში, საჯარო სკოლებისთვის დარიცხული 10000 ლარის ოდენობის თანხმებთან დაკავშირებით, კერძოდ, რას ნიშნავს მოტივაცია, რომელიც ხელფასის დანამატში გამოიხატება და მეორე – საქართველოს კონტროლის პალატამ შეაფასოს განათლების სისტემაში არსებული აღნიშნული ორი ფაქტი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოცემულ ორ გარემოებასთან დაკავშირებით შეტყობინებას უგზვანის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულ საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით შექმნილ  უწყებათაშორისს კომისიასაც. ორგანიზაცია განმარტებებისთვის მიმართავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებობს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 47–ე (ამომრჩევლის მოსყიდვა), 48–ე (წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა) და 49–ე მუხლების (საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა) სავარაუდო დარღვევა. ასევე, საქართველოს კანონის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ 26–ე მუხლის სავარაუდო დარღვევა (აკრძალულია ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების მიღება სახელმწიფო ორგანოსა და ორგანიზაციისაგან) 



კომენტარები