„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ წლის საპატიო ჯილდო - „ორგანიზაციის მეგობარი“ გია ტაბლიაშვილს გადასცა

30 დეკემბერი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის ყველაზე საპატიო ჯილდო - ნომინაცია „ორგანიზაციის მეგობარი“, 2017 წელს გადაეცა ცნობილ ადვოკატს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე გია ტაბლიაშვილს. აღნიშნული ნომინაცია გია ტაბლიაშვილს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა 2017 წლის საქმიანობის ანგარიშის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გადასცა. თავის მხრივ, ეს ნომინაცია, ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, გადაეცემა ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული საქმიანი ურთიერთობები და ორგანიზაციის ღირებულებების საზოგადოებრივი პატივისცემა ახასიათებთ.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ აღნიშნული ნომინაცია 2016 წელს გადასცეს ქალბატონ ლია მუხაშავრიას (ევროსასამართლოს ექსპერტი, უფლებადამცველი) და ბატონ ირაკლი ყანდაშვილს (ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი), 2015 წელს - ბატონ ზაზა ხატიაშვილს (უფლებადამცველი, ადვოკატი) და ქალბატონ ლია ელიავას (ეკონომიკის ექსპერტი), ხოლო 2014 წელს - ქალბატონ სოფიო აზარიაშვილს (პიარის სპეციალისტი, ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი 2013-2014 წლებში). 



კომენტარები