მნიშვნელოვანია, „C.T. PARK“-თან სადავო ხელშეკრულების გადაწყვეტა, სასამართლოს გარეშე განხორციელდეს

13 ნოემბერი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის კახი კალაძის განცხადებას ეხმაურება, რომლიც თბილისის მერიასა და კომპანია “C.T.PARK“-ს შორის 2007 წლის 7 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების სასამართლო წესით გასაჩივრების დაპირებას ეხება და აღნიშნავს, რომ ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში, პროცესი სამართლიანობის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვით უნდა წარიმართოს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ იურისტის, ია გოგნაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა უპასუხოს საზოგადოების უმრავლესობის მოთხოვნას, რომლის კომპანია “C.T.PARK“-თან დადებული ხელშეკრულების კაბალური ნაწილის გადახედვას და კომპანიის ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების საკითხების უზრუნველყოფას ეხება. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობს რამდენიმე არჩევანი: ა) ხელშეკრულებაში ცვლილების გზით ახალი დათქმებისა და რეგულაციების განხორციელება, ბ) კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა, რაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტს, კომპენსაციის სახით, 25 მლნ დაუჯდება და გ) საერთო სასამართლოების მიმართვის გზით, თუკი მხარეებს შორის ვერ შედგება კონსესუსი, ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ თბილისის მერიასა და „C.T.PARK“-ს შორის ხელშეკრულება 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს. ხელშეკრულების 12.2 პუნქტით გათვალისწინებულია კომპენსაციის ოდენობა, რომელიც თბილისის მერიამ უნდა გადაიხადოს ხელშეკრულების მე-9 მუხლის პირობის დარღვევისთვის, რაც კომპანიისთვის მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების მესამე პირებისთვის გადაცემას გულისხმობს. კერძოდ, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდება დაწყების თარიღიდან 4 წლის გასვლამდე, მეიჯარე ვალდებულია, მოიჯარეს აუნაზღაუროს თანხა, რომელიც უდრის 500 000 ლარი გამრავლებული სახელშეკრულებო ვადის შეწყვეტიდან  დასრულებამდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე, ხოლო თუ ხელშეკრულების ხსენებული შეწყვეტა განხორციელდება ხელშეკრულების დაწყებიდან 4 წლის შემდეგ, მეიჯარე ვალდებულია, მოიჯარეს აუნაზღაუროს შეწყვეტის ხარჯები, რომელიც უდრის გასული 12 თვის განმავლობაში, მეიჯარის მომსახურებიდან მიღებულ საშუალო თვიურ შემოსავალს (X) გაყოფილს (Y) 2-ზე (ორზე) და გამრავლებულს ხელშეკრულების შეწყვეტიდან მისი ვადის ბოლომდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე (Z).

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევს, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თბილისის მერიასა და „C.T.PARK“-ს  შორის დადებული ხელშეკრულების ნაწილი ჯერ კიდევ საიდუმლოა. მოსაზრებას ამყარებს ხელშეკრულების შესწავლის დროს გამოკვეთილი გარემოება. კერძოდ, თბილისის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირების მიზნით, პარკირების სფეროს მართვის უფლების იჯარით გადაცემის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ტექსტში და მასში შეტანილ ცვლილებებსა და დამატებებში, ხელშეკრულებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარკვეული პუნქტები გამოტოვებულია. დგინდება, რომ მხარეები ხშირ შემთხვევაში არათანაბარ პირობებში იმყოფებიან. ამის მაგალითს წარმოადგენს ნორმები, რაც შემოსავლების განაწილების საკითხს ეხება. ხელშეკრულებით,  თბილისის მერიას უნდა მიეღო პარკირების შემოსავლების 60% და დამატებითი მომსახურების შემოსავალი, ხოლო კომპანიას - პარკირების შემოსავლის 40% და დამატებითი მომსახურების შემოსავალი. ერთი შეხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ შემოსავლების დიდ ნაწილს სახელმწიფო ბიუჯეტი იღებს, მაგრამ უცნობია მერიისა და კომპანიის მიერ მისაღები თანხის რეალური თანაფარდობა. ხელშეკრულებით არ კონკრეტდება, დამატებითი მომსახურების შემოსავლად რა უნდა ჩაითვალოს. შესაბამისად, სხვა სახით გენერირებული თანხების (გარდა პარკირების საფასურისა) განაწილების საკითხი ბუნდოვანია და კითხვებს ბადებს ხელშეკრულების ფინანსურ ნაწილზე.

ამასთან, საყურადღებოა ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებებიც, რომლის თანახმადაც, კომპანიის მხრიდან გარკვეული ვალდებულებების შესრულებამ, კერძოდ, მომსახურების განსახორციელებლად ტექნოლოგიური სისტემების დამონტაჟებამ სავალდებულო ხასიათი დაკარგა. ხელშეკრულების მე-16 მუხლით, სპეციალური თანხმობის მიღებიდან 3 თვის განმავლობაში, „C.T.PARK“ ვალდებული იყო დედაქალაქის ტერიტორიაზე განეთავსებინა პარკირების საფასურის გადახდის სპეციალური მოწყობილებები. ასევე, საყურადღებოა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გახანგრძლივებაც, რაც თავის დროზე, როგორც მთლიანად ხელშეკრულება, უსაფუძვლოდ, საიდუმლო ინფორმაციას წარმოადგენდა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თბილისის მერიასა და „C.T.PARK“-ს შორის სახელშეკრულებო დავის გადაწყვეტისთვის, ყველაზე სასურველი შედეგი ხელშეკრულების კაბალური ნაწილის შეცვლაზე მხარეთა კონსესუსი და კომპანიის ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფაა. სასამართლო სისტემაში საქმეთა გადატვირთულობის გათვალისწინებით, საპროცესო ვადების გათვალისწინებით, წარმოებული დავა, შესაძლებელია,  2 წლის მანძილზე გაგრძელდეს, რაც არსებითად გასათვალისწინებელია.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის მერიასა და „C.T.PARK“-ს შორის დადებული ხელშეკრულების გასაჯაროვებას 2014 წლის მარტიდან მოითხოვს, რაც ორგანიზაციამ დოკუმენტის შესწავლა და სამართლებრივი შეფასება მოახდინა. ორგანიზაციამ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საკითხზე სარეკომენდაციო წინადადებით 2014 წლის 7 აგვისტოს მიმართა, თუმცა საკმარისი პოლიტიკური ნების არარსებობის პირობებში, „C.T.PARK“-თან გაფორმებული ხელშეკრულების გადახედვა, არ მომხდარა. 2014-2017 წლებში, ორგანიზაცია თავის არაერთ შეფასებაში აღნიშნავდა, რომ ხელშეკრულება საჯარო ინტერესების საზიანო და კაბალურია, რაც არ გამხდარა თბილისის მთავრობაში სერიოზული განსჯის საფუძველი. 



კომენტარები