„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2018 წელი კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობის წლად გამოაცხადეს

30 დეკემბერი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, 2018 წელს ორგანიზაცია კანონშემოქმედებით საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის წლად აცხადებს. ამის შესახებ ორგანიზაციის 2017 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა განაცხადა და იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე გააკეთა აქცენტი, რომელის ირგვლივაც ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდი 2018 წელს იმუშავებს.

2018 წელს, ორგანიზაციის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებები დაეფუძნება მონიტორინგების მომზადებას. მომხმარებელთა უფლებების დაცვა იქნება პრიორიტეტი. საჯარო დაწესებულებების საქმიანობების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, გაძლიერდება კვლევითი საქმიანობა, თუ რამდენად სამართლიანად და კანონიერად იხარჯება ბიუჯეტის ფული. ამ თვალსაზრისით, ორგანიზაცია შეისწავლის და გამოაქვეყნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას. პრიორიტეტული მიმართულება იქნება ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის შეფასება. ორგანიზაცია აქტიური იქნება სასამართლო რეფორმის შეფასების პროცესში. პრიორიტეტი იქნება ევროინტეგრაციის მხარდაჭერის მიმართულება. ამ თვალსაზრისით, ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული არსამთავრობოთა ალიანსი: „ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ევროკავშირის წევრობამდე“, 2018 წლიდან ახალი წევრებით დაკომპლექტდება და მთავრობის ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგზე მუშაობას გაგრძელებს. 



კომენტარები